ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსს ოფიციალური სახელი მიანიჭა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსს ოფიციალური სახელი მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთიდან გავრცელებულ მომაკვდინებელ ახალ კორონავირუსს ოფიციალური სახელი მიანიჭა — „COVID-19“. გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებით, მართალია, ის „ძალიან სერიოზული საფრთხეა“ მსოფლიოსთვის, მაგრამ არსებობს მისი შეჩერების რეალური შანსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომის განმარტებით, „CO“ აღნიშნავს „კორონას“, „vi“ ვირუსს, „d“ „დაავადებას“, „19“ კი წელს, რადგან გავრცელება პირველად გასული წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა.

ადანომის განცხადებით, ასეთი სახელი შეირჩა იმიტომ, რომ არ მომხდარიყო ვირუსის დაკავშირება რომელიმე კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილთან, ცხოველის სახეობასთან ან ხალხთან; ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, დაავადების სახელდებისას არ უნდა მოხდეს სტიგმატიზაცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსს პირველად დროებით სახელად „2019-nCoV მწვავე რესპირატორული დაავადება“ შეურჩია, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია კი მას დროებით სახელად „ახალ კორონავირუსულ პნევმონიას“ ან NCP-ს უწოდებდა.

2015 წელს შემუშავებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადებებისათვის მათი პირველად გავრცელების ადგილების სახელების დარქმევის წინააღმდეგია, რადგან ასე მოხდა ებოლასა და ზიკას შემთხვევაში. ებოლა მდინარეა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ზიკა კი მდინარე უგანდაში.

მთელი რეგიონისა და ეთნიკური ჯგუფების სტიგმატიცაზია მოხდა „ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომისა“ და „ესპანური გრიპის“ შემთხვევაშიც.

ორგანიზაციის განცხადებით, ასევე გაურკვევლობას იწვევს სახელში ცხოველის სახეობის გამოყენება, როგორც ეს 2009 წელს H1N1-ის შემთხვევაში მოხდა, რომელსაც ყველა „ღორის გრიპს“ უწოდებს.

ამ ფაქტმა დიდად აზარალა ღორის ხორცის ინდუსტრია, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ადამიანებში უფრო ერთმანეთისგან ვრცელდებოდა, ვიდრე ღორებისგან.

ახალმა კორონავირუსმა უკვე იმსხვერპლა 1100-ზე მეტი ადამიანი, ინფიცირებულია 45 000-ზე მეტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5000-ს აღწევს. ვირუსი ამჟამად 25 ქვეყანაშია გავრცელებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.