სატურნის მთვარე ენცელადის ოკეანიდან ამოფრქვეულ წყალში მეცნიერებმა სიცოცხლისათვის საჭირო ყველაზე საბაზისო ელემენტები იპოვეს.
ენცელადი ყინულის სქელი ქერქით არის დაფარული, რომლის ქვეშაც გლობალური ოკეანეა. ნასას მონაცემების ახალი ანალიზებიდან ირკვევა, რომ ამ ოკეანიდან ამოფრქვეული თხევადი წყლის ჭავლები ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს.
ეს ნაერთები, რომლებიც შეიცავს აზოტსა და ჟანგბადს, გადამწყვეტ როლს თამაშობს ამინომჟავების წარმოქმნაში. ამინომჟავები კომპლექსური მოლეკულებია, რომლებიც ცილებისთვის სამშენებლო ბლოკებს წარმოადგენს. ცილების გარეშე კი, დედამიწაზე სიცოცხლე ამ სახით არ იარსებებდა.
მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ ენცელადის ზედაპირქვეშა ოკეანეში სიცოცხლისათვის საჭირო ინგრედიენტები იყო. ყინულოვან მთვარეზე სხვა ორგანული მოლეკულები მკვლევრებმა ადრეც დააფიქსირეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი წყალში დაშლილი სახით დააფიქსირეს.
ამ ფაქტს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნიშნავს იმას, რომ ეს ნაერთები ენცელადის ოკეანის სიღრმეში შესაძლოა ჩართულია ქიმიურ რეაქციებში და წარმოქმნის ამინომჟავებს.
როგორც კვლევის თანაავტორი, ფრენკ პოსტბერგი ნასას მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერს, ეს კვლევა აჩვენებს, რომ ენცელადის ოკეანეს უხვად აქვს რეაქციული სამშენებლო ბლოკები, რაც კიდევ ერთი მწვანე შუქია ენცელადის სიცოცხლისუნარიანობის კვლევებში.
ღრმა ზღვის ღრმულებში, ამ ინგრედიენტებმა შეიძლება სიცოცხლე წარმოქმნას
ენცელადის ყინულოვანი ქერქის ნაპრალებიდან გამუდმებით იფრქვევა ოკეანის წყლისა და ყინულის ჭავლები.
ახალი კვლევის ფარგლებში, ნასას მეცნიერებმა ამ ჭავლების ქიმიური შემადგენლობის ანალიზები ჩაატარეს, რის შედეგადაც რამდენიმე ახალი ორგანული ნაერთი აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგიერთი აზოტსა და ჟანგბადს შეიცავს.
კვლევის მიხედვით ნათელი ხდება, რომ ეს ნაერთები იშლება ენცელადის ზედაპირქვეშა ოკეანეში. შემდეგ ზედაპირზე ამოსულ წყალთან ერთად ორთქლდება, კონდენსირდება და იყინება მთვარის ყინულოვან ქერქში. ჭავლები ნაერთებს კოსმოსში სტყორცნის, სადაც ისინი ნასას ხომალდმა „კასინიმ“ დააფიქსირა ენცელადის თავზე გადაფრენისას.
ეს ნაერთები კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა, ენცელადს საკუთარი ვერსია აქვს იმ პროცესებისა, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლეს ქმნის.
დედამიწის ოკეანის სიღრმეებში, ზღვის წყალი ერევა ოკეანის ფსკერიდან ნაპრალებში ამობუყბუყებულ მაგმაში. ეს ურთიერთქმედება წარმოქმნის მხრჩოლავ ჰიდროთერმულ ღრმულებს, რომლებიც 370 გრადუს ცელსიუსამდეც ცხელდება.
ეს ღრმულები აფრქვევს წყალბადით მდიდარ ცხელ წყალს, კვებავს ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც ორგანულ ნაერთებს ამინომჟავებად გარდაქმნის. ამის შემდეგ, ეს ამინომჟავები ერთმანეთთან კუბიკებივით ეწყობა და წარმოქმნის ცილებს, რომლებიც გადამწყვეტია სიცოცხლის წარმომქმნელი გენეტიკური ინფორმაციის თვითწარმოებისთვის.
ამ პროცესის საშუალებით, სიცოცხლე მზის სინათლის გარეშე ვითარდება. ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან ენცელადის ყინულოვანი ზედაპირი ძლიერ ამრეკლავია და მთვარის მიერ მიღებულ ისედაც მცირე მზის სინათლეს უკან, კოსმოსში აბრუნებს. ნებისმიერი სახის სიცოცხლე, იქ სიბნელეში უნდა იყოს განვითარებული.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ენცელადის ზედაპირქვეშა ოკეანეში პოტენციური ჰიდროთერმული ღრმულები დედამიწაზე არსებულების მსგავსად უნდა მოქმედებდეს.
ახალი კვლევის ავტორის, ნოზაირ ხავაჯას განცხადებით, თუ გარემო პირობები შესაბამისია, ენცელადის სიღრმიდან წამოსული ეს მოლეკულები იქაურ ოკეანეში შეიძლება იგივე რეაქციებში იყოს ჩართული, როგორც დედამიწაზე ხდება. მისივე თქმით, უცნობია, საჭიროა თუ არა დედამიწის მიღმა სიცოცხლისთვის ამინომჟავები, მაგრამ იმ მოლეკულათა პოვნა, რომლებიც ამინომჟავებს წარმოქმნიან, უზარმაზარი ნაბიჯია ამ თავსატეხის ამოხსნისკენ მიმავალ გზაზე.
შარშან, ამავე მონაცემებში მკვლევრებმა მსგავსი ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს; მაგრამ ეს მოლეკულები წყალში ხსნადი არ იყო. მეცნიერთა აზრით, ისინი ენცელადის ოკეანის ზედაპირიან არის წამოსული.
ჰიდროთერმულ ღრმულებთან ურთიერთქმედებისა და სიცოცხლის წარმოსაქმნელად საჭიროა ამ ნაერთების ოკეანის წყალში დაშლა. მეცნიერები ამ დრომდე დარწმუნებული არ იყვნენ, იქცეოდა თუ არა ასე ენცელადის ორგანული ნივთიერებები.
კვლევის თანაავტორის, ჯონ ჰილიეს განცხადებით, ენცელადზე ბოლოსდაბოლოს იპოვეს პატარა და წყალში ხსნადი ორგანული სამშენებლო ბლოკები — დედამიწაზე სიცოცხლისთვის საჭირო ამინომჟავებისა და სხვა ინგრედიენტების პოტენციური წინამორბედები.
„კასინის“ მონაცემებში კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი
ორივე აღმოჩენის შემთხვევაში, მეცნიერებმა გამოიყენეს ნასას ხომალდ „კასინის“ მიერ შეგროვებული მონაცემები. ეს ხომალდი 1997 წელს გაუშვეს და 13 წლის განმავლობაში იკვლევდა სატურნსა და მის მთვარეებს.
ნასამ Ხომალდი 2017 წლის 15 სექტემბერს, მიზანმიმართულად გაანადგურა სატურნის ატმოსფეროში, რათა თავიდან აეცილებინა ოდესმე ენცელადთან ან ტიტანთან მისი შეჯახების რისკი; ამ შემთხვევაში, არსებობდა საშიშროება, რომ „კასინი“ ამ მთვარეებს დედამიწისეული მიკრობებით დააბინძურებდა. ტიტანი სატურნის ყველაზე დიდი მთვარეა, რომელზეც ასევე შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე.
სწორედ „კასინიმ“ აღმოაჩინა, რომ ენცელადის ზედაპირქვეშ არსებობს მლაშე წყლიანი გლობალური ოკეანე, ასევე გადაიღო ამ ოკეანიდან ამოფრქვეული ჭავლები. ამ ჭავლებში ხომალდმა 2008 წელს გაიფრინა და მონაცემებიც შეაგროვა.
მის მიერ შეგროვებული მონაცემები იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ მეცნიერებს რამდენიმე წელიწადის განმავლობაში კიდევ მოუწევთ მათი შესწავლა.
გარდა ამისა, ნასა ასევე გეგმავს ხომალდის გაშვებას სატურნის მთვარე ტიტანზე, რომელიც არამიწიერი სიცოცხლის ძებნის კიდევ ერთი სამიზნეა. ცნობილია, რომ ტიტანზე უხვად არის ორგანული ნივთიერებები. ამ მისიის ფარგლებში, 2026 წელს ტიტანზე ბირული საწვავზე მომუშავე დრონი, სახელად „დრაგონფლაი“ გაეშვება. ხომალდი ტიტანზე 2034 წელს ჩაფრინდება და არამიწიერი სიცოცხლის ძიებას შეუდგება.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.