ავსტრალიის კვინზლენდის უნივერსიტეტმა ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა უპრეცედენტო სიჩქარით დაიწყო
ავსტრალიის კვინზლენდის უნივერსიტეტმა ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა უპრეცედენტო სიჩქარით დაიწყო

ავსტრალიის კვინზლენდის უნივერსიტეტის ცნობით, მას ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა სთხოვეს, რადგან ცოტა ხნის წინ, სწორედ ამ უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ახალი, სწრაფი რეაგირების ტექნოლოგია.

განცხადებაში უნივერსიტეტი იუწყება, რომ ვაქცინის შექმნის მოთხოვნა მან ეპიდემიებისადმი მზადყოფნის ინოვაციების კოალიციისგან (CEPI) მიიღო. როგორც საკუთარ თავს აღწერს, ეს ორგანიზაცია არის „ინოვაციური პარტნიორობა საჯარო, კერძო, ფილანთროპიული და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის“, რომელიც მსოფლიოს ეპიდემიებისგან დასაცავად ვაქცინების შექმნას ცდილობს.

უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულურ ბიომეცნიერებათა სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი პოლ იუნგი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კვინზლენდის უნივერსიტეტს აქვს ახალი ტექნოლოგია ვაქცინების სწრაფად შესაქმნელად, რომელსაც ვაქცინის დამზადება ექვს თვეში შეუძლია.

„ჩვენი ჯგუფი იმედოვნებს, რომ ვაქცინას უახლოეს ექვს თვეში შექმნის, რამაც შეიძლება, ეპიდემიის გავრცელებისგან დაგვიცვას. ვაქცინა პირველ მომთხოვნებს გადაეცემა და შეეცდება, ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელება შეაჩეროს“, — ამბობს პროფესორი იუნგი.

CEPI-ს განცხადებით, კვინზლენდის უნივერსიტეტთან პარტნიორობა მან იანვრის დასაწყისში დაამყარა და ამ თანამშრომლობის მიზანია „მოლეკულური მომჭერი“ ვაქცინის პლატფორმის შექმნა, რომელიც „ვაქცინის სწრაფად და ტარგეტირებულიად წარმოების საშუალებას მოგვცემს“. ამ დროისათვის, მოლეკულური მომჭერის ტექნოლოგიის შესაქმნელად CEPI-მ კვინზლენდის უნივერსიტეტს 10,5 მილიონი აშშ დოლარი გადასცა.

CEPI-ს ცნობით, გარდა კვინზლენდის უნივერსიტეტთან პარტნიორობისა, ვაქცინის შესაქმნელად ის ითანამშრომლებს სხვა პარტნიორებთანაც, რომელთა შორის არის ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Inovio და ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna.

„ვირუს nCoV-2019-ის სწრაფი გლობალური გავრცელებიდან გამომდინარე, საჭიროა მსოფლიომ სწრაფად იმოქმედოს და გაერთიანდეს ამ დაავადებასთან გასამკლავებლად“, — ამბობს განცხადებაში CEPI-ს აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ჰატჩეტი.

მისივე თქმით, მათი მიზანია მთელი ბერკეტები მიმართონ ახალი კორონავირუსისკენ და შექმნან სწრაფი რეაგირების პლატფორმები ვაქცინის შექმნის დასაჩქარებლად. როგორც ის ამბობს, წარმატების გარანტიები არ არსებობს, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ეს მცდელობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.

განცხადებაში CEPI ასევე აღნიშნავს, რომ კვინზლენდის უნივერსიტეტთან პარტნიორობა ამავე დროს მოიცავს მოლეკულური მომჭერის ტექნოლოგიით ვაქცინის შექმნას ისეთი ცნობილი პათოგენების წინააღმდეგ, როგორიც არის ახლო აღმოსავლეთის მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი.

მიმდინარე კვირაში კორონავირუსის ვაქცინის შექმნის გეგმები დააანონსა კიდევ რამდენიმე ფარმაცევტულმა და ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ. ინფექციურ დაავადებათა წინა ეპიდემიებმა, მათ შორის ებოლას და ზიკას ვირუსებმა წარმოაჩინა მრავალი გამოწვევა ეფექტიანი ვაქცინის შესაქმნელად; მათ შორის ყველაზე მთავარი იყო დიდი დრო.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ანტონი ფაუჩიმ გამოცემა Biocentury-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი კლინიკური ცდები აპრილში დაიწყება.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში გამოჩენილ ახალ კორონავირუსს უკვე ემსხვერპლა ათობით ადამიანი, ინფიცირებულია 800-ზე მეტი პირი. ვირუსი პირველად ქალაქ უხანში გამოჩნდა, სავარაუდოდ ხორცპროდუქტების ბაზრობაში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოახდინა მთლიანი უხანის კარანტინი, აიკრძალა ყველანაირი ტრანსპორტირება.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.