მეცნიერებმა დელფინებს კამერები დაუყენეს — ვიდეოებში ჩანს, როგორ ნადირობენ ისინი შხამიან გველებზე #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა დელფინებს კამერები დაუყენეს — ვიდეოებში ჩანს, როგორ ნადირობენ ისინი შხამიან გველებზე #1tvმეცნიერება

აშშ-ის საზღვაო ძალებმა საკუთარ დელფინებს კამერები დაუყენა და სან-დიეგოს უბეში სანადიროდ გაუშვა; ეს დელფინები გაწვრთნილი არიან წყალქვეშა მაღაროების ძებნაში და გარკვეული ბირთვული მარაგების დაცვაში.

ჭკვიანი ძუძუმწოვრები არ დაიბნენ, მოგვამარაგეს ნადირობის საოცარი სცენებით; მათ შორის, მკვლევართა გასაკვირად, არის ნადირობა ზღვის შხამიან გველებზეც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ასე პოპულარული, კარგად ცნობილი, ძლიერ სოციალური ცხოველები არიან, მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი საბაზისო რამ არ ვიცით. მაგალითად, ზუსტად როგორ იკვებებიან.

მკვლევართათვის ფართოდ არის ცნობილი ორი ძირითადი მეთოდი: მსხვერპლის გადასანსვლა, თითქოს ჯამიდან საკვებს თქვლეფდნენ, და ქვედა მიმართულებით ძლიერი დევნა.

თუმცა, ამ ვიდეოებმა გაცილებით მეტი გვიჩვენა.

აშშ-ის ზღვის ძუძუმწოვართა ეროვნულმა ფონდმა (NMMF) კამერები ექვს აფალინას, იგივე ბოთლცხვირა დელფინს (Tursiops truncatus) დაუყენა. ისინი ექვსი თვის მანძილზე აწარმოებდა აუდიო-ვიდეოგადაღებას და მოგვაწოდა ახალი ცნობები ამ ცხოველთა ნადირობის სტრატეგიებისა და კომუნიკაციების შესახებ.

ჩამწერი აღჭურვილობა მოათავსეს დელფინების ზურგსა და გვერდებზე, საიდანაც საინტერესო კუთხით ჩანდა მათი თვალები და პირი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დელფინები გარეულები არ არიან, რეგულარულად აქვთ ღია ოკეანეში ნადირობის საშუალება და მათი კვების ყოველდღიური რაციონი გაყინული თევზისგან შედგება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს ცხოველები გარეულთა მსგავს მეთოდებს იყენებენ.

„ნადირობისას, დელფინები წკლაპუნა ბგერებს გამოყოფდნენ 20-25-მილიწამიანი ინტერვალით. მსხვერპლთან მიახლოებისას, წკლაპუნთა შორის ინტერვალები მცირდებოდა და ზუზუნით და ჭყივილით სრულდებოდა. თევზთან კონტაქტისას, ზუზუნი და ჭყივილი თითქმის გამუდმებული იყო და თევზის გადასანსვლამდე გრძელდებოდა“, — წერენ მკვლევრები.

კამერებით დელფინებმა დააფიქსირეს 200-ზე მეტი თევზი, მათ შორის ქორჭილები, სცინიები, პალტუსები, ცქიმურები და ნემსთევზები. ცქიმურები ხშირად თავად ხტებოდნენ ჰაერში და ამაოდ ცდილობდნენ ჭკვიანი მტაცებლისგან გაქცევას.

თუმცა, დელფინები მათ ყოველ მოძრაობას აკონტროლებდნენ, თავდაყირა ყვინთავდნენ, რათა ყველაფერი უფრო მკაფიოდ დაენახათ; ასეთი მეთოდი გარეულ დელფინებშიც არის შემჩნეული.

„ეს დელფინები მსხვერპლის საპოვნელად მხედველობასაც იყენებდნენ და ბგერებსაც. შორ მანძილზე თევზის საპოვნელად, ისინი ყოველთვის ექოლოკაციას იყენებდნენ. ახლო მანძილზე კი მხედველობას და ექოლოკაციას ერთდროულად“, — წერენ მკვლევრები.

კამერებმა ასევე ჩაიწერა დელფინების გულისცემა ასეთი გაფაციცებული აქტივობების დროს. აღმოჩნდა, რომ დელფინები ხშირად მსხვერპლს ისრუტავდნენ, რაშიც შთამბეჭდავად მძლავრი ყელის კუნთები ეხმარებოდა.

დელფინები თევზს ძირითადად გაღებული პირის გვერდებიდან ისრუტავდნენ.

გველებთან დელფინები აქამდეც იყო დაფიქსირებული, მათ შორის, როგორ თამაშობენ მდინარის დელფინები წარმოუდგენლად დიდ ანაკონდასთან, მაგრამ ამ ვიდეოებმა პირველად დაადასტურა, რომ ისინი ამ ქვეწარმავლებს ჭამენ კიდეც.

ერთმა დელფინმა რვა ძლიერ შხამიანი გველი, სახელად პელამიდა (Hydrophis platurus) შეჭამა.

„პატარა გველების შეჭმის შემდეგ, დელფინებს ავადმყოფობის ნიშნები არ ჰქონდათ“, — წერენ მკვლევრები, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ასეთი ქცევა შეიძლება ზოგადად დელფინებისთვის დამახასიათებელი არ იყოს, რადგან ესენი ტყვეობაში გაზრდილი ინდივიდები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორი, სემ რიდვეი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, 86 წლის ასაკში. მან კვლევების მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა.

კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.