დააფიქსირეს, როგორ იყენებს მგელი ხელსაწყოს საკვების მოსაპოვებლად — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
11:42, 21.11.2025
როდესაც გარეული მგელი პოტენციურ საკვებს ხვდება, როგორც წესი, მისი ინსტინქტი უეცარი თავდასხმაა — მაგრამ მკვლევრებმა დასავლეთ კანადაში ჩაიწერეს სულ მცირე ერთი მგელი, რომელიც საოცრად სხვანაირ მიდგომას იყენებდა.
ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის მიყრუებულ ნაწილში ჩაწერილ ვიდეოში ჩანს მგელი, რომელიც რამდენიმე ქმედებას ასრულებს ღრმა წყალში ხაფანგში გაჭედილი კიბორჩხალის ამოსაყვანად. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს დახვეწილი ქცევა წარმოადგენს „გარეულ მგლებში პოტენციური იარაღის გამოყენების ჩვენთვის ცნობილ პირველ შემთხვევას“.
„როდესაც კამერა გავხსენით, თვალებს არ ვუჯერებდი“, — ამბობს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგი კაილ არტელი.
აღმოჩენა ნაწილობრივ შემთხვევით გაკეთდა.
უკვე რამდენიმე წელია, ამ ზონაში, კიბორჩხალის ხაფანგებს ღრმა წყლებში ათავსებენ ინვაზიური სახეობის, ევროპული მწვანე კიბორჩხალის მოსპობის ფარგლებში.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ზოგჯერ ხაფანგები ნაპირზე იყო გამოთრეული და სატყუარა ამოღებული.
ვინაიდან ხაფანგებს ღრმა წყალში ათავსებდნენ და ისინი წყლის დონის კლებისასაც არ ჩანდა, მეცნიერები დარწმუნებული იყვნენ, რომ ამას წყლის რომელიმე მტაცებელი აკეთებდა.
2024 წლის მაისში მათ კამერები დააყენეს და ამ საიდუმლოსაც უმალ აეხადა ფარდა.
ვიდეოში ჩანდა, როგორ მიცურავდა წყალში ძუ მგელი და ნაპირისკენ მიათრევდა ხაფანგზე დამაგრებულ ტივტივას.
ნაპირზე ამოთრეულ ხაფანგს შემდეგ მან მიმაგრებული თოკი ჩახსნა, ბადე დაღეჭა და სატყუარა ამოიღო.
მკვლევართა განცხადებით, ეს იყო „ფრთხილად დაგეგმილი თანმიმდევრობა“ და არა გარეული მხეცის მიერ საკვებზე აგრესიული თავდასხმა, გასაოცარი ქცევა.
„ეს მგელი გამოჩნდა, უბრალოდ დაინახა ტივტივა და მიხვდა, რომ ის ხაფანგზე იყო მიმაგრებული. იცოდა, როგორ ამოეთრია ხაფანგი წყლიდან. იცოდა, რომ თუ ამას იზამდა, საკვებს მიიღებდა… ნამდვილად გონიერი, საოცარი, დახვეწილი ქცევაა“, — ამბობს არტელი.
მკვლევრები ამბობენ, რომ არ იციან, რამდენად გავრცელებულია დახვეწილობის ასეთი დონე ველურ მგლებს შორის.
მათი განცხადებით, ეს მგელი შესაძლოა ცდებისა და შეცდომების გზით მიხვდა, თუ როგორ გაეტანა ხაფანგი ნაპირზე და ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ შორეულ რეგიონებში მცხოვრები მგლები ნაკლებად არიან საფრთხეების წინაშე, მათ შორის, ადამიანთა მხრიდან და შესაბამისად, მეტი დრო აქვთ ექსპერიმენტებისთვის.