აღმოაჩინეს ორი ჩანთოსანი ცხოველი, რომლებიც მიიჩნეოდა, რომ 6000 წლის წინ გადაშენდნენ — #1tvმეცნიერება
კუნძულ ახალ გვინეაზე აღმოაჩინეს ჩანთოსანი ცხოველების ორი სახეობა, რომლებიც მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ სულ მცირე 6000 წლის წინ გადაშენდნენ.
რგოლკუდიანი პლანერი და ჯუჯა გრძელთითებიანი კუსკუსი, რომლებიც მეცნიერებისთვის აქამდე მხოლოდ ავსტრალიაში ნაპოვნი ნამარხებით იყო ცნობილი, ახალი გვინეის ინდონეზიურ ნაწილში, ვოგელკოპის ნახევარკუნძულზე გადაიღეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით.
სიდნეის ავსტრალიის მუზეუმის მკვლევარი ტიმ ფლანერი ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს მრავალწლიანი დეტექტიური მუშაობა მოუხდათ, რათა დაედასტურებინათ, რომ ეს ცხოველები დღემდე არსებობენ; მათ შორის იყო მრავალჯერ შემჩნევა, არასწორად იდენტიფიცირებული სამუზეუმო ეგზემპლარები და ქვენამარხი ნაშთების აღდგენა.
ბოლოდროინდელმა ფოტოგრაფიულმა მტკიცებულებებმა და ადგილობრივ საზოგადოებებთან ახლოს მუშაობამ მკვლევრებს ბოლოს და ბოლოს მისცა საშუალება დაედასტურებინათ, რომ ეს ცხოველები დღემდე არსებობენ, მაგრამ მათი ჰაბიტატი უდიდესი საფრთხის წინაშეა ტყის ჩეხვის გამო. მეცნიერებმა ცოტა რამ იციან მათი ზუსტი არეალისა და ეკოლოგიური საჭიროებების შესახებ, რაც გამოწვევებს უქმნის მათ კონსერვაციას.

ცენტრალური ქუინზლენდის უნივერსიტეტის მკვლევარი სკოტ ჰაკნალი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ ეს აღმოჩენა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტასმანიაზე ცოცხალი თილაცინის (ჩანთოსანი მგელი) პოვნა.
რგოლკუდიანი პლანერი (Tous ayamaruensis) ავსტრალიური დიდი პლანერის სახეობების ნათესავია; ეკუთვნიან Petauroides-ის გვარს. თუმცა, აქვს რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება, ყველაზე გამორჩეული კი არის მოსაჭიდი კუდი და უბეწვო ყურები, რამაც მკვლევრებს მისი ცალკე გვარად კლასფიცირებისკენ უბიძგა.
რეგიონის ზოგიერთი ადგილობრივი საზოგადოება პლანერს წმინდა ცხოველად აღიქვამს, რომელსაც უნდა მოერიდო და დაიცვა; შეიძლება სწორედ ამან განაპირობა, რომ ის ამ დრომდე უცნობი იყო მეცნიერებისთვის.
„ის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ცხოველია, ყველაზე მშვენიერი ჩანთოსანი, რომელიც ოდესმე მინახავს“, — ამბობს ფლანერი.
ჯუჯა გრძელთითებიანი კუსკუსი (Dactylonax kambuayai) ლამაზად დაზოლილი ცხოველია, რომელსაც თითოეულ ხელზე თითო თითი დანარჩენებზე ორჯერ გრძელი აქვს.
„ყურის რეგიონში მათ კიდევ ბევრი სპეციალიზაცია აქვთ, რაც დაკავშირებული უნდა იყოს დაბალი სიხშირის ბგერების დაფიქსირებასთან. სავარაუდოდ, ისინი ამით ეძებენ მერქნის მღრღნელ ლარვას, შემდეგ ხსნიან დამპალ მერქანს და მატლები ამ გრძელი თითით ამოჰყავთ“, — ამბობს ფლანერი.
ცხოველების დაფიქსირების ზუსტი ადგილი გასაიდუმლოებულია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ეს ცხოველები ველური ბუნებით მოვაჭრეების სამიზნე გახდეს.
ფლანერი მათ აფრთხილებს, რომ ასე არ მოიქცნენ.
„მათი ტყვეობაში შენახვა საოცრად რთული იქნება, რადგან მათი კვების რაციონი ძლიერ სპეციალიზებულია. ვაფრთხილებ ნებისმიერს, ვისაც შეიძლება მისი შინაურ ცხოველად ყოლა უნდოდეს — ისინი ასე დიდხანს ვერ იცოცხლებენ“.
ჰაკნალის განცხადებით, Tous-ის გვარის ნამარხები ისეთივე იდუმალია, როგორც მისი დღემდე არსებობა. ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსში აღმოჩენილია 3-4 მილიონი წლის წინანდელი კბილები, შემდეგ კი დიდი სიცარიელეა და შემდეგი ნამარხი 280 000 წლის წინანდელია ქუინზლენდში, რაც მიუთითებს, რომ უძველესი Tous-ი შედარებით უფრო გავრცელებული კუსკუსი იყო.
„ყველაზე პატარა ნამარხი სახეობა არაფრით განსხვავდება დასავლეთ პაპუაში ამჟამად აღმოჩენილი ცოცხალი Tous-ებისგან“, – ამბობს ჰაკნალი.
მისი თქმით, ჯიბის ზომის, უცნაური და დახვეწილი გრძელთითება კუსკუსი (Dactylonax kambuayai) ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც Tous-ი. ძლიერ წაგრძელებული თითით და ზომით, რომლითაც თქვენს ხელის გულზე დაეტევა, ის განსაკუთრებულ ეკოლოგიურ როლს წარმოადგენს.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.