მთელ მსოფლიოში, ქალები საშუალოდ დაახლოებით 5,4 წლით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები. სქესებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობაში სხვაობა უცნაურად ხშირია სხვა ძუძუმწოვრებშიც, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ ვიცით, რატომ.
ახლახან, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ამ ფენომენის ევოლუციური ფესვები აღმოაჩინა, მას შემდეგ, რაც დეტალურად შეისწავლა ძუძუმწოვრებისა და ფრინველების სიცოცხლის ხანგრძლივობის სქესობრივი განსხვავებები.
ბიოლოგია სქესს მრავალი სხვადასხვა გზით განსაზღვრავს — გენდერის ადამიანური კონცეპტი კი ამ ტერმინებს კიდევ უფრო მეტ ნიუანსს სძენს. ახალ კვლევაში, სქესი განისაზღვრა კონკრეტული ქრომოსომების არსებობით.
ძუძუმწოვრებში მდედრებად განისაზღვრებიან ისინი, ვისაც ორი X ქრომოსომა აქვთ, მამრებს კი მხოლოდ ერთი X და ერთი Y ქრომოსომა. შესაბამისად, მამრი ძუძუმწოვრები ჰეტეროგამეტურები არიან — მათი თითოეული ქრომოსომა განსხვავებული ფორმისაა და არა ორი ერთნაირი.
მეორე მხრივ, ფრინველებში მდედრებს ჰეტეროგამეტური სქესი აქვთ — მათ ერთი Z და ერთი W ქრომოსომა აქვთ, მამრებს კი ორი Z.
დიდი ხანია, მეცნიერები ეჭვობდნენ, რომ ქრომოსომების ეს ნიმუშები შესაძლოა მამრებსა და მდედრებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსხვავების საფუძველი იყოს. ახალი კვლევა ამ თეორიას მხარს უჭერს.
მკვლევართა ჯგუფმა მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პრიმატოლოგის, ჯოანა სტარკის ხელმძღვანელობით, შეისწავლა ზოოპარკების სიცოცხლის ხანგრძლივობის ჩანაწერები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების 1176-ზე მეტი სახეობისთვის.
შესწავლილი ძუძუმწოვრების სახეობათა 72 პროცენტში, მდედრები მამრებზე დაახლოებით 12 პროცენტით დიდხანს ცოცხლობდნენ. მაგრამ ფრინველების სახეობათა 68 პროცენტში მამრები საშუალოდ დაახლოებით ხუთი პროცენტით უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე მდედრები.
ასევე შეისწავლეს ამ სახეობებიდან 110-ის ველური პოპულაციების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები, რათა დაედასტურებინათ მათი დასკვნები ბუნებრივ გარემოში.
ამ შემთხვევაში, იგივე მახასიათებელი უფრო გამოკვეთილად გამოჩნდა — ძუძუმწოვრებში მდედრების უპირატესობა საშუალოდ 1,5-ჯერ დიდი იყო, ვიდრე ზოოპარკებში; მამრ ფრინველებში უპირატესობა ხუთჯერ დიდი იყო, ვიდრე ზოოპარკებში.
ზოოპარკის ცხოველებისთვის დამახასიათებელი დეტალურად კონტროლირებადი დიეტისა და 24-საათიანი ვეტერინარული მზრუნველობის გათვალისწინებით, ველურ ცხოველებთან ასეთი დიდი სხვაობა ალბათ სულაც არაა მოულოდნელი.
ის ფაქტი, რომ ზოოპარკის გარემოში ასეთი სხვაობაა სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ, სადაც გარკვეულწილად შემსუბუქებულია ისეთი სტრეს-ფაქტორები, როგორიცაა მტაცებლობა, კონკურენცია და მკაცრი კლიმატი — მიუთითებს, რომ სასქესო ქრომოსომები სულ მცირე ნაწილობრივ მაინც არის პასუხისმგებელი ზოგიერთი ჰეტეროგამეტური სქესის სიცოცხლის მოკლე ხანგრძლივობაზე.
თუმცა, ასე არ იყო ყველა სახეობის შემთხვევაში.
„ზოგიერთმა სახეობამ მოსალოდნელი მახასიათებლის საწინააღმდეგო აჩვენა. მაგალითად, მტაცებელი ფრინველების უმეტესობაში მდედრები მამრებთან შედარებით უფრო დიდები არიან და დიდხანს ცოცხლობენ“, — ამბობს სტარკი.
ის და მისი ჯგუფი ვარაუდობს, რომ ზრდასრულების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე სავარაუდოდ გავლენას ახდენს გარემოებითი და გენეტიკური ფაქტორების კომბინაცია.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შედეგები ნაწილობრივ მხარს უჭერს ჰეტეროგამეტური სქესის ჰიპოთეზას, მხოლოდ ჰეტეროგამია ვერ ხსნის ზრდასრულ სახეობებში ჩვენ მიერ მიგნებულ ვარიაციებს სიცოცხლის ხანგრძლივობაში“, — წერენ მკვლევრები.
მაგალითად, არამონოგამიურ ძუძუმწოვრებში, მამრები მდედრებზე უფრო მალე კვდებიან და ამ ტენდენციის მიზეზია უფრო მეტი კონკურენცია და სიკვდილის დიდი რისკი.
ამასობაში, ბევრი ფრინველი მონოგამიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მამრები შეიძლება უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ ნაწილობრივ დაბალი კონკურენციის გამო. მონოგამიურ სახეობებში მამრებსა და მდედრებს სიცოცხლის ხანგრძლივობის უფრო დიდი მსგავსება აღენიშნებოდათ, მაშინ, როდესაც პოლიგამიურ სახეობებსა და იმ სახეობებში, რომელთა ზომაც სქესზეა დამოკიდებული, როგორც წესი, მამრები უფრო ცოტას ცოცხლობენ, ვიდრე მდედრები.
„ზოოპარკებშიც კი, სადაც გარემოებითი წნეხი დიდწილად შემცირებულია, როგორც ჩანს, პრეკოპულაციური სქესობრივი სელექცია ფუნდამენტურ როლს ასრულებს ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში სიცოცხლის ხანგრძლივობის სქესობრივი განსხვავებების ჩამოყალიბებაში“, — წერენ მკვლევრები.
მათ ასევე დაადგინეს, რომ როგორც წესი, ნაშიერების ზრდაში მონაწილე მშობელი უფრო დიდხანს ცოცხლობს; მაგალითად, მდედრი პრიმატები თავიანთ ნაშიერებზე იქამდე ზრუნავენ, ვიდრე ისინი სქესობრივად მომწიფდებიან და შესაბამისად, მათი დღეგრძელობა მნიშვნელოვანია შემდეგი თაობის გადარჩენისთვის.
ერთობლივად, ამ კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა არის ცხოველის ქცევებისა და გენეტიკის კომპლექსურ ურთიერთქმედებათა შედეგი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარემო ფაქტორებს შეუძლიათ სქესებს შორის განსხვავების ხარისხის შეცვლა, პოპულაციის დონეზე, როგორც ჩანს, გარკვეული განსხვავება ყოველთვის შენარჩუნდება.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.



