თითქმის ყველა ძაღლს გენომში დღემდე აქვს მგლის დნმ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
თითქმის ყველა ძაღლს გენომში დღემდე აქვს მგლის დნმ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

პატარა, ფუმფულა ძაღლები, რომლებსაც ხშირად ხედავთ ქუჩაში, შეიძლება საყვარლები ჩანან, მაგრამ ფრთხილად — მათში შეიძლება მგელი იმალებოდეს.

ამ აღმოჩენამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ, რომლებმაც დაადგინეს, რომ ძაღლის ყველა ჯიშის თითქმის ორ-მესამედს დაფიქსირებადი ოდენობის მგლის დნმ აქვს.

ეს იმ დროინდელი გენეტიკური ნარჩენი კი არ არის, როცა ძაღლები მგლებისგან წარმოიშვნენ დაახლოებით 20 000 წლის წინ, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში, შინაური ძაღლები და მგლები ერთმანეთში მაინც ჯვარდებიან.

„ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ მგლები თქვენ სახლში მოდიან და თქვენს ძაღლთან ჯვარდებიან“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, სმიტსონის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევარი ლოგან კისტლერი.

მისი განცხადებით, ამან სავარაუდოდ გავლენა იქონია თანამედროვე ჯიშების ზომაზე, ყნოსვის სიძლიერეზე და პერსონალურობაზეც კი.

ძაღლებსა და მგლებს საერთო ნაშიერების გაჩენა შეუძლიათ, მაგრამ ასეთი შეჯვარებები იშვიათია.

„ამ კვლევამდე, მეცნიერებას მიაჩნდა, რომ იმისათვის, რათა ძაღლი იყოს ძაღლი, მასში მგლის დნმ ან საერთოდ არ უნდა იყოს, ან ძალიან ცოტა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევარი ოდრი ლინი.

მეტის გასარკვევად, ჯგუფმა შეისწავლა საჯარო მონაცემთა ბაზებში ხელმისაწვდომი ათასობით ძაღლისა და მგლის გენომი.

შედეგად დაადგინეს, რომ თანამედროვე ჯიშების 64 პროცენტზე მეტს მგელი წინაპარი ჰყავს, ციცქნა ჩიუაუასაც (ჩიხუახუა) კი დნმ-ის 0,2 პროცენტი მგლის აქვს.

მგლის ყველაზე მეტი დნმ, 40 პროცენტამდე, აღმოაჩნდათ ჩეხოსლოვაკიურ და სააროსის მგელძაღლებს.

შინაურ ძაღლთა ჯიშებს შორის ყველაზე „მგლური“ აღმოჩნდა დიდი ინგლისურ-ფრანგული სამფერა მეძებარი, დაახლოებით ხუთი პროცენტი მგლის დნმ-ით. მას მოჰყვებიან სალუკი და ავღანური მწევარი.

მიუხედავად იმისა, რომ მგლის დნმ-ის მქონე ძაღლები ტანით უფრო დიდები არიან, ყოველთვის ასე არ იყო — სენბერნარს ის საერთოდ არ აღმოაჩნდა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სოფლის ძაღლების (რომლებიც ადამიანთა დასახლებებში ცხოვრობენ, მაგრამ არ ჰყავთ პატრონი) 100 პროცენტს მგელი წინაპარი ჰყავთ.

კისტლერის ვარაუდით, სოფლის ძაღლები, რომლებსაც მგლებთან შეჯვარების უფრო მეტი შანსი აქვთ, უნდა იყოს ის, თუ როგორ ხვდებოდა მგლის დნმ ძაღლის გენოფონდში.

მათი ვარაუდით, მიუსაფარ ძაღლებთან ძირითადად ჯვარდებიან ადამიანთა საქმიანობის შედეგად, მაგალითად, ჰაბიტატის განადგურების გამო ხროვისგან გამოყოფილი ძუ მგლები.

საკუთარი აღმოჩენები მკვლევრებმა ასევე შეადარეს ტერმინებს, რომლებსაც კინოლოგიური კლუბები იყენებენ სხვადასხვა ჯიშის პიროვნული თვისებების აღსაწერად.

ჯიშები, რომლებსაც მგლის დნმ ან საერთოდ არ აქვთ, ან ცოტა აქვთ, უფრო მეტად აღიწერებოდნენ, როგორც მეგობრულები, ადვილად გასაწვრთნელი და მოსიყვარულეები.

მეორე მხრივ, მგლის მეტი დნმ-ის მქონე ძაღლები უფრო ხშირად მიიჩნეოდნენ უცხოებისადმი ეჭვიანებად, დამოუკიდებლებად, ღირსების გრძნობის მქონეებად ან ტერიტორიულებად.

კისტლერი ხაზს უსვამს, რომ ძაღლის ჯიშების აღწერა არასრულყოფილია და ვერ პროგნოზირებს რომელიმე ინდივიდუალური ძაღლის ქცევას.

„მგლები განვითარდნენ კონკრეტული ჰაბიტატებისა და კონკრეტული პირობებისთვის, ძაღლები კი ადამიანებმა მსოფლიოს ყველა კუთხეში გადაიყვანეს“, — ამბობს იგი.

მისივე განცხადებით, ძაღლები უბრალოდ იძულებული იყვნენ, მორგებოდნენ იმ ადგილებს, სადაც ადამიანები წაიყვანდნენ; მგლის გენებმა მათ გარკვეულ კონტექსტში უპირატესობები მისცა.

მაგალითად, მრავალ ტიბეტურ ჯიშს, თუნდაც როგორიცაა ფუმფულა, პატარა ლჰასა-აპსო, აქვთ გენი, სახელად EPAS1, რომელიც მაღალმთიანეთში ცხოვრებასთან შეგუებიდან მომდინარეობს. ეს გენი ტიბეტურ მგლებსაც აქვთ.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია amnh.org-ისა და Agence France-Presse-ის მიხედვით.