იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ნახშირორჟანგი დააფიქსირეს, რომელიც ზედაპირქვეშა ოკეანიდან მოდის — #1tvმეცნიერება
იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ნახშირორჟანგი დააფიქსირეს, რომელიც ზედაპირქვეშა ოკეანიდან მოდის — #1tvმეცნიერება

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, იუპიტერის თანამგზავრ ევროპას მეცნიერებმა ნახშირორჟანგი დააფიქსირეს, რომელიც რომელიც მისი ყინულოვანი ქერქის ქვეშ მდებარე ვრცელი ოკეანიდან მოდის. აღმოჩენა პოტენციურად ზრდის იმის შანსს, რომ ამ ოკეანეში შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს.

მეცნიერებმა დაზუსტებით იციან, რომ ევროპას ყინულით დაფარული ზედაპირის ქვეშ, კილომეტრების სიღრმეში, მლაშე წყლის უზარმაზარი ოკეანეა. სწორედ ამიტომ, იუპიტერის ეს მთვარე მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის არსებობის ძირითადი კანდიდატია.

თუმცა, რთულია იმის დადგენა, არის თუ არა ამ დახურულ ოკეანეში სიცოცხლისთვის საჭირო ქიმიური ელემენტები.

ევროპას ზედაპირზე სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი საშენი მასალა, ნახშირორჟანგი აქამდეც იყო დაფიქსირებული, მაგრამ უცნობი რჩებოდა, მოდის თუ არა ის ზედაპირქვეშა ოკეანიდან.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ჯეიმს ვების ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელი სპექტრომეტრის მონაცემები გამოიყენეს, რათა ევროპას ზედაპირზე CO2-ის განაწილება რუკაზე დაეტანათ.

CO2-ის უმეტესობა დაფიქსირდა 1800-კილომეტრის სიგანის ზონაში, რომელსაც ტარე-რეჯიოს უწოდებენ და სადაც უხვადაა ე. წ. ქაოსური რელიეფი, დაკბილული ქედებითა და ბზარებით.

უცნობია, ზუსტად რა წარმოქმნის ამ „ქაოსურ ზედაპირს“, მაგრამ ერთი თეორიის მიხედვით, ოკეანიდან ამომავალი თბილი წყალი ზედაპირის ყინულს ადნობს, რომელიც დროთა განმავლობაში ხელახლა იყინება და ახალ, არათანაბარ კლდეებს წარმოქმნის.

პირველ კვლევაში ვების მონაცემებით შეისწავლეს, შეიძლება თუ არა, რომ ნახშირორჟანგი ქვეშ არსებული ოკეანის გარდა რაიმე სხვა წყაროდანაც წამოსულიყო, მაგალითად, მეტეორიტის დაცემის შედეგად.

კვლევის ავტორი, კორნელის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი სამანტა ტრუმბო აღნიშნავს, საბოლოოდ დადგინდა, რომ ნახშირბადი წიაღიდან მოდის, დიდი ალბათობით, ოკეანიდან.

თუმცა, მკვლევრები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ნახშირბადი შეიძლება პლანეტის წიაღში არსებული კლდის მსგავსი კარბონატი მინერალებისგან მოდიოდეს, რომელსაც რადიაცია შლის და CO2-ად გადააქცევს.

ტარა-რეჯიოში ასევე დაფიქსირებულია სუფრის მარილი, რის გამოც, ეს რეგიონი გაცილებით უფრო ყვითელია, ვიდრე დანარჩენი ევროპა. მეცნიერთა აზრით, ეს მარილიც სავარაუდოდ ოკეანიდან მოდის.

„ახლა უკვე გვაქვს მარილი, CO2 და ამიტომ, უფრო მეტს გავიგებთ ევროპას შიდა ქიმიური შემადგენლობის შესახებ“, — ამბობს ტრუმბო.

ვების მონაცემებით ჩატარებულმა მეორე კვლევამაც მიუთითა, რომ ნახშირბადი ევროპის წიაღიდან მოდის.

ევროპას იდუმალი ოკეანის შესწავლას მომავალში ორი კოსმოსური მისია გეგმავს.

აპრილში გაეშვა ევროპის კოსმოსური სააგენტოს იუპიტერის მთვარეების მისია Juice, NASA-ს მისია Europa Clipper-ი კი 2024 წლის აპრილში გაეშვება.

Juice-ს პროექტის მეცნიერი ოლივერ ვიტასი ახალ კვლევებს მიესალმება და მათ „ძალიან ამაღელვებელს“ უწოდებს.

2032 წელს Juice ევროპას გადაუფრენს და ბევრ ახალ ინფორმაციას შეაგროვებს, მათ შორის, ზედაპირის ქიმიური შემადგენლობის შესახებ.

Juice ასევე შეისწავლის იუპიტერის ორ სხვა მთვარეს — განიმედეს და კალისტოს, სადაც ნახშირბადი ასევე დაფიქსირებულია.

ორივე მისიის ძირითადი მიზანი იმის გარკვევაა, არის თუ არა იუპიტერის ამ მთვარეებზე სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო პირობები. აღსანიშნავია, რომ ისინი უშუალოდ არამიწიერი სიცოცხლის არსებობის დადასტურებას ვერ შეძლებენ.

და თუკი რომელიმე სამომავლო მისია იქ სიცოცხლეს აღმოაჩენს, რაღაც ისეთს, რაც ყინულის ქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეში, ასეთ ექსტრემალურ პირობებში ცოცხლობს, ის ციცქნა რაღაც იქნება, მაგალითად, პრიმიტიული მიკრობები.

კვლევა ჟურნალ Science-ში ორ ცალკეულ პუბლიკაციად გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.