მეცნიერებმა 28 000 წლის წინ გადაშენებული მამონტის უჯრედები გააცოცხლეს
მეცნიერებმა 28 000 წლის წინ გადაშენებული მამონტის უჯრედები გააცოცხლეს

მისი სახელია იუკა — უძველესი მამონტი, რომელიც დედამიწაზე 28 000 წლის წინ ბინადრობდა. ერთ მშვენიერ დღეს ის ჩრდილოეთ ციმბირის უკაცრიელ, გაყინულ ნიადაგში ჩაიჭედა და მუმიად იქცა.

თუმცა, იუკას ამბავი მის ყინულოვან საფლავთან არ სრულდება.

მამონტის საკმაოდ კარგად შემონახული ნაშთები 2010 წელს აღმოაჩინეს. ახლახან, იაპონელმა მეცნიერებმა ამ დიდი ხნის წინ გადაშენებულ ცხოველში ბიოლოგიური აქტივობის კვალი ხელახლა გააცოცხლეს — იუკას უჯრედის ბირთვები თაგვის კვერცხუჯრედებში გადანერგეს.

კინდაის უნივერსიტეტის გენეტიკური ინჟინრის, კეი მიამოტოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დროა გასული, შესაძლებელია უჯრედის აქტივობის კვლავ განახლება და მისი ნაწილების ხელახლა შექმნა.

ამ ექსპერიმენტის ფარგლებში, იუკას ნაშთებიდან მკვლევრებმა აიღეს ძვლის ტვინი და კუნთოვანი ქსოვილი, შემდეგ კი იქიდან აღდგენილი, ყველაზე ნაკლებად დაზიანებული, უჯრედის ბირთვის მსგავსი სტრუქტურები ლაბორატორიაში, ცოცხალი თაგვის ოოციტებში (სასქესო იჯრედები) მოათავსეს.

საერთო ჯამში, მამონტის 273,5 მილიგრამი ქსოვილებიდან მათ უჯრედის ბირთვის მსგავსი 88 სტრუქტურა შეაგროვეს. მას შემდეგ, რაც ამ ბირთვების ნაწილი კვერცხუჯრედებში მოათავსეს, მოდიფიცირებულ უჯრედთა გარკვეულმა ნაწილმა უჩვენა უჯრედული აქტივობა, რომელიც წინ უსწრებს უჯრედის გაყოფას.

„აღდგენილ ოოციტებში მამონტის უჯრედის ბირთვებმა აჩვენა გარკვეული აქტივობა, მაგრამ არ დასტურდება სრული აქტივაცია, რაც უჯრედის გაყოფისთვისაა საჭირო“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევართა განცხადებით, მიუხედავად ამ შეზღუდული ბიოლოგიური აქტივობის სისუსტისა, თავად ფაქტი, რომ ეს შესაძლებელი გახდა უკვე უმნიშვნელოვანესია და მიუთითებს, რომ უჯრედის ბირთვებმა, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, 28 000 წელიწადზე მეტხანს გაძლო.

კეი მიამოტო ამ მიღწევას მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს მამონტების აღდგენისა და დაბრუნების გზაზე, მაგრამ ამავე დროს აცნობიერებს, რომ ამ მომენტამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უკეთეს პირობებში შენახულ უჯრედის ბირთვებს იპოვიან, უკვე შესაძლებელი იქნება კვლევის ახალ ეტაპზე გადაყვანა და უჯრედის გაყოფის მიღწევა.

მკვლევართა აზრით, ნაკლებ დაზიანებული ნიმუშები ჰიპოთეტურად იძლევა უჯრედის ბირთვის სხვა ფუნქციების აღდგენის საშუალებასაც, მათ შორის დნმ-ის რეპლიკაციისა და ტრანსკრიფციის.

ამავე დროს, საჭიროა უკეთესი ტექნოლოგიები. მსგავსი ექსპერიმენტი ამავე მკვლევრებმა 2009 წელსაც ჩაატარეს, თუმცა წარუმატებლად, რადგან მაშინ ამ დონის ტექნოლოგიები არ არსებობდა.

მეცნიერთა აზრით, მათმა ახალმა კვლევამ შესაძლოა შექმნას სრულიად ახალი პლატფორმა ცხოველთა გადაშენებული სახეობების უჯრედთა ბირთვებში ბიოლოგიური აქტივობების აღსადგენად. და ბოლოს, თუ ამ მხრივ პროგრესი გაგრძელდა, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, კვლავ ვიხილოთ დედამიწაზე მოსიარულე მამონტები, რომლებიც 28 000 წლის წინ გადაშენდნენ.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია AFP-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.