მეცნიერები დააკვირდნენ, როგორ იყენებს ძროხა ჯოხებს და სხვადასხვა ხელსაწყოებს სხეულის მოსაფხანად — #1tvმეცნიერება
მეცნიერები დააკვირდნენ, როგორ იყენებს ძროხა ჯოხებს და სხვადასხვა ხელსაწყოებს სხეულის მოსაფხანად — #1tvმეცნიერება

ძროხები ახლა უკვე შეგვიძლია მივათვალოთ იმ ცხოველთა რიგებს, რომლებიც ხელსაწყოებს მიზანმიმართულად იყენებენ და მათ სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად ირგებენ.

კონტროლირებად ექსპერიმენტთა სერიებში, შვეიცარიულმა ყავისფერმა ძროხამ (Bos taurus), სახელად ვერონიკამ ხელსაწყოების გამოყენების უნარები აჩვენა, რაც ავლენს ქცევითი ადაპტაციის ისეთ დონეს, რომელიც იშვიათად არის დადასტურებული არაპრიმატებში.

„დასკვნები ხაზს უსვამს, თუ როგორ შეიძლება ასახავდეს ვარაუდები პირუტყვის ინტელექტის შესახებ დაკვირვების ხარვეზებს და არა რეალურ კოგნიტურ შეზღუდვებს“, — ამბობს ვენის ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტის კოგნიტური ბიოლოგი ალის აუერსპერგი.

ხელსაწყოების განზრახ, მოქნილი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა კოგნიტური უნარების განმასხვავებელ ნიშნად. არც ისე დიდი ხნის წინანდელ მეცნიერებაში, ადამიანები საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ერთადერთ არსებებად, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ — ამპარტავნების ეს ნიშანი მოგვიანებით დამსახურებულად შემცირდა აღმოჩენებით, რომლებმაც აჩვენა, რომ ბევრ არაპრიმატს, ყვავებიდან დაწყებული, ორკებითა და მწერებით დამთავრებული, ასევე შეუძლია ხელსაწყოების გამოყენება.

ნებისმიერს, ვისაც ცოტა ხანი მაინც გაუტარებია ძროხებთან, ალბათ დიდად არ გაუკვირდება, რომ მათი წყლიანი, დიდრონი თვალების მიღმა ბევრი რამ იმალება. მიუხედავად ამისა, მაინც შედარებით მცირე რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ მანიპულირებენ ისინი ობიექტებს საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ვერონიკა შინაური ძროხაა, რომელიც ავსტრიელი ფერმერისა და მცხობელის, ვიტგარ ვიგელეს ოჯახში ცხოვრობს. ვიგელეს ვერონიკას ხრიკები ნამდვილად არ უკვირს; ათ წელიწადზე მეტია, ის ყოველდღიურად უყურებს, როგორ იღებს და იყენებს ვერონიკა ჯოხებს მიუწვდომელი ადგილების მოსაფხანად.

როცა აუერსპერგმა და მისმა უნივერსიტეტის კოლეგა ანტონიო ოსუნა-მასკარომ მისი ქცევის ამსახველი ვიდეო ნახეს, ძლიერ დაინტრიგდნენ.

„როდესაც ვიდეო ვნახე, იმ წამსვე აშკარა იყო, რომ ეს არ გახლდათ შემთხვევითი ქცევა. ეს იყო ხელსაწყოების გამოყენების მნიშვნელოვანი მაგალითი სახეობაში, რომელსაც იშვიათად განიხილავენ კოგნიტური პერსპექტივიდან“, — ამბობს აუერსპერგი.

ამიტომ, მკვლევრები ამ საოცარი ძროხის მოსანახულებლად გაემგზავრნენ და შეიმუშავეს ექსპერიმენტის გეგმა, რათა ენახათ, რამდენად დახვეწილად იყენებდა ის ხელსაწყოებს.

ტესტი მარტივი იყო. ვერონიკას სთავაზობდნენ ასიმეტრიულ ობიექტს, რომლის თითოეულ დაბოლოებას აშკარად სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა — ამ შემთხვევაში, ხისტარიანი ცოცხი ერთ ბოლოში უხეში ჯაგრით და მეორე ბოლოში სახელურით.

მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ძნელად მისადგომი ადგილების მოსაფხანად ვერონიკა ცოცხის ჯაგრისიან თავს გამოიყენებდა. ეს ქცევა განზრახულობის სიგნალი იქნებოდა — ვერონიკა უნდა მიხვედრილიყო, რა შეეძლო მისთვის ცოცხს და შემდეგ არაერთხელ გამოიყენებდა მას ამ მიზნით.

შვიდი სესიის განმავლობაში, რომელთაგან თითოეული 10 ცდისგან შედგებოდა (ჯამში 70), ორმა მეცნიერმა ვერონიკას ცოცხი მრავალი სხვადასხვა შემთხვევითი ორიენტაციით შესთავაზეს.

ძროხამ ცოცხი აიღო და ძნელად მისადგომი ადგილები მოიფხანა 76-ჯერ; მკვლევართა პროგნოზები არა მხოლოდ ახდა — არამედ თითქოს ძროხა რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა.

მოსაფხანად ის მართლაც ცოცხის ჯაგრიან დაბოლოებას იყენებდა, მაგრამ ამისთვის ასევე იყენებდა სახელურს. ის, თუ რომელ დაბოლოებას აირჩევდა, დამოკიდებული იყო სამიზნე კანის მგრძნობელობაზე. ზურგისა და გვერდების სქელ ბალანს ცოცხის ჯაგრით იფხანდა; მუცლის, ცურისა და უკანა ტანის თხელ კანს კი სახელურით.

ამას გარდა, ცოცხის გამოყენების წესიც კონტექსტზე იყო დამოკიდებული. ცოცხის ჯაგრიან თავს ის უფრო ნაკლებად კონტროლირებადი მანერით იყენებდა, მაგრამ სახელურს უფრო მკაცრად კონტროლირებადი, მიზანმიმართული მოძრაობით.

„ვინაიდან ის ხელსაწყოს საკუთარ სხეულზე იყენებს, ეს წარმოადგენს ხელსაწყოს ეგოცენტრული გამოყენების ფორმას, რაც ზოგადად უფრო ნაკლებად კომპლექსურად მიიჩნევა, ვიდრე ხელსაწყოს გამოყენება, რაც მიმართულია გარე ობიექტებისკენ“, — ამბობს ოსუნა-მასკარო.

მისივე განმარტებით, ძროხა ამავდროულად აწყდება აშკარა ფიზიკურ შეზღუდვებს, რადგან ხელსაწყოები პირით უნდა ამოძრაოს. საოცარია, როგორ აკომპენსირებს ის ამ შეზღუდვებს.

ხელსაწყოს სხვადასხვა მახასიათებლების სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად გამოყენების უნარი ცნობილია, როგორც ხელსაწყოს მრავალფუნქციური გამოყენება და ის იშვიათად გვხვდება. მკვლევართა განცხადებით, ადამიანთა გარდა, ეს მხოლოდ შიმპანზეებშია შემჩნეული. თუმცა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს სხვა ცხოველებს არ შეუძლიათ.

მკვლევართა აზრით, ვერონიკას უნარებში წვლილი შეიძლება შეიტანა გარემოებებმა. ის დაახლოებით 13 წლისაა. ადამიანთა სიახლოვეს მცხოვრები ძროხების უმეტესობა ამდენ ხანს ვერ ცოცხლობს, სხვა ძროხებთან ძირითადად მკაცრად კონტროლირებად გარემოში ურთიერთობს და იშვიათად აკვირდებიან დეტალურად; ამავე დროს, იშვიათად სთავაზობენ რაიმე ნივთებს სათამაშოდ.

„ვეჭვობთ, რომ ეს უნარი იმაზე მეტად უნდა იყოს გავრცელებული, ვიდრე ამჟამად დოკუმენტირებულია. მოვუწოდებთ მკითხველებს, დაგვიკავშირდნენ, თუ შემჩნეული აქვთ, როგორ იყენებენ ძროხები და ხარები ჯოხებს და სხვა საგნებს მიზანმიმართული ქმედებებისთვის“, — ამბობს კვლევის ავტორი ანტონიო ოსუნა-მასკარო.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.