აღმოჩენილია ქარვაში ჩაჭედილი უძველესი, დინოზავრების ეპოქის გველი
აღმოჩენილია ქარვაში ჩაჭედილი უძველესი, დინოზავრების ეპოქის გველი

არქეოლოგებმა მიანმარში აღმოაჩინეს ქარვის ნატეხი, რომელშიც მოთავსებულია 99 მილიონი წლის წინ ჩაჭედილი პატარა გველი.

ცარცული პერიოდის გველის ნამარხი საკმაოდ პატარაა — სიგრძეში 4,75 სანტიმეტრია, არ აქვს თავი და შედგება 97 ძვლისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს გველი ახალშობილია, გამოირჩევა მრავალი ისეთი მახასიათებლით, რაც ამ სახის ნამარხ გველებში აქამდე არასოდეს გვინახავს“, — უთხრა გამოცემა LiveScience-ს ალბერტას უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა მაიკლ კალდუელმა.

მისი თქმით, Xiaophis-ი (ასე უწოდეს ნამარხის სახეობას) კარგად ჯდება გველების საგვარეულო ხის საძირკველში და უძველეს გველთა ჯგუფში.

ახალ სახეობას მკვლევრებმა Xiaophis myanmarensis-ი უწოდეს და მიაჩნიათ, რომ ის ენათესავება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამჟამად გავრცელებულ გველებს.

მაიკლ კალდუელის განცხადებით, ნათელია, რომ ეს პატარა გველი ტყიან გარემოში ბინადრობდა, სადაც მრავლად იყო მწერები და მცენარეები, რადგან ქარვის ნატეხში ისინიც არის ჩაჭედილი.

„ჩვენს ხელთ არის არა მხოლოდ პირველი ახალშობილი გველი, არამედ ტყის ბინადარი ნამარხი გველის პირველი აშკარა მტკიცებულება“, — ამბობს კალდუელი.

როგორც იგი განმარტავს, ახალშობილი გველის ეს ნამარხი ერთ-ერთი უძველესია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის და მრავალ საინტერესო კითხვას წარმოშობს.

„უცნობია, ეს ადრეული გველები ცოცხალმშობნი იყვნენ თუ კვერცხიდან იჩეკებოდნენ. არც ის ვიცით, ქარვის წებოვან მასაში კვერცხი ჩავარდა და პატარა გველი იქ ისე აღმოჩნდა თუ უშუალოდ ჩაიჭედა“, — უთხრა კალდუელმა National Geographic-ს.

მიამნარი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დედამიწის უძველეს ბინადართა ქარვაში ჩაჭედილი ნამარხების საპოვნელად. ივნისში მკვლევრებმა აღმოაჩინეს ამავე პერიოდის ბაყაყი, რაც ტროპიკულ ტყეებში ბაყაყების გავრცელების პირველი უძველესი მტკიცებულება გახდა.

ასევე აღმოჩენილია მიანმარში ნაპოვნ ქარვის ნატეხებში ჩაჭედილი უძველესი ფრინველები, ქამელეონი, ვამპირი ჭიანჭველა და პატარა ბუმბულებიანი დინოზავრის კუდიც კი.

ქარვის ის ნატეხი, რომელშიც ახალშობილი გველი აღმოაჩინეს, ასევე შეიცავდა ქერცლის ნარჩენებს. მეცნიერთა აზრით, ის უფრო დიდი გველის უნდა იყოს. მაგრამ უცნობია, იყო თუ არა ისიც იგივე სახეობის.

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ მიანმარის ქარვის საოცარი აღმოჩენები კვლავ გაგრძელდება.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია LiveScience-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.