მეცნიერთა აზრით, ახალი კორონავირუსი ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა
მეცნიერთა აზრით, ახალი კორონავირუსი ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა

პირველი ადამიანები, რომლებსაც აზიაში გავრცელებული ახალი კრონავირუსი შეხვდათ, მაშინ დაინფიცირდნენ, როცა ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. როგორც ახალი მოხსენება მიუთითებს, ვირუსის პირველწყარო ცხოველები ღამურები იყვნენ.

ეპიდემიის ეპიცენტრის და ახლა კარანტინში მყოფი ქალაქის — უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ სწრაფად გავრცელებადი ვირუსი იმავე ოჯახებში დაფიქსირდა, რომლებშიც 2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომი; ამ ვირუსმა მაშინ თითქმის 800 ადამიანი იმსხვერპლა.

ქალაქ უხანის ჯინინტანის ჰოსპიტალში შვიდი პაციენტისგან აღებულ ორალურ და ანალურ ნაცხზე, ასევე სისხლის ანალიზებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ვირუსის გენეტიკური გაშიფვრა შეძლეს. ამის შემდეგ, ის ცნობილ ვირუსთა მონაცემთა ბაზაში გატესტეს და აღმოაჩინეს 96,2-პროცენტიანი დამთხვევა ღამურებში ბინადარ კორონავირუსთან; სწორედ ღამურები მიიჩნევა მწვავე რესპირატორული სინდრომისა (SARS) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) გავრცელების წყაროდაც.

აღსანიშნავია, რომ ღამურებია მიჩნეული კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსის წყაროდ, რომელმაც 2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში 11 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა; საუბარია ებოლაზე.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ახალი ვირუსი მსხვერპლის ფილტვებში შესაღწევად იყენებს იმავე რეცეპტორებს, რომლებსაც SARS-ი და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ხველება, თავის ტკივილი და პნევმონია. დოკუმენტში ახალი ვირუსი, სახელად nCoV-2019 დეტალურად არის აღწერილი.

მკვლევართა აზრით, ვირუსი გავრცელდა უხანის ხორცისა და ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან, სადაც ცხოველებს ადგილზე კლავდნენ და ასევე ყიდდნენ ველურ ცხოველებს.

ჩინეთში გაკეთებული კიდევ ერთი მოხსენების მიხედვით, კორონავირუსის წყარო შეიძლება გველები გახდა, რომლებიც უხანის ბაზრობაზე ასევე იყიდებოდა. თუმცა, როგორც ეს მოხსენება ასევე მიუთითებს, გამომდინარე იქიდან, რომ გველები ღამურებზე ნადირობენ, ამ შემთხვევაშიც პირველწყარო სწორედ ღამურები გამოდის.

SARS-ისა და MERS-ის მსგავსად, ახალი კორონავირუსი ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ინფიცირებულმა ადამიანებმა ეს ვირუსი პირდაპირ ცხოველებისგან მიიღეს.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში დეკემბრის ბოლოს გამოჩნდა და უკვე იმსხვერპლა ათეულობით ადამიანი, ინფიცირებულია ასეულობით პირი, ძირითადად ქალაქ უხანში.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ხელისუფლებამ მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა ხუბეის პროვინციის ათ ქალაქში; შედეგად, გარესამყაროს მოსწყდა ამ ზონაში მცხოვრები 30 მილიონამდე ადამიანი.

მომზადებულია vice.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი