სატურნის მთვარე ენცელადის ოკეანე სიცოცხლის არსებობისთვის შესაფერისი ასაკისაა - ახალი კვლევა
სატურნის მთვარე ენცელადის ოკეანე სიცოცხლის არსებობისთვის შესაფერისი ასაკისაა - ახალი კვლევა

სატურნის ბუნებრივი თანამგზავრი ენცელადი სქელი ყინულოვანი საფარის ქვეშ ვრცელ ოკეანეს მალავს.

ეს ოკეანე დაახლოებით მილიარდი წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ბრწყინვალე ასაკი აქვს, რათა იქ სიცოცხლე გაჩენილიყო. ამის შესახებ ნასას მეცნიერმა მარკ ნევემ 2019 წლის ასტრობიოლოგიის მეცნიერების კონფერენციაზე ისაუბრა.

ენცელადის ოკეანის ასაკის დასადგენად, ნევემ და მისმა კოლეგებმა კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს. სიმულაციები ხომალდ „კასინის“ მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე შექმნეს. ნასას ეს ხომალდი სატურნის გარშემო 13 წლის განმავლობაში მოძრაობდა.

„კასინის“ ერთ-ერთ უმთავრეს აღმოჩენას შორის იყო ენცელადის ოკეანე, რომელიც სავსეა ჰიდროთერმული ხვრელებით.

ნევეს განცხადებით, საოცარია, რომ ასეთ პატარა ენცელადს ოკეანე დღემდე აქვს, თანაც აქტიური.

თუმცა, ამ ციცქნა მთვარეს არა მხოლოდ ოკეანე აქვს, არამედ სიცოცხლისთვის საჭირო გარემოც, მათ შორის ქიმიური ენერგიისა და ისეთ გადამწყვეტ ელემენტთა წყაროები, როგორებიცაა ნახშირბადი, აზოტი, წყალბადი და ჟანგბადი. ნევე აღნიშნავს იმასაც, რომ სიცოცხლისთვის საჭიროა კიდევ ერთი განზომილება — დრო.

მაგალითად, თუ ოკეანე ძალიან ახალგაზრდაა, თუნდაც მხოლოდ სულ რამდენიმე მილიონი წლის, დიდი ალბათობით ეს დრო საკმარისი არ არის ზემოთ ნახსენებ ელემენტთა შესარევად და სიცოცხლის აღმოსაცენებლად. გარდა ამისა, ეს დრო მცირეა იმითვისაც, რათა სიცოცხლის ნიშნები იქ იმდენად გავრცელებულიყო, რომ ადამიანებმა დავაფიქსიროთ.

მეორე მხრივ, როგორც ნევე აღნიშნავს, თუ ოკეანე ძალიან ძველია, შეიძლება უკვე შეჩერებულია სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭირო ქიმიური რეაქციები.

მისივე თქმით, ენცელადის ოკეანეში უკვე მთლიანად დაშლილი იქნება ის ელემენტები, რომელთა დაშლაც სიცოცხლისთვის აუცილებელია, უკვე წარმოქმნილი იქნება ყველა მინერალი, რომელიც უნდა წარმოქმნილიყო. ამიტომ, ენცელადს უკვე მიღწეული უნდა ჰქონდეს ეკვილიბრუმისთვის.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენცელადის ოკეანეს შესაძლოა, ბრწყინვალე ასაკი აქვს სიცოცხლის არსებობისთვის.

ენცელადის ოკეანის ასაკის დასადგენად ნევემ და მისმა ჯგუფმა დაახლოებით 50 სიმულაცია ჩაატარეს. „კასინის“ მონაცემებზე დაყრდნობით, სიმულაციებში ჩართეს სხვადასხვა პარამეტრი, ისეთი დეტალები, როგორებიცაა სატურნის სხვა მთვარეების ორბიტები, ენცელადის ქანების რადიოაქტიურობა.

სიმულაციამ, რომელმაც საუკეთესოდ გაიმეორა ამ ყინულოვანი მთვარის ამჟამინდელი გარემო, მიუთითა, რომ ენცელადის ოკეანის ასაკი მილიარდი წელიწადია.

ნევე აღნიშნავს, რომ სიმულაციაში გარკვეული უზუსტობები ნამდვილად არის. ის და მისი ჯგუფი ამჟამად მათ დახვეწაზე მუშაობენ, რათა ენცელადის ოკეანის ასაკი უფრო დიდი სიზუსტით დაადგინონ. ამის ცოდნა კი გადამწყვეტია იქამდე, ვიდრე იქ სიცოცხლის ძებნას დავიწყებთ.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.