კანადაში 30 000 წლის წინ გაყინული ახალშობილი ბეწვიანი მამონტის ბრწყინვალედ შემონახული სხეული აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
კანადაში 30 000 წლის წინ გაყინული ახალშობილი ბეწვიანი მამონტის ბრწყინვალედ შემონახული სხეული აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე, ოქროს მაღაროში მუმიფიცირებული ბეწვიანი მამონტის პატარა ნაშიერი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მთავრობის პრესრელიზის მიხედვით, მდედრი ახალშობილი მამონტის ნამარხს „ნუნ ჩო გა“ უწოდეს, რაც ადგილობრივი ჰენის ენაზე „დიდ ახალშობილ ცხოველს ნიშნავს“.

ნუნ ჩო გა ყველაზე სრულყოფილად მუმიფიცირებული მამონტია, რაც კი ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოუჩენიათ.

ცხოველი გამყინვარების ხანაში, 30 000 წლის წინ მოკვდა და ნიადაგში გაიყინა. იმ პერიოდში, იუკონის ტერიტორიაზე მასთან ერთად ბინადრობდნენ გარეული ცხენები, მღვიმის ლომები და სტეპების გიგანტური ბიზონები.

გაყინული მამონტი გეოლოგებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ახალგაზრდა მაღაროელმა მისი ნარჩენები კლონდაიკის ოქროს ველებზე, მიწის თხრისას იპოვა.

იუკონის ხელისუფლების პალეონტოლოგის, დოქტორ გრანტ ზაზულას განცხადებით, მაღაროელმა „ჩრდილოეთ ამერიკის პალეონტოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა.

მისივე თქმით, პატარა მამონტი სავარაუდოდ დედასთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაც მომენტში მას ცოტა მოშორდა და ტალახში ჩაეფლო.

კალგარის უნივერსიტეტის პროფესორი დან შუგარის განცხადებით, რომელიც მკვლევართა იმ ჯგუფის წევრია, რომელმაც მამონტი მიწიდან ამოიღო, ამბობს, რომ ეს გახლავთ ყველაზე ამაღელვებელი სამეცნიერო რამ, რაშიც ის ოდესმე ყოფილა ჩართული.

აღწერს, რამდენად უნაკლოდ არის შემონახული მამონტი — მას ჯერ კიდევ ხელუხლებელი აქვს ფეხის ფრჩხილები, ტყავი, ბეწვი, ტანი და ნაწლავებიც კი, რომელშიც დღემდე შემორჩენილია მის მიერ უკანასკნელად ნაჭამი ბალახი.

პრესრელიზის მიხედვით, იუკონში გამყინვარების ხანის ნამარხებს ხშირად პოულობენ, მაგრამ იშვიათია ასე უნაკლოდ შემონახული ეგზემპლარები. პროფესორი ზაზულა აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც გამყინვარების ხანის პალეონტოლოგისთვის, მთელი ცხოვრების ოცნება იყო ნამდვილი ბეწვიანი მამონტის საკუთარი თვალით ხილვა.

„დღეს ეს ოცნება ამიხდა. ნუნ ჩო გა ულამაზესია და გამყინვარების ხანის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მუმიფიცირებული ცხოველი მათ შორის, რაც კი მსოფლიოში აღმოუჩენიათ“, — ამბობს ზაზულა.

ბეწვიანი მამონტები დაახლოებით აფრიკული სპილოს ზომის იყვნენ და დაახლოებით 4000 წლის წინ გადაშენდნენ. ადრეული ადამიანები მათზე ნადირობდნენ — ხორც საკვებად იყენებდნენ, ძვლებსა და ეშვებს კი ხელოვნებაში, იარაღებისთვის და საცხოვრისების ასაშენებლად. მეცნიერების აზრით, მათი გადაშენების მიზეზი ან კლიმატის ცვლილება, ან ნადირობა გახდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.