როგორ გადაურჩნენ მგლები ბოლო გამყინვარების ეპოქის მასობრივ გადაშენებას — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
როგორ გადაურჩნენ მგლები ბოლო გამყინვარების ეპოქის მასობრივ გადაშენებას — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ბოლო გამყინვარების ხანა ცუდი პერიოდი იყო ველური ბუნებისთვის.

მსოფლიო გაიყინა, ეკოსისტემები შეიცვალა, ადამიანები და ცხოველები კი გაშმაგებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რესურსებისათვის. 11 700 წლის წინ, გამყინვარების ეპოქის დასასრულს, თანამედროვე კანადის იუკონის ტერიტორიაზე მსხვილ ძუძუმწოვართა უმეტესობა გადაშენდა; პირველად მსხვილი ბალახისმჭამელები ამოწყდნენ, მათ სწრაფად მიჰყვნენ მსხვილი მტაცებლები, რომელთა გადარჩენაც სწორედ მათზე იყო დამოკიდებული.

რუხი მგელი (Canis lupus) ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი იყო, რომელიც ამ პერიოდს არა მხოლოდ გადაურჩა, არამედ ისარგებლა კიდეც და მათი შთამომავლები დღემდე ბინადრობენ იუკონის ტყეებში.

მათი უძველესი ძვლების ანალიზმა შეიძლება გვითხრას, როგორ მოახერხეს ეს ამ მგლებმა. კბილებისა და იზოტოპების ანალიზის მიხედვით, მგლებმა მარჯვედ შეძლეს საკუთარი რაციონის მორგება ხელმისაწვდომ მსხვერპლზე, რამაც ისინი სწრაფად ცვალებად მსოფლიოში გადაარჩინა.

„მგლების კბილებისა და ძვლების ქიმიური კვალის ანალიზით შეგვიძლია შევისწავლოთ მათი კვების რაციონის ცვლილება. ეს კი ძალიან ბევრს გვეუბნება იმის შესახებ, როგორ ჭამდნენ ეს ცხოველები, რას ჭამდნენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე პერიოდამდე“, — ამბობს კანადის კარლტონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ზოე ლენდრაი.

კვლევა 48 მგლის ძვლებსა და კბილებზე დაყრდნობით ჩატარდა; 31 მათგანი 50 000 – 26 000 წლის წინ ბინადრობდა და მათი ნაშთები კანადის ბუნების პალეობიოლოგიის მუზეუმსა და იუკონის სამთავრობო პალეონტოლოგიური პროგრამის კოლექციაშია დაცული. მა ეგზემპლართა ნიმუშები 17 თანამედროვე მგლისას შეადარეს, რომელთა თავის ქალების კანადის ბუნების ზოოლოგიის მუზეუმის კოლექციაშია დაცული.

მგლის კბილების ცვეთა გვეუბნება, რას ჭამდნენ ისინი დიდი ალბათობით. სხვა ცხოველების ნარჩენებზე მონადირე ლეშისმჭამელებს ძლიერ დაკენკილი კბილები უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი დამსხვრეულ ძვლებს ჭამენ; მეორე მხრივ, ახალი ხორცისმჭამელებს კბილებზე ოდნავი ნაკაწრები უნდა ჰქონდეთ.

სწორედ ამ უკანასკნელს მიაგნეს მკვლევრებმა, თანაც დიდი რაოდენობით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მგლები ნაკლებად უნდა ყოფილიყვნენ დამოკიდებული ლეშის ნარჩენებზე — დიდწილად, ისინი თავად ნადირობდნენ. თუმცა, რა უნდა ყოფილიყო მათი მსხვერპლი?

სწორედ აქ ერთვება საქმეში იზოტოპური ანალიზები. სტაბილური იზოტოპები მცენარეებში ნიადაგიდან ხვდება. როდესაც ამ მცენარეებს ცხოველები ჭამენ, იზოტოპები კბილებსა და ძვლებში შედის და ცხოველის მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება. მგლების მსგავსი მტაცებელთა შემთხვევაში, იზოტოპები მათში მაშინ ხვდება, როცა ის მცენარეების მჭამელ არსებებს ჭამენ.

არსებობს პლეისტოცენის ეპოქის სხვადასხვა ბალახისმჭამელ სახეობათა იზოტოპური პროფილი, რომელიც მათი ძვლებიდან შეაგროვეს — სხვადასხვა პროპორციები ისეთი იზოტოპებისა, როგორებიც არის ჟანგბადი, ნახშირბადი და აზოტი. ეს დაახლოებით ხელმოწერას ან თითის ანაბეჭდს ჰგავს. კომპიუტერული მოდელირების საშუალებით, მკვლევრებმა ამ უძველესი მგლების ძვლებში იზოტოპების პროპორცია გაარკვიეს და განსაზღვრეს, რომელ ცხოველებს ჭამდნენ ისინი.

ანალიზებით დადგინდა, რომ მათი რაციონის დაახლოებით 50 პროცენტს ამჟამად გადაშენებული პლეისტოცენის ცხენი (Equus) შეადგენდა. დანარჩენს კი ხარვერძი (Ovibos moschatus), დალის ცხვარი (Ovis dalli) და ჩრდილოეთის ირემი (Rangifer tarandus); მცირე ოდენობით იყო ასევე ბეწვიანი მამონტი (Mammuthus primigenius).

დღეს იუკონში ბინადარი მგლები ძირითადად ჩრდილოეთის ირემსა და ცხენირემზე ნადირობენ (ლოსის გვარი), რაც რაციონის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მკვლევრებს სჯერათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამყინვარების ხანის მიწურულს მსხვერპლი ცხოველების რაოდენობა შეიძლება შემცირდა, მაგრამ სხვა მტაცებელთა კლება და გადაშენება შეიძლება მგლებს პირიქით წაადგა და საკვების ახალი წყარო გაუხსნა ძველის გაქრობის შემდეგ.

„კლიმატის ცვლილებისა და სტეპური ეკოსისტემის არქტიკულ ტყეებად გადაქცეული ჰაბიტატისადმი რუხმა მგლებმამოქნილობა და შემგუებლობა აჩვენეს. მათი გადარჩენა ახლო კავშირშია იმ მსხვერპლი სახეობების გადარჩენასთანაც, რომლებსაც ისინი ჭამდნენ“, — ამბობს კანადის ბუნების მუზეუმის პალეონტოლოგი დენიელ ფრასტერი.

მკვლევართა განცხადებით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მინიშნებაა, რომელიც დღეს გვჭირდება კონსერვაციისთვის. მართალია, მგლები ადაპტურები არიან, მაგრამ შეიძლება ყოველთვის ასე არ იყოს, თუ საკვების წყარო ისე შემცირდება, რომ მას არაფერი ჩაანაცვლებს. კვლევა აჩვენებს, რომ უნდა დავიცვათ ცხენირემი და ჩრდილოეთის ირემი, ასევე კანადის არქტიკის ის ეკოსისტემა, რომელშიც ისინი ბინადრობენ, რადგან ამჟამად ის კლიმატის ცვლილების მხრიდან დიდი საფრთხის ქვეშაა.

კვლევა ჟურნალ Palaeogeography, Palaeoclimatology, Palaeoecology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nature.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.