სატურნის მთვარე ენცელადზე 10 000 კმ სიმაღლის გეიზერი დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
სატურნის მთვარე ენცელადზე 10 000 კმ სიმაღლის გეიზერი დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

თითქმის 20 წლის წინ, კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“ სატურნის მთვარე ენცელადიდან ამოფრქვეული წყლის ორთქლის ჭავლები დააფიქსირა; მას შემდეგ, ეს ყინულით დაფარული, ოკეანის მქონე ბუნებრივი თანამგზავრი ძლიერ აქტუალური თემა გახდა.

ახლახან, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ენცელადზე ამოფრქვეული უდიდესი ჭავლი დააფიქსირა. როგორც ტელესკოპის საოცრად მგრძნობიარე თვალმა გაზომა, წყლის ორთქლი კოსმოსში სულ მცირე 10 000 კილომეტრზე იფრქვევა. ეს მაჩვენებელი თავად ენცელადის ზომას დაახლოებით 20-ჯერ აღემატება და მეცნიერებს უპრეცედენტო ცნობას აწვდის იმის შესახებ, თუ როგორ ამარაგებს ამ მთვარის გეიზერები მასალით სატურნის ყინულოვან რგოლებს.

„როდესაც მონაცემებს ვუყურებდი, პირველად ვიფიქრე, რომ რაღაც შეცდომასთან გვქონდა საქმე, რადგან იმდენად შოკისმომგვრელი იყო ამ მთვარის დიამეტრზე 20-ჯერ დიდი ჭავლის ხილვა. ის იმაზე გაცილებით შორს ვრცელდებოდა, ვიდრე წარმოდგენაც კი შეგვეძლო“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის პლანეტური მეცნიერი ჯერონიმო ვილიანუევა.

2005 წელს კასინის მიერ გეიზერების დაფიქსირებამ შეცვალა ყველაფერი, რასაც ამ ცივ მთვარეზე ვფიქრობდით: ისინი იმის დასტური იყო, რომ ენცელადი სულაც არ არის მყარი, გაყინული ბურთი, ვიდრე იქამდე ვფიქრობდით; გეიზერები მიუთითებდა, რომ მისი სქელი ყინულის ქერქის ქვეშ გლობალური თხევადი ოკეანე იმალება, რომელსაც სითხევადეს უნარჩუნებს სატურნთან გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად მუდმივი შეკუმშვა-გაწელვა.

სადაც თხევადი წყალია, შეიძლება სიცოცხლეც იყოს.

ეს კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, რადგან სულაც არ არის ადვილი ასე შორეულ სხეულზე, კილომეტრობით სისქის ყინულის ქვეშ ჩასვლა და შემოწმება, არის თუ არა იქ რაიმე ცოცხალი ორგანიზმი. თუმცა, ენცელადი სხვა მიზეზის გამოც არის საინტერესო — იმ წვლილის, რაც მას სატურნის რგოლების სისტემაში შეაქვს.

2011 წელს, მეცნიერებმა ჰერშელის ინფრაწითელი ობსერვატორიის გამოყენებით აღმოაჩინეს, რომ ენცელადი წყალს კოსმოსში უმისამართოდ არ აფრქვევს. მისი გეიზერები წარმოქმნიან მიკროსკოპული გაყინული ნაწილაკების, ძირითადად წყლის ყინულის დიფუზიურ, ბუნდოვან, დონატის ფორმის რგოლს, ანუ ტორუსს. ასევე შეიცავს გარკვეული ოდენობის სილიკატებს, ნახშირორჟანგსა და ამიაკს. ცენტრირებულია იმავე ადგილას, სადაც სატურნის E რგოლი (მეორე ყველაზე გარე რგოლი სატურნის რგოლებს შორის) და ენცელადის ორბიტა.

„ენცელადის ორბიტა სატურნის გარშემო შედარებით სწრაფია, სულ რაღაც 33 საათი. სატურნის გარშემო მოძრაობისას, მთვარე და მისი ჭავლები წყალს ისვრიან და გზადაგზა ტოვებენ თითქმის დონატის ფორმის ჰალოს. ვების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს ჭავლი არა მხოლოდ უზარმაზარია, არამედ წყალი აბსოლუტურად ყველგან არის“, — განმარტავს ვილიანუევა.

კოსმოსში წყლის ორთქლის პოვნა ძნელია, რადგან უმეტეს ტალღის სიგრძეში ის გამჭვირვალეა. თუმცა, ინფრაწითელში ორთქლი ანათებს და სწორედ ამიტომ დააფიქსირა ჰერშელის ინფრაწითელმა ობსერვატორიამ ტორუსი 2011 წელს. ჯეიმს ვებიც ინფრაწითელი ტელესკოპია, ოღონდ ჰერშელზე გაცილებით მძლავრი.

2022 წლის ნოემბერში, ჯეიმს ვები ენცელადს სულ რაღაც 4,5 წუთის განმავლობაში აკვირდებოდა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ყველაზე დიდი ჭავლის დასაფიქსირებლად, რაც კი აქამდე ენცელადიდან ამოფრქვეულთა შორის გვენახა; ეს უკვე იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, როგორ კვებავენ ჭავლები ტორუსს.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფს ჭავლის ამოფრქვევის სიჩქარის გამოთვლა შეეძლო. დაკვირვებების დროს, ენცელადი წამში 300 ლიტრის ოდენობის წყლის ორთქლს აფრქვევდა. ეს დაახლოებით ორი აბაზანის წყალია. წარმოიდგინეთ, რამხელა წყლის წნევაა საჭირო, რომ თქვენი აბაზანა ნახევარ წამში გაივსოს. ამის შემდეგ, აბაზანა ალბათ საერთოდ აღარც გექნებოდათ.

მკვლევრებმა ასევე გამოთვალეს, რომ წყლის ორთქლის დაახლოებით 30 პროცენტი ტორუსში რჩება. დანარჩენი 70 პროცენტი სატურნის დანარჩენ სისტემას ამარაგებს, მათ შორის ყინულოვან რგოლებს და სატურნის ზედა ატმოსფეროს.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჭავლები ზედმეტად დიფუზიურია (გაფანტული), რათა მათში სიცოცხლის შესაძლო მოლეკულური ნიშნები დაფიქსირდეს, რისი იმედიც მეცნიერებს მათში ხომალდის გაფრენის შემთხვევაში ჰქონდათ.

ენცელადის ზედაპირზე მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს რაღაც, რაც შეიძლება ციანიდური ნაერთი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ციანიდი მომწამლავია, სავარაუდოდ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებაში; თუ ის ენცელადის ზედაპირზეც არის, ეს ნამდვილად ძლიერ დამაინტრიგებელი ფაქტი იქნება.

დაკვირვებათა მეორე რაუნდში, ჯეიმს ვები ენცელადს უფრო დიდი ხნით მიუბრუნდება. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამით ენცელადზე შესაძლო სიცოცხლის შესახებ უფრო მეტ მინიშნებას მიიღებენ. კერძოდ, მკვლევრები მოძებნიან წყალბადის პეროქსიდს — ბიომოლეკულას, რომელსაც ფუნქციათა ფართო სპექტრი აქვს.

„ენცელადი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ობიექტია და ძირითადი სამიზნე კაცობრიობის მიერ არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში. მას შემდეგ, რაც NASA-ს ხომალდმა კასინიმ ენცელადს პირველად შეხედა, საოცარი აღმოჩენები არ წყდება“, — ამბობს გეოქიმიკოსი კრისტოფერ გლაინი.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია NASA-ს ვებგვერდზე.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.