ახალი კორონავირუსი ჩინეთში — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
ახალი კორონავირუსი ჩინეთში — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ჩინეთში ახალი კორონავირუსი, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი იდუმალი დაავადება გავრცელდა. ვირუსი ცოტა ხნის წინ პირველად ქალაქ უხანში გამოჩნდა და შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აზიის სამ სხვა ქვეყანაშიც.

განგაში

2019 წლსის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ 11-მილიონიან ქალაქ უხანში პნევმონიის მსგავსი ახალი დაავადება გავრცელდა.

მოხდა პაციენტების კარანტინი და დაიწყო პნევმონიის წარმომავლობის იდენტიფიცირება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. 2020 წლის 1 იანვარს ის დახურეს.

ახალი კორონავირუსი

9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო კორონავირუსის აქამდე უცნობი ტიპი. ეს გახლავთ ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.

ოფიციალური მონაცემებით, იმ დროისთვის ინფიცირებული იყო 59 ადამიანი, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო.

პირველი მსხვერპლი

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსით პირველი ადამიანი 11 იანვარს დაიღუპა.

გავრცელება ჩინეთს გარეთ

13 იანვარს, ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გასცდა; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პირველად ის ტაილანდში გამოჩნდა. დაინფიცირებული ჩინელი ქალი აღმოჩნდა, რომელიც ტაილანდში ქალაქ უხანიდან ჩავიდა.

15 იანვარს, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა არ დასტურდებოდა, მაგრამ გამორიცხული მაინც არაფერი იყო.

მომდევნო დღეს, ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში. დაავადებული აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იანვრის დასაწყისში ქალაქ უხანში იმყოფებოდა.

კონტროლი აშშ-ში

17 იავარს, უხანში მეორე ადამიანი, 69 წლის კაცი დაიღუპა.

ამავე დღეს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ იწყებდა უხანიდან ჩამოსულ ადამიანთა შემოწმებას სამ აეროპორტში — ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკის კენედის აეროპორტსა და სან-ფრანცისკოში.

ადამიანიდან ადამიანზე გადადება დადასტურდა

20 იანვარს, ჩინეთში დადასტურდა გარდაცვალების მესამე და ინფიცირების ასზე მეტი ახალი შემთხვევა. ვირუსის გავრცელების საშიშროებას ზრდის ჩინური ახალი წელიც, რომელიც 25 იანვარს იწყება და ამ დროს, ასობით მილიონი ჩინელი აქტიურად გადაადგილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამჟამად, უხანის გარდა ვირუსის შემთხვევა ასევე ფიქსირდება პეკინში, შანხაისა და შენჟენში. ოფიციალურად დასტურდება 200-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსი ასევე დააფიქსირეს სამხრეთ კორეაში, სადაც დაინფიცირებული აღმოჩნდა ჩინელი ადამიანი, რომელიც თვითმფრინავით უხანიდან ჩავიდა.

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მოხდება ვირუსის „მკაცრი კონსერვირება“.

რა არის კორონავირუსი? სიმპტომები

კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომლებიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გამოჩენილი ვირუსი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში.

მწვავე რესპირატორული სინდრომის პირველი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა, შემდეგ ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლება თავდაპირველად მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიემიის სისასტიკის დამალვას ცდილობდა, მაგრამ მაღალი რანგის ექიმებმა ფაქტების დამალვა მაინც ვერ შეძლეს.

ჩინელ მეცნიერთა განცხადებით, ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია. ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.