იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ოკეანეში სავარაუდოდ თავდაყირა თოვს — #1tvმეცნიერება
იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ოკეანეში სავარაუდოდ თავდაყირა თოვს — #1tvმეცნიერება

იუპიტერის სახელგანთქმული ყინულოვანი თანამგზავრის, ევროპას გარსი ნაწილობრივ შეიძლება წარმოქმნილი იყოს წყალქვეშა თოვლის მიერ, რომელიც დაბლა ჩაცვენის ნაცვლად, მაღლა ტივტივებს.

ახალი კვლევის მიხედვით, ევროპას ყინულოვან ქერქს ნაწილობრივ შეიძლება წარმოქმნიდეს „თოვლ-ჭყაპის მსგავსი ყინული“, ყინულის კრისტალების ფუმფულა შეჯგუფებები, რომლებიც დედამიწის ყინულის ფენების ქვეშაც გვხვდება. ასეთ ყინულებში თავად შელფური მყინვარებიდან გამოზრდილ ყინულებზე უფრო ნაკლები მარილი გვხვდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ევროპას ყინულოვანი საფარი შეიძლება იმაზე ნაკლებად მარილიანი იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

„ევროპას კვლევისას გვაინტერესებს ოკეანის მარილიანობა და შემადგენლობა, რადგან ისინი იმ ფაქტორებს მიეკუთვნება, რომლებიც სიცოცხლისათვის მის პოტენციურ ხელსაყრელობას განსაზღვრავენ, ანდაც სიცოცხლეს, რომელიც შეიძლება იქ იყოს“, — ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარი ნატალი ვულფენბერგერი.

ასტრობიოლოგთათვის ევროპა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ობიექტია. იუპიტერის ეს მთვარე დაფარულია 60-150 კმ სიღრმის ოკეანით, რომელსაც მაღლიდან აკრავს 15-25 კმ სისქის ყინულის ქერქი. ზომით ევროპა დედამიწის მეოთხედია, მაგრამ მის მთელ ზედაპირზე გადაჭიმულ ოკეანეში იმაზე დაახლოებით ორჯერ მეტი წყალია, ვიდრე დედამიწის ოკეანეებში. შედეგად, ეს ობიექტი ძლიერ საინტერესო ადგილია არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად.

2024 წლის ოქტომბერში NASA გაუშვებს ახალ ხომალდს, სახელად Europa Clipper-ს, რომელიც ყინულოვან მთვარეს გადაუფრენს და შეისწავლის, არის თუ არა ის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრები ამ მისიის ყინულში შეღწევად რადარულ ინსტრუმენტზე მუშაობენ, რომელიც ყინულის ფენებს მიღმა, ოკეანეში ჩაიხედავს.

მასზე მუშაობისას, მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, რა სტრუქტურა შეიძლება ჰქონდეს ევროპას ყინულის საფარს.

ანალოგისთვის დედამიწას მიმართეს და შეისწავლეს ანტარქტიდის მყინვარული საფარის ყინულის წარმოქმნის ორი ძირითადი გზა. ერთი ფორმა, სახელად მკვრივი ყინული, შელფური მყინვარის ზედაპირზე ყალიბდება.

მეორე — თოვლ-ჭყაპის მსგავსი ყინული, წარმოიქმნება ზღვის ცივ წყალში და ზედა მიმართულებით მიიწევს, შებრუნებული თოვის მსგავსად, საბოლოოდ კი ყინულის ფენის ქვეშ ექცევა.

ანტარქტიდის მსგავსად, ევროპას სავარაუდოდ ტემპერატურის დაბალი გრადიენტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღრმის მატებასთან ერთად, ტემპერატურა მცირედით იცვლება.

ვულფენბერგერის განცხადებით, ასეთ გარემო პირობებში, თოვლ-ჭყაპის მსგავსი ყინული საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით იმ წერტილებში, სადაც ყინული თხელდება, ნაპრალებში. თუ ასეთი ყინული ევროპაზეც უხვადაა, შეიძლება დიდი სხვაობა მოგვცეს ამ მთვარის ყინულის გარსის შემადგენლობაში.

თუკი მკვრივი ყინული შეიძლება მიმდებარე ზღვის წყლის მარილის 10 პროცენტს შეიცავდეს, თოვლ-ჭყაპის მსგავსი ყინული გაცილებით სუფთაა და შეიცავს მისი წარმომქმნელი ზღვის წყლის მარილის მხოლოდ 0,1 პროცენტს.

ასე დაბალმარილიანი ყინული შეიძლება გავლენას ახდენდეს არა მხოლოდ ევროპას ყინულის ქერქის სტრუქტურასა და სიმტკიცეზე, არამედ იმაზეც, რამდენად კარგად შეაღწევს ყინულში Europa Clipper-ის რადარი.

კვლევა ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.