კოღოები გამოჩნდნენ მსოფლიოს იმ ერთადერთ ქვეყანაშიც, სადაც ისინი აქამდე არ იყვნენ — #1tvმეცნიერება
პირველად ქვეყნის ისტორიაში, ისლანდიაში კოღოები აღმოაჩინეს. დიდი ხნის განმავლობაში, ისლანდია მსოფლიოში კოღოებისგან თავისუფალ ერთ-ერთ ქვეყნად მიიჩნეოდა.
სამი Culiseta annulata კოღო, ორი მდედრი და ერთი მამრი დედაქალაქ რეიკიავიკიდან დაახლოებით 30 კილომეტრით ჩრდილოეთით შენიშნეს. ამის შესახებ ისლანდიის ბუნების მეცნიერებათა ინსტიტუტის ენტომოლოგი მათიას ალფერდსონი იუწყება.
„ისინი ვნახეთ ღვინის თოკებზე, რომელთა დანიშნულებაც ჩრჩილის მიზიდვა იყო“, — ამბობს მკვლევარი და გულისხმობს მეთოდს, როდესაც გაცხელებულ ღვინოს შაქარს ამატებენ და ამ ხსნარში თოკებს ან ქსოვილებს ყოფენ, შემდეგ კი გარეთ ჰკიდებენ ტკბილეულის მოყვარული მწერების მისაზიდად.
ანტარქტიდასთან ერთად, დიდი ხანია, ისლანდია ერთ-ერთია დედამიწაზე იმ მცირერიცხოვან ადგილთაგან, სადაც კოღოების პოპულაცია არ არის.
„ეს არის ისლანდიაში, ბუნებრივ გარემოში კოღოების პირველი აღრიცხვა. მრავალი წლის წინ, ერთი ცალი კოღო Aedes nigripes დაიჭირეს კეფლავიკის აეროპორტში, თვითმფრინავში“, — ამბობს ალფერდსონი.
მისი განცხადებით, ახლახან დაჭერილი კოღოების არსებობა მიუთითებს, რომ ისინი ქვეყანაში ბოლო პერიოდში მოხვდნენ, სავარაუდოდ გემების ან კონტეინერების მეშვეობით. აუცილებელია გაზაფხულზე მონიტორინგიც, რათა დადგინდეს მათი რეალური გავრცელება.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურის მატება, გრძელი ზაფხულები და უფრო რბილი ზამთრები კოღოებისთვის ძლიერ ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
თუმცა, ალფრედსონს არ სჯერა, რომ ისლანდიაში აღმოჩენილი კოღოების მიზეზი თბილი კლიმატია.
„ეს სახეობა კარგადაა შეგუებული ცივ კლიმატს, რაც მათ აძლებინებს გრძელ, მკაცრ ზამთარს, როცა ძალიან ყინავს“, — ამბობს ალფრედსონი.
მისივე განცხადებით, მრავალფეროვანი გამრავლების ჰაბიტატები კიდევ უფრო აძლიერებს კოღოს უნარს, გადარჩეს ისლანდიის რთულ გარემოში.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.