ყვავები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ხელსაწყოების ფასეულობის აღქმაც აქვთ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ყვავები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ხელსაწყოების ფასეულობის აღქმაც აქვთ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, ყვავებსაც ზუსტად ისევე შეუძლიათ საკუთარი ხელსაწყოებისთვის ფასეულობის მინიჭება, როგორც ჩვენ.

„მრავალი ჩვენგანი თავს ვევლებით ახალ ტელეფონს, რომ არ დაგვივარდეს, გაგვეკაწროს ან არ დავკარგოთ, მაგრამ გაბზარული ეკრანის მქონე ძველ ტელეფონზე შეიძლება სულ არ ვდარდობდე“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის ქცევითი ეკოლოგი ბარბარა კლამპი.

ახალკალედონიური ყვავები (Corvus moneduloides) იმდენად განთქმული არიან სიჭკვიანით, რომ მეცნიერები მათ მოდელ სახეობად იყენებენ, რათა გაარკვიონ ხელსაწყოთა გამოყენების ევოლუცია და მასთან დაკავშირებული ქცევები, მაგალითად, დაგეგმვა.

ამ ჭკვიან ყვავებს შეუძლიათ ნაპოვნი ობიექტები არა მხოლოდ იარაღებად გამოიყენონ, არამედ შეუძლიათ ფორმა მისცენ ან ააწყონ სხვადასხვა, ცალ-ცალკე უსარგებლო ნაწილებისგან; ასეთი რამ ადრე მხოლოდ პრიმატებში იყო შემჩნეული.

ველურ ბუნებაში ისინი იარაღად ერთწლიან ყლორტებს იყენებენ, ფრთხილად იჭერენ ნისკარტით, ხის ნაპრალებში ყოფენ და იქიდან მატლების ამოყვანას ცდილობენ. თავდაცვის მიზნით, მატლები ამ ხელსაწყოს კბენენ, ყვავები კი ამით სარგებლობენ, ამოჰყავთ და ჭამენ. თუმცა, ჭამის დროს ყვავმა ამ ხელსაწყოს ნისკარტი უნდა გაუშვას, რა დროსაც ის შეიძლება დაბლა ჩავარდეს ან მოჰპარონ კიდეც.

ექსპერიმენტული ცდებისთვის მკვლევრებმა ველურ ბუნებაში დაჭერილი 27 ყვავი გამოიყენეს; ფრინველებს არანაირი წვრთნა არ გაუვლიათ და შესაბამისად, შედეგები მიკერძოებული ვერ იქნება.

მას შემდეგ, რაც ყვავებს ორი ტიპის ხელსაწყო შესთავაზეს, მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ეს ფრინველები ძლიერ უპირატესობას ანიჭებდნენ მოკაუჭებულ წკირებს.

„მოკაუჭებული იარაღების მოპოვება ძნელია, მაგრამ ისინი გაცილებით ეფექტიანია. ყვავებს მსხვერპლის მოპოვება ამ ხელსაწყოებით თითქმის ათჯერ უფრო სწრაფად შეუძლიათ, ვიდრე ჩვეულებრივი, სწორი წკირებით“, — ამბობს ქცევითი ეკოლოგი კრისტიან რატცი.

17 ყვავს სხვადასხვა დღეს, ორი ცდის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ორივე ცდაში მათ დაუდგეს სხვადასხვა ზომის ხვრელების მქონე კუნძები, რომლებშიც ხორცი ან ობობები იყო მოთავსებული. ერთ ცდაში მათ მოკაუჭებულ ხელსაწყოდ გამოყენებისთვის ვარგისი წკირები ჰქონდათ, მეორეში კი მხოლოდ სწორი წკირები.

„სუბიექტები უფრო შენახვის ქცევას გამოხატავდნენ (ხელსაწყოების შენახვა ფეხებქვეშ ან ხვრელებში), როდესაც მათ მიერვე დამზადებული მოკაუჭებული წკირებით მოიპოვებდნენ საკვებს, ვიდრე მაშინ, როდესაც სწორი წკირებით, ფოთლის ყუნწებით მოიპოვებდნენ“, — წერენ მკვლევრები.

ასე იყო მაშინაც, როცა მოკაუჭებულ ხელსაწყოებს მათ მკვლევრები აძლევდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თავად იარაღი იყო მინიჭებული ღირებულების მქონე სუბიექტი და არა დრო, რაც მათ მასზე დახარჯეს.

გარდა ამისა, ისინი შენახვის ყველაზე საიმედო მეთოდს — ხელსაწყოების ხვრელებში შენახვას ისინი უფრო ხშირად მოკაუჭებული ხელსაწყოების შემთხვევაში მიმართავდნენ.

„ამაღელვებელი იყო იმის ნახვა, ყვავები უფრო ფრთხილად ეკიდებიან უფრო ეფექტიან, ძნელად საშოვნელ ხელსაწყოებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ სხვადასხვა ტიპის იარაღების შედარებითი „ფასეულობის“ გარკვეული გაგება აქვთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ყორნისებრნი, მათ შორის ყორნები და ახალკალედონიური ყვავები ასევე ავლენენ წინასწარ დაგეგმვის უნარს, ლოგიკურია, რომ მათ ასევე შეუძლიათ გარკვეული ღირებულება მიანიჭონ ხელსაწყოებს, რომლებსაც ისინი პრიორიტეტულად იყენებენ.

როგორც მკვლევართა ჯგუფი შენიშნავს, მოკაუჭებულ ხელსაწყოებს ყველა ახალკალედონიური ყვავი არ ამზადებს და შესაბამისად, მათ მიერ მიღებული შედეგები შეიძლება მხოლოდ იმ პოპულაციებზე განზოგადდეს, რომლებიც ასე იქცეოდნენ. ამას გარდა, ზედმეტად პატარა იყო ნიმუშის ზომაც, რათა სრულად ამოიხსნას ზოგიერთი ცვლადი, მაგალითად, მასალის არჩევა.

თუმცა, შენახვის ასეთ ქცევას ავლენს ყვავების სულ მცირე ერთი სხვა სახეობა, ჰავაიური ყვავი (Corvus hawaiiensis).

ფრინველების უნარებს დიდხანს ვერ ვაფასებდით სათანადოდ, რადგან მათ შედარებით მცირე თავის ტვინი აქვთ. თუმცა, ფიზიოლოგიური კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ის, რაც მათ ზომაში აკლიათ, მჭიდროდ განლაგებული ნეირონებით არის კომპენსირებული.

ქცევითი კვლევები სულ უფრო ხშირად მიუთითებს, რომ ამ ფრინველებს ისეთი უნარები აქვთ, რომლებიც ერთ დროს მხოლოდ ადამიანთათვის დამახასიათებელი გვეგონა; მაგალითად, თვითკონტროლი, რაც ამტკიცებს, რომ ყველაფერი ბიოლოგიურის მსგავსად, გონებრივი შესაძლებლობებიც რთული და უწესრიგო სპექტრია, რომელიც სპონტანურად არ წარმოშობილა ჩვენი სახეობის გამოჩენისას.

კვლევა eLife-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.