ჯეიმს ვებმა იუპიტერის პოლარული ციალის ახალი დეტალები გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა იუპიტერის პოლარული ციალის ახალი დეტალები გადაიღო — #1tvმეცნიერება

სრულიად შესაფერისია, რომ პლანეტების მეფედ წოდებული იუპიტერი გვირგვინს ატარებდეს — თანაც რა გვირგვინს!

მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, გიგანტურ პლანეტებს მთელ მზის სისტემაში ყველაზე ძლიერი პოლარული ციალი აქვთ — მუდმივად მანათობელი ქუდები ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან, რომლებიც უხილავ ტალღის სიგრძეებში ანათებენ, ულტრაიისფერში, ინფრაწითელში და ხანდახან რენტგენულშიც.

ბოლო წლებში, ყველაზე მოწინავე ინსტრუმენტებით დაკვირვებებმა გიგანტურ პლანეტათა მრავალი საიდუმლო გამოააშკარავეს, მათ შორის, უხილავი ციალები, მაგრამ შესასწავლი ჯერ მაინც ბევრი რამ რჩება. მსოფლიოს ყველაზე მძლავრმა კოსმოსურმა ტელესკოპმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია — 2023 წლის 25 დეკემბერს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ჩატარებულმა დაკვირვებებმა გამოავლინა მახასიათებლები, რომლებიც ასტრონომებს იქამდე არასოდეს ენახათ.

„ნამდვილი საშობაო საჩუქარი იყო, უბრალოდ გაოგნებული დავრჩი. გვსურდა გვენახა, რამდენად სწრაფად იცვლება ციალები, ველოდებოდით, რომ ის უცბად გაუჩინარდებოდა, სადღაც 25 წუთში. ამის ნაცვლად დავინახეთ შუქით მბრწყინავი და ელვარე ციალის მთელი რეგიონი, რომელიც ზოგჯერ წამებში იცვლებოდა“, — ამბობს ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯონათან ნიკოლსი.

იუპიტერი

პოლარული ციალი იუპიტერზეც იმავე გზით წარმოიქმნება, რითაც დედამიწაზე.ნაწილაკები პლანეტის მაგნიტოსფეროში შედიან და პოლუსებისკენ მიმავალ გზაზე უდიდეს სისწრაფემდე ჩქარდებიან. პოლუსებთან ატმოსფეროში გროვდებიან, სადაც ხდება მათი მაიონიზებელი ურთიერთქმედებები ატმოსფერულ ნაწილაკებთან, რაც ნათებას წარმოქმნის.

დედამიწაზე ეს ნაწილაკები ძირითადად მზიური წარმოშობისაა; სწორედ ამიტომ ვხედავთ ყველაზე ძლიერ პოლარულ ციალს მზის განსაკუთრებით ძლიერი ამოფრქვევებისას — მაგალითად, კორონული მასის ამოფრქვევებისას ან ძლიერი მზის ქარებისას.

იუპიტერი

ასე ხდება იუპიტერზეც, მაგრამ მისი ციალების ძირითადი წყარო მასთან გაცილებით ახლოს მდებარეობს – მისი ვულკანური თანამგზავრი იო, რომელიც გამუდმებით აფრქვევს გოგირდის დიოქსიდს. ეს გაზი უზარმაზარ ტორუსს წარმოქმნის, რეზერვუარს, რომელიც გამუდმებით კვებავს პლანეტის პოლარულ ციალებს.

ერთ-ერთი მოლეკულა, რომელიც იუპიტერის ატმოსფეროში ინფრაწითელ ნათებას წარმოქმნის, არის წყალბადის სამატომიანი კათიონი (H3+) — დამუხტული იონი, რომელიც წყალბადის სამი ატომისგან შედგება.

წყალბადის სამატომიანი კათიონებით შესაძლებელია პოლარული ციალის ენერგიის მარაგის შესწავლა; ამიტომ, ნიკოლსმა და მისმა კოლეგებმა ჯეიმს ვების დაკვირვებები გამოიყენეს იუპიტერის ციალის ქცევის შესასწავლად; ემისიის კონტექსტუალიზაციისთვის კი გამოიყენეს იმავე პერიოდში ჰაბლის მიერ ჩატარებული ულტრაიისფერი დაკვირვებები.

„უცნაურია, მაგრამ ვების მიერ დაფიქსირებულ ყველაზე კაშკაშა სინათლეს რეალური ანალოგი არ გააჩნდა ჰაბლის სურათებში. ამან ნამდვილი თავსატეხი გაგვიჩინა“, — ამბობს ნიკოლსი.

მისი განცხადებით, იმისათვის, რათა სიკაშკაშის ის კომბინაცია გამოიწვიოს, რაც ვებისა და ჰაბლის ფოტოებზე ჩანს, საჭირო იყო აშკარად შეუძლო კომბინაცია ძლიერ მაღალი ოდენობით დაბალენერგიული ნაწილაკებისა, რომლებიც ატმოსფეროს ურტყამენ — მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ ხდება ეს.

იუპიტერზე მართლაც ბევრი უცნაური რამე ხდება, რომელთა ახსნაც არ გაგვაჩნია. თუმცა, მძლავრ ტელესკოპთა მუდმივად მზარდი არსენალით, მეცნიერები იუპიტერის თავსატეხებს თანდათან ხსნიან.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esawebb.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.