დელფინები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ხელსაწყოების გამოყენებას მეგობრებისგან სწავლობენ — ახალი კვლევა
დელფინები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ხელსაწყოების გამოყენებას მეგობრებისგან სწავლობენ — ახალი კვლევა

დასავლეთ ავსტრალიაში, შარკის ყურის ბინადარი ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინები საკვებს უცნაურად მოიპოვებენ.

ისინი თევზებს დიდი მოლუსკების ცარიელი ნიჟარაში შესვლას აიძულებენ. შემდეგ ნიჟარა წყლის ზედაპირზე ამოაქვთ, აყირავებენ, თევზი გამოჰყავთ და ჭამენ.

ეს დელფინებში შემჩნეული მეორე ხელსაწყოა, რომელსაც ისინი იყენებენ, პირველი კი ის გახლავთ, რომ როგორც მკვლევრებმა შენიშნეს, დელფინები საკუთარი მეგობრებისგან სწავლობენ, ისე, როგორც ადამიანის მსგავსი მაიმუნები.

„ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია. დგინდება, რომ დელფინებისა და სხვა კბილიან ვეშაპთა ქცევა იმაზე გაცილებით მეტად ჰგავს ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და ადამიანის ქცევებს, ვიდრე აქამდე გვეგონა“, — ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი მაიკლ კრუტზენი.

ხელსაწყოების გამოყენება დელფინების ამ სახეობაში (Tursiops aduncus) პირველად 20 წლის წინ შენიშნეს — ზღვის ღრუბლებს ცხვირზე სათითესავით იცვამდნენ, რათა საკვების შეგროვების დროს დაცული ყოფილიყვნენ.

ასეთ საქციელს მეცნიერებმა „წმენდა“ უწოდეს და ის მათ საკვების მოპოვებისას დიდ უპირატესობას აძლევდა სხვა დელფინებთან შედარებით. წმენდას ეს დელფინები დედის ხაზით იღებენ, ზუსტად ისე, როგორც გოგონებს გადაეცემათ რაიმე უნარი დედისგან; სწავლების ამ ტიპს ვერტიკალურ გადაცემას უწოდებენ.

თუმცა, არსებობს სხვა სახის სწავლებაც, ჰორიზონტალური სოციალური გადასვლა, რომლის დროსაც ინდივიდები რაიმე უნარებს საკუთარი სოციალური ჯგუფის წევრებისგან, ანუ მეგობრებისგან იძენენ. ასეთი რამ უფრო ძლიერად შემჩნეულია ვრცელი კულტურული შესაძლებლობების მქონე სახეობებში, მაგალითად, ადამიანის მსგავს მაიმუნებში.

დელფინებსა და ადამიანის მსგავს მაიმუნთა საზოგადოებებს შორის არსებობს მსგავსებები, რამაც მეცნიერები დაარწმუნა, რომ დელფინებს ჰორიზონტალური სწავლების უნარი აქვთ.

„მიუხედავად მათი განსხვავებული ევოლუციური ისტორიისა და იმ ფაქტისა, რომ ასე სხვადასხვანაირ გარემოში ბინადრობენ, დელფინებიც და ადამიანის მსგავსი მაიმუნებიც არიან დღეგრძელი, დიდტვინიანი ძუძუმწოვრები ინოვაციებისა და ქცევების კულტურული გადაცემის ძლიერი უნარებით“, — ამბობს კრუტზენი.

იმედისმომცემი, მაგრამ არასაკმარისი იყო წინა კვლევები იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა დელფინებს საკუთარი მეგობრებისგან სწავლა. თუმცა ახლახან, მეცნიერთა ჯგუფმა გერმანიის კონსტანცის უნივერსიტეტის ქცევითი ეკოლოგის, სონია ვაილდის ხელმძღვანელობით, ეს საბოლოოდ დაამტკიცა.

მათი მონაცემები შეგროვებული ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებათა შედეგად. 2007-2018 წლებში მკვლევრებმა აღწერეს 1000-ზე მეტი ინდივიდუალური დელფინი ამ ცხოველებთან დაახლოებით 5300 შეხვედრის დროს.

მათ შორის, ნიჟარით ნადირობა სამი სხვადასხვა გენეტიკური ხაზის 19 ინდივიდში შენიშნეს, 42 სხვადასხვა შემთხვევაში.

მართალია, ეს რიცხვი შეხვედრათა საერთო რაოდენობასთან შედარებით დაბალია, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ანალიზებისთვის, რათა განესაზღვრათ, როგორ ჰქონდათ ნასწავლი მათ ეს ქცევა.

გადაცემის სავარაუდო გზების მოდელირებისთვის, მკვლევრებმა გამოიყენეს გენეტიკური, ქცევითი და გარემოს მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ ნიჟარებით ნადირობა გავრცელებული იყო მეგობრებს შორის და მათ ეს მშობლებისგან არ ჰქონდათ ნასწავლი.

„შედეგი საკმაოდ საკვირველია, რადგან დელფინები უფრო კონსერვატიულები არიან და ნაშიერები ნადირობისათვის საჭირო უნარებს ძირითადად დედისგან სწავლობენ“, — ამბობს ვაილდი.

მიუხედავად ამისა, როგორც ვაილდი აღნიშნავს, შედეგებმა აჩვენა, რომ დელფინებს ნამდვილად შეუძლიათ ნადირობის ახალი სტრატეგიების სწავლა დედაშვილობის ბმის მიღმაც, ანუ სხვა ინდივიდებისგან. ეს კი ახალ შესაძლებლობას გვაძლევს იმის საკვლევად, როგორ შეუძლიათ დელფინებს ცვალებად გარემოსთან შეგუება, რადგან ერის მეგობრისგან ახალი უნარების სწავლა ხელს უწყობს, რომ ეს ახალი ქცევები მთელ პოპულაციაში გავრცელდეს.

მაგალითად, 2011 წელს, სითბოს დიდმა ტალღამ ზღვაში, თითქმის მთლიანად გაანადგურა შარკის ყურის ზღვის ბალახიანი ჰაბიტატი, რომელშიც დელფინები საკვებს მოიპოვებდნენ. ამას მოჰყვა თევზებისა და გიგანტურ ნიჟარებში ბინადარი უხერხემლოების კვდომა. ნადირობისთვის დელფინები სწორედ ამ ნიჟარებს იყენებენ და შესაბამისად, ამ მოვლენის შემდეგ, მათში ამ ხელსაწყოების გამოყენება დაუყოვნებლივ გაიზარდა.

მკვლევართა განცხადებით, შესაძლებელია, რომ ამ უნარის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა სწორედ ამან, თევზების რაოდენობის კლებამ და ნიჟარების ოდენობის ზრდამ.

„მართალია, ჩვენ მხოლოდ სპეკულირება შეგვიძლია იმის შესახებ, განაპირობა და გააძლიერა თუ არა მსხვერპლის რაოდენობის შემცირებამ დელფინებში ახალი ქცევების ათვისება მეგობრებისგან, მაგრამ როგორც ჩანს, სრულიად შესაძლებელია, რომ მკვდარი მოლუსკების გიგანტური ნიჟარების სიუხვემ მართლაც გაზარდა ნადირობაში მათი გამოყენების შესაძლებლობათა სწავლა“, — ამბობს კვლევის ავტორი, გერმანიის კონსტანცის უნივერსიტეტის ქცევითი ეკოლოგი სონია ვაილდი.

კვლევაჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.