აღმოჩენილია ქარვაში განმარხებული ყველაზე პატარა დინოზავრის თავის ქალა ისტორიაში
აღმოჩენილია ქარვაში განმარხებული ყველაზე პატარა დინოზავრის თავის ქალა ისტორიაში

ასი მილიონი წლის წინ, მეზოზოური ხანის შუაგულში, დედამიწაზე უამრავი სახეობის დინოზავრი ბინადრობდა — გიგანტური, გრძელკისერა ზავროპოდებიდან დაწყებული, ერთი ციცქნა, კოლიბრის მსგავსი დინოზავრებით დამთავრებული.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პალეონტოლოგები ახლა უკვე ფიქრობენ, რომ მეზოზოური ხანის ყველაზე ციცქნა დინოზავრი იმაზე უფრო მინიატურული იყო, ვიდრე დღევანდელი ყველაზე პატარა ფრინველი — ფუტკარი-კოლიბრი (Mellisuga helenae).

ჩრდილოეთ მიანმარში აღმოჩენილ 99 მილიონი წლის წინანდელ ქარვის ნატეხში გაქვავებული ახალი სახეობის დინოზავრის თავის ქალა სიგრძეში მხოლოდ 7,1 მილიმეტრია.

„პალეონტოლოგისთვის ის იმდენად უცნაურია, რომ როდესაც პირველად დავინახე, ვერ ვიჯერებდი. Ამ დრომდე მსგავსი არაფერი გვენახა“, — ამბობს მკვლევარი ჯინგამი ო’კონორი.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოჩენას Oculudentavis khaungraae უწოდა, რაც „თვალკბილა ჩიტს“ ნიშნავს და სახელი მის შესახედაობას ამართლებს.

პატარა დინოზავრის ყბებზე განლაგებული პატარა წვეტიანი კბილები. კოვზის მსგავს ფოსოებში ჩასმული ცხოველის ორი ამობერილი თვალი ბუდეებიდან მთლიანად გარეთ უნდა ყოფილიყო გადმოკარკლული.

პირდაპირ რომ ითქვას, ის იმდენად უცნაურია, რომ მთლად არც ფრინველს ჰგავს და არც დინოზავრს. თუმცა, არსებობს გარკვეული ხელჩასაჭიდი მახასიათებლები, რომლებმაც მის შესახებ შეიძლება ცოტა მეტი რამ გვითხრას.

მაგალითად, კბილები კბილებით ის ცხადია მსხვერპლს ჭამდა. თვალის ფოსების ღიობები საკმაოდ ვიწროა, რაც ნიშნავს, რომ ისინი სინათლეს ზღუდავდა, ეს კი მიუთითებს, რომ ეს არსება დღისით იყო აქტიური.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დინოზავრი ასე პატარაა, მისი ძვლები უცნაურად მტკიცე და ძლიერია.

ო’კონორის განცხადებით, ის ფაქტი, რომ თავის ქალა ასე შერეულია, აქვს ბევრი კბილები, საკმაოდ დიდი თვალის ფოსოები, მიუთითებს, რომ მიუხედავად ციცქნა ზომისა, ის მტაცებელი იყო და სავარაუდოდ, პატარა მწერებით იკვებებოდა.

ყველა ეს გარემოება Oculudentavis-ს ცალკეულ კატეგორიად წარმოაჩენს და არა თანამედროვე კოლიბრების მონათესავედ, რადგან ეს უკანასკნელნი ყვავილების ნექტრით იკვებებიან და მწერებზე არ ნადირობენ.

ჯგუფის აზრით, Oculudentavis-ის წონა ორი გრამი უნდა ყოფილიყო და ზომით დღეისათვის ჩვენთვის ცნობილ უძველეს, ყველაზე პატარა ნამარხი ფრინველის ერთი-მეექვსედი; მრავალ ასეთ ნამარხში კბილები საერთოდ არ გვხვდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პალეობიოლოგ როჯერ ბენსონის განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ გვიანდელ იურულ პერიოდში (გრძელდებოდა 201-145 მლნ წლის წინ) გაჩენის შემდეგ, ფრინველებმა უკვე მიაღწიეს მინიმალურ ზომებს. Მაშინ, როცა ყველაზე პატარა დინოზავრის მასა ასობით მეტი იყო.

შესაძლებელია, რომ Oculudentavis ერთ-ერთი ის ცხოველია, რომელიც დინოზავრებსა და ფრინველებს შორის გარდამავალ ეტაპზე დგას.

ბენსონის განცხადებით, ძნელია იმის თქმა, ეს პატარა არსება უფრო ფრინველია თუ უფრო დინოზავრი. მისი აზრით, ის დგას ევოლუციური ხის შუაგულში ცარცული პერიოდის ფრინველებსა და არქეოპტერიქსს შორის; ეს უკანასკნელი იურული პერიოდის სახელგანთქმული დინოზავრია.

გარდა ამ არსების უცნაური ფორმის, ზომის, კბილებისა და თვალის ფოსოებისა, არის კიდევ ერთი უცნაური მახასიათებელი, რომელიც არც დინოზავრებში გვხვდება და არც ფრინველებში. საქმე ის არის, რომ ის უფრო ხვლიკს ჰგავს.

„თითქმის ყველა ეს ოჩვეულო მორფოლოგიური მახასიათებელი შეიძლება მივაწეროთ მინიატურიზაციის ეფექტს“, — წერენ მკვლევრები.

მაგალითად, ავიღოთ Oculudentavis-ის თავის ორივე მხარეს გადმოკარკლული თვალები. ფოსოების მდებარეობა და ზომა სავარაუდოდ წარმოადგენს „თვალების გაზრდის ალტერნატიულ სტრატეგიას ორბიტის ზომის ზრდის გარეშე“.

სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ციცქნა არსება მოკლებული იყო ბინოკულარულ ხედვას, რაც მტაცებლების უნიკალური მახასიათებელია.

ასეთ ციცქნა ორგანიზმთა განმარხებისა და შენახვის ერთადერთი გზა ალბათ სწორედ ქარვაში ჩაჭედვა იყო. ამ ზომის არსებათა რბილი ქსოვილები და მყიფე ჩონჩხი სხვა დანალექებში დიდხანს ვერ ძლებს და შესაბამისად, მინიატურიზაციის შესასწავლად ქარვა იდეალური ადგილია.

ქარვა უძველეს მცენარეთა გაქვავებული წვენია. მის გაქვავებულ ნატეხებში პრეისტორილ არსებებს მეცნიერები ხშირად პოულობენ. მილიონობით წლის წინ, ისინი მცენარეების ბლანტ, წებოვან წვენში ეწებებოდნენ და იჭედებოდნენ; დროთა განმავლობაში ეს წვენი ქარვად გაქვავდა და ეს არსებებიც მასთან ერთად, თითქოს დროში გაშეშდნენ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.