ცოფის ძირითადი წყარო ღამურები არიან და არა ძაღლები
ცოფის ძირითადი წყარო ღამურები არიან და არა ძაღლები

ადამიანებში ცოფის ძირითადი მიზეზი ღამურები არიან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ადამიანებში ცოფის გავრცელების ყოველი 10 შემთხვევიდან შვიდზე პასუხისმგებელი სწორედ ღამურაა.

აშშ-შიყოველწლიურად ადამიანებში ცოფის 1-3 შემთხვევა ფიქსირდება. 2018 წელს ამ დაავადებით ორი ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო მასშტაბით, ცოფი ყოველწლიურად 59 000 ადამიანს კლავს; თითქმის ყველა მათგანს დაავადება ძაღლის ნაკბენით უვითარდება. ცოფის თავიდან აცილება 100 პროცენტით არის შესაძლებელი, თუკი სიმპტომების დაწყებამდე ჩატარდება აცრების სერია. ველურ ბუნებაში ცოფის მატარებლები ძირითადად არიან ღამურები, მელები, სკუნსები, ენოტები და ა. შ.

საბედნიეროდ, ადამიანებს და ღამურებს კონტაქტი არც თუ ისე ხშირად უწევთ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ღამურასთან კონტაქტს ადამიანები უყურადღებოდ ტოვებენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვეტერინარის, დოქტორ ემილი პიერაჩის განცხადებით, ცოფი ღამურების პოპულაციის დაახლოებით ერთ პროცენტს აქვს, თუმცა ზუსტი რიცხვი მაინც უცნობია. ღამურადან ადამიანზე ცოფის გადადების შანსი კბენის გარეშეც არსებობს.

ცენტრის რეკომენდაციით, თუ ღამურამ გიკბინათ ან გაგკაწრათ, დაზიანებული ადგილი პირველ რიგში დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოთ საგულდაგულოდ, შემდეგ კი ექიმს მიმართოთ. აშშ-ში ღამურებთან კონტაქტის გამო წელიწადში დაახლოებით 55 000 ადამიანი იცრება.

ცოფის გადადება შესაძლებელია ღამურასთან კონტაქტის შედეგად, კბენის გარეშეც კი, თუკი მისი ნერწყვი ადამიანს თვალში, პირის ღრუში, ცხვირში ან სხვა ლორწოვან ადგილებში მოხვდება.

თუ ოთახში ღამურას უბრალოდ შენიშნავთ, აცრა აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ გაღვიძებისას აღმოაჩენთ, რომ ოთახში ღამურაა ან მას ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ მთვრალი ადამიანის ოთახში ნახავთ — აცრა აუცილებელია.

სხვა რეკომენდაციებს შორის არის გარეული ცხოველებისგან თავის შორს დაჭერა და შინაური ცხოველების ვაქცინაცია. ამჟამად, გარეულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად ცოფი უფრო მეტ კატას აქვს, ვიდრე ძაღლს, რადგან ძაღლებს როგორც წესი, სისტემატიურად ცრიან.

მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი