მეცნიერებს ბეწვიანი მამონტის აღდგენა სურთ და ამის გეგმაც აქვთ — #1tvმეცნიერება
მეცნიერებს ბეწვიანი მამონტის აღდგენა სურთ და ამის გეგმაც აქვთ — #1tvმეცნიერება

შესაძლებელია თუ არა, ცხოველის გადაშენებული სახეობის აღდგენა? ერთი ბიოსამეცნიერო კომპანია ამტკიცებს, რომ მათ ეს შეუძლიათ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანია არქტიკის ტუნდრის ბეწვიანი მამონტის აღდგენას გეგმავს.

ახალი კომპანია, სახელად Colossal-ი, ჰარვარდის უნივერსიტეტის გენეტიკოსთან თანამშრომლობს და აცხადებს, რომ გადაშენებულ სახეობათა აღდგენის მის გეგმას აქვს პოტენციალი, რომ შექმნას მუშა მოდელი დაზიანებული ან დაკარგული ეკოსისტემების აღდგენისთვის.

„ისე, როგორც არასდროს აქამდე, კაცობრიობას შეუძლია მისი ტექნოლოგიების ძალა ეკოსისტემების ხელახლა შესაქმნელად გამოიყენოს, უმკურნალოს ჩვენს დედამიწას და გადაშენებულ ცხოველთა აღდგენის გზით დაიცვას მისი მომავალი“, — აღნიშნავს Colossal -ის ხელმძღვანელი ბენ ლამი.

მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ უკან დავაბრუნებთ გადაშენებულ ბეწვიან მამონტს და სხვა ასეთ სახეობებს, შესაძლებლობა გვექნება, რომ ჩვენი ტექნოლოგიები კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი, გადაშენების პირას მისული სახეობების გადასარჩენად გამოვიყენოთ და აღვადგინოთ ისეთი სახეობებიც, რომელთა ამოწყდომაშიც კაცობრიობის ხელიც ურევია.

ბეწვიანი მამონტები არქტიკის უდიდეს ნაწილში იყვნენ გავრცელებული; თანაარსებობდნენ ადრეულ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბალახისმჭამელ ცხოველებზე ნადირობისათვის ამ მამონტების ეშვებსა და ძვლებს იყენებდნენ.

სახეობა დაახლოებით 4000 წლის წინ ამოწყდა. ბოლო ათწლეულებში, მამონტების ეშვების, ძვლების, კბილებისა და ბეწვის გამოყენებით, მეცნიერება მათი დნმ-ის სეკვენირება სცადეს.

Colossal-ის განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ გაყინული ნიადაგებიდან აღებული, კარგად შენახული ნაშთებიდან აღებული დნმ-ის მიმდევრობები აზიური სპილოს გენომში შეიყვანონ და შექმნან სპილო-მამონტის ჰიბრიდი.

როგორც Colossal-ი საკუთარ ვებგვერდზე წერს, აზიურ სპილოსა და ბეწვიან მამონტს დნმ-ის შემადგენლობის 99,6 პროცენტი საერთო აქვთ.

კომპანიის თანადამფუძნებელი ჯორჯ ჩარჩი სახელგანთქმული გენეტიკოსი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გენეტიკის პროფესორია. გადაშენებულ სახეობათა აღსადგენად ის მოწინავე ტექნოლოგიების, მათ შორის CRISPR-ის გამოყენებას გეგმავს.

ბეწვიანი მამონტების ვრცელი მიგრაციები კრიტიკულად მნიშვნელოვნად არის მიჩნეული არქტიკის რეგიონის გარემოს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

Colossal-ის განცხადებით, ამ ცხოველთა აღდგენას აქვს პოტენციალი, რომ გამოაცოცხლოს არქტიკის საძოვრები, ვრცელი რეგიონი, რომელსაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის დიდი უნარი გააჩნია, მაგალითად, ნახშირბადის შთანთქმის და მეთანის ჩახშობის.

კომპანია Colossal-ი 15 მილიონ დოლარად დააფუძნა სხვადასხვა ინვესტორმა. მის მრჩევლებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები ბიოეთიკასა და გენომიკაში.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.