ადამიანთა მსგავსად, გადარჩენისა და გამრავლებისთვის მრავალი ცხოველია დამოკიდებული სოციალურ ურთიერთობებზე. შედეგად, გადამწყვეტია ეფექტიანი კომუნიკაცია ინდივიდებს შორის.
ძლიერ სოციალურ ცხოველებს ხშირად უფრო კომპლექსური საკომუნიკაციო სისტემა აქვთ. გაიხსენეთ შიმპანზეების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ჟესტებითა და ხმით ეურთიერთობიან, ანდაც როგორ ამყარებს კომუნიკაციას სპილოების ოჯახი შეხებით ან დაბალი სიხშირის დაძახილებით.
ბოთლცხვირა დელფინები (აფალინები) კომპლექსურ საზოგადოებებად ცხოვრობენ, რომელშიც თითოეულ ცხოველს მცირე ოდენობით ახლო კავშირში მყოფი ინდივიდი ჰყავს და უფრო დიდი ოდენობით ნაცნობები (დაახლოებით ჩვენი სოციალური ქსელების მსგავსად). ჯანმრთელი სოციალური ბალანსის შესანარჩუნებლად, ისინი ძლიერ არიან დამოკიდებული პიროვნებათშორის კავშირებზე.
მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ დელფინები „საფირმო სტვენას“ იყენებენ იმისათვის, რომ სხვებს საკუთარი თავის ამოცნობა გაუადვილონ. ავსტრალიის ქვინზლენდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში მიაგნეს მტკიცებულებას იმისა, რომ ეს სტვენა შეიძლება იმაზე მეტ ინფორმაციას შეიცავდეს, ვიდრე უბრალოდ იდენტობას.
დელფინები კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ხმას იყენებენ, მაგალითად, პულსებსა და სტვენას. არსებობს სტვენის ორი ვრცელი კატეგორია: საფირმო სტვენები (სტვენის განსხვავებული ტიპი, რომელიც უნიკალურია თითოეული ინდივიდისთვის) და არასაფირმო (ყველა დანარჩენი).
საკუთარი იდენტობის გასაცემად გაშვებულ საფირმო სტვენაში დელფინები იყენებენ სიხშირის უნიკალურ მახასიათებლებს. ეს სიგნალები მათ ახალგაზრდობაში უყალიბდებათ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ.
სხვებთან ურთიერთობისას, დელფინების სტვენის 30 პროცენტს შეიძლება შეადგენდეს საფირმო სტვენები. ცალკეულ ცხოველთა სტვენებში ხშირად გარკვეული ვარიაციებია. ამის საფუძველზე, მკვლევრებმა შეისწავლეს ბალანსი საფირმო სტვენების სტაბილურობასა და ცვალებადობას შორის, რათა შეემოწმებინათ, შეიცავდა თუ არა ისინი იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე უბრალოდ მსტვენელის იდენტობაა.
2017-2018 წლებში, მკვლევართა ჯგუფმა ხმების განმეორებითი ჩაწერები განახორციელა ინდოწყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინების (Tursiops aduncus) ჯგუფში, აღმოსავლეთ ავსტრალიის ქალაქ ბრისბენის სანაპიროსთან, კუნძულ მორტონის სიახლოვეს.
მკვლევრებმა ერთი და იგივე ინდივიდის მიერ სტვენის მრავალი მაგალითი ჩაიწერეს. ასევე გამოიყენეს ამავე ჯგუფის შესახებ 15 წლის წინ შეგროვებული მონაცემები.
ასე დადგინდა, რომ მართალია, სტვენები განსაკუთრებით სტაბილური იყო სიხშირის თვალსაზრისით, გარკვეულწილად მაინც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მაშინაც კი, როცა საფირმო სტვენის სიხშირის მახასიათებლებში იდენტობაა დაშიფრული, დიდი ალბათობით შეიცავს კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას, მაგალითად, ემოციურ ან კონტექსტურ მინიშნებებს.
შესწავლილ ცხოველთა ჯგუფი ზედმეტად პატარაა საბოლოო დასკვნების გამოსატანად, მაგრამ შედეგები მიუთითებს, რომ საფირმო სტვენაში მამრები მეტ ცვალებადობას წარმოაჩენენ, ვიდრე მდედრები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ სოციალურ როლებში არსებულ სხვაობასთან და სხვებთან ურთიერთობის ბუნებასთან.
ასევე გამოავლინეს საფირმოსთან ძლიერ მსგავსი სტვენა, რომლითაც ერთმანეთს რამდენიმე ინდივიდი მიმართავდა. ეს კი მხარს უჭერს ახალ აღმოჩენებს იმის შესახებ, რომ ინდივიდუალური სტვენების გარდა, სხვადასხვანაირი სტვენები შეიძლება დელფინების ჯგუფებსაც ახასიათებდეთ.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
პირველ რიგში, საფირმო სტვენები სავარაუდოდ იმაზე მეტად უნივერსალურია, ვიდრე აქამდე გვეგონა. სიხშირეთა მახასიათებლებში ისინი შეიძლება დამატებით ინფორმაციას და სხვა სტრუქტურულ ელემენტებსაც შეიცავდეს.

მეორე საკითხი ისაა, რომ საფირმო სტვენები ინდივიდუალურად ნასწავლი „იარლიყებია“, რომლებიც მრავალმხრივ შეიძლება შევადაროთ ადამიანთა სახელებს, მაგრამ ინფორმაციის გადაცემის თვალსაზრისით, ისინი შეიძლება ზუსტად ისეთი მნიშვნელობის იყოს, როგორც ადამიანის სახეა.
საიდენტიფიკაციო ინფორმაციას ადამიანები სახის ფიქსირებული მახასიათებლებით ვატარებთ. ამავე დროს, უფრო გარდამავალი სახის გამომეტყველების მეშვეობით გავცემთ ბევრ სხვა ინფორმაციას, მათ შორის ემოციურ და კონექსტურ მინიშნებებს. საფირმო სტვენების მსგავსად, ჩვენი სახე თავის „ინფორმაციულ პაკეტში“ აერთიანებს სტაბილურობასა და ცვალებადობას.
დელფინების კომუნიკაციის გაგება გვეხმარება, რომ უკეთესად შევისწავლოთ, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ეს ცხოველები სამყაროში, რომელშიც სულ უფრო იზრდება ადამიანის გავლენა.
ავიღოთ ოკეანეების ხმაურით დაბინძურება. ეს საკმაოდ ცხელი თემაა ზღვის ბიოაკუსტიკის მკვლევართათვის, მაგრამ იშვიათად ექცევა ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ.
თუ ამაზე ვიფიქრებთ, ალბათ ადამიანის გადმოსახედიდან. ხმაურიან გარემოში ცხოვრება ჩვენთვის შეიძლება შემაწუხებელი და სტრესული იყოს, მაგრამ საჭირო საქმეების გაკეთებას მაინც ვახერხებთ.
თუმცა, დელფინებისთვის, გემების მიერ გამოყოფილი ხმაური დაახლოებით ისეთი უნდა იყოს, ჩვენ რომ მთელ სამყაროს ბუნდოვნად ვხედავდეთ. წარმოიდგინეთ, როგორ გაგიჭირდებოდათ ასეთ გარემოში ნავიგაცია, მეგობრების გაჩენა, ცუდი კავშირებისგან თავის შორს დაჭერა და სოციალური ეფექტიანობა, თუკი არ შეგეძლებათ არავის სახის ამოცნობა.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ დელფინების საკვანძო სიგნალი სწორედ „საფირმო სტვენაა“, რომელიც ჩვენი სახის ეკვივალენტია. ასე შეიძლება უფრო ადვილი გასაგები იყოს, როგორ გარემოში უწევთ დღეს დელფინებს არსებობა.
კვლევა The Journal of the Acoustical Society of America-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.



