მექსიკაში აეროპორტის მშენებლობისას ასობით მამონტის ჩონჩხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მექსიკაში აეროპორტის მშენებლობისას ასობით მამონტის ჩონჩხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ჩრდილოეთით, ახალი აეროპორტის მშენებლობისას, ორასი უძველესი მამონტის ჩონჩხი აღმოაჩინეს; ეს გახლავთ მამონტის ძვლების უდიდესი კოლექცია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგებმა ამ ზონაში მამონტების ნაშთების არსებობა მას შემდეგ იეჭვეს, რაც აეროპორტის მშენებლობის ადგილას მიმდინარე სამშენებლო გათხრებისას ნოემბერში ადამიანების მიერ მამონტების დასაჭერად გათხრილი ორი ხაფანგი აღმოაჩინეს.

ხაფანგები პატარა ქალაქ ტულტეპეკის ნაგავსაყრელის ზონაში აღმოაჩინეს და შეიცავდა სულ მცირე 14 კოლუმბიური მამონტის ძვლებს.

ფელიპე ანხელესის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამ ხაფანგებიდან 19,3 კილომეტრში მიმდინარეობს. მაისში, არქეოლოგთა ჯგუფებმა იქ, დამშრალი ტბა შალტოკანის აუზში სულ მცირე 60 მამონტის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მას შემდეგ, მამონტთა ჩონჩხების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა და ძვლების აღმოჩენა ამ დრომდე იზრდება.

„ძალიან ბევრია ჩონჩხია, ასობით“, — უთხრა ინსტიტუტის არქეოლოგმა პედრო სანჩეს ნავამ Associated Press-ს.

ამჟამად, მშენებლობის ადგილზე მომუშავე ყოველ ბულდოზერს სპეციალური დამკვირვებელი ახლავს თან, იმ შემთხვევისთვის, თუ ტრაქტორმა მამონტის ძვლები კვლავ ამოაყოლა.

ამ დრომდე, მამონტის ნამარხების უძველესი ძეგლი სამხრეთ დაკოტაში, ჰოტ-სპრინგსში იყო აღმოჩენილი და დაახლოებით 60 მამონტის ჩონჩხს შეიცავდა.

კოლუმბიური მამონტები ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ. ისინი 4,3 მეტრი სიმაღლის იყვნენ და დაახლოებით იმდენ ხანს ცოცხლობდნენ, რამდენსაც ადამიანები — 70 – 80 წლამდე.

ევროპელი ბეწვიანი თანამოძმეებისგან განსხვავებით, ამ მამონტებს სავარაუდოდ არც ისე ბევრი თმა ჰქონდათ, რაც ჩრდილოეთ ამერიკის თბილ კლიმატთან ადაპტაციას წარმოადგენდა. გავრცელებული იყვნენ კანადიდან ნიკარაგუამდე და ჰონდურასამდე.

კოლუმბიური მამონტები დაახლოებით 13 000 – 10 000 წლის წინ ამოწყდნენ; მრავალი პალეონტოლოგი ფიქრობს, რომ ისინი პრეისტორიული ადამიანების მთავარ სანადირო ობიექტს წარმოადგენდნენ.

ეს ამ ძეგლის ის ერთ-ერთი ასპექტია, რომლის კვლევასაც არქეოლოგები იმედოვნებენ. ტულტეპეკთან თხრილებში აღმოჩენილი ზოგიერთი მამონტი ნამდვილად ადამიანთა მოკლულია, მაგრამ უცნობია, ასევე ადამიანთა დახოცილია თუ არა დამშრალი ტბის ფსკერზე აღმოჩენილი 200-ზე მეტი მამონტი.

მკვლევართა აზრით, მამონტები შეიძლება ტბის ნაპირზე ტალახში ჩაეფლნენ, შემდეგ კი შიმშილისა და სიცხისგან დაიხოცნენ.

ეს ყველაფერი სავარაუდოდ ბუნებრივად მოხდა, რადგან ტბის ბალახებსა და ლერწმებს მამონტები საკვებად უნდა მიეზიდა. თუმცა, ნავარას განცხადებით, ჩონჩხების დიდი რაოდენობა შეიძლება ასევე მიუთითებდეს ადამიანების მიერ ტბის ნაპირების წებოვნების ჭკვიანურად გამოყენებას უპირატესობის მოპოვებისათვის.

„შესაძლებელია, რომ ადამიანებმა მამონტები ტალახში მირეკეს“, — ამბობს იგი.

თუ მართლაც ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს იმაზე მეტი მამონტის დახოცვა შეეძლოთ, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. ასევე შეიძლება იყოს იმის მტკიცებულება, რომ მამონტის ხორცი ამ უძველეს ადამიანთა კვების რაციონში მთავარი პროდუქტი იყო.

თუმცა, აეროპორტის მშენებლობის ადგილას აღმოჩენილ ძვლებს ჯერ არ ემჩნევა რაიმე კვალი, რაც ადამიანთა მიერ ცხოველების დახოცვაზე მიუთითებდა.

თუ ამ ცხოველთა დახოცვაში მართლაც ადამიანები იყვნენ ჩართული, უფრო გამყარდება მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ამერიკის კონტინენტზე კოლუმბიური მამონტთა გადაშენებაში წვლილი ადამიანებმაც შეიტანეს. კიდევ ერთი თეორიიის მიხედვით, ეს არსებები გადაშენდნენ გამყინვარების ხანის დასრულების შემდეგ კლიმატის გათბობის გამო ჰაბიტატის დაკარგვის შედეგად.

პალეონტოლოგ ხოაკინ აროიო-კაბრალესის განცხადებით, შეიძლება ადგილი ჰქონდა ორივე ფაქტორს ერთად.

„ვფიქრობ, საბოლოოდ გაირკვევა, რომ მათი გადაშენება გამოიწვია კლიმატის ცვლილებისა და ადამიანთა ეფექტების კომბინაციამ“, — ამბობს იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდა, რომ დამშრალი ტბის ფსკერზე აღმოჩენილი მამონტები ადამიანების დახოცილი არ არის, სულ უფრო იზრდება იმის მტკიცებულება, რომ ამ ზონის გარშემო მოსახლე უძველესი ცივილიზაციები ცხოველების ძვლებს ხელსაწყოებად იყენებდნენ.

ამ კონკრეტული ძეგლის მიდამოებში არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს ათობით ხელსაწყო, რომლებიც სულ მცირე ნაწილობრივ არის დამზადებული მამონტის ძვლებისგან, მაგალითად, მამონტის ძვლის ტარიანი დანები.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ამ იარაღებში გამოყენებული ძვლები ყოფილი ტბის ფსკერზე აღმოჩენილი მამონტებისგან აღებული. შეიძლება ისინი სხვა მამონტებს ეკუთვნოდეს, მაგალითად, ტულტეპეკის თხრილებში აღმოჩენილებს.

დამატებითი ლაბორატორიული ანალიზები დაადგენს, რა კავშირი ჰქონდათ ადამიანებს დამშრალი ტბის ადგილას აღმოჩენილ მამონტის ძვლებთან, დახოცეს ან შეჭამეს თუ არა მათ ისინი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი