ივანე ჩხაიძე - კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა, ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი
ივანე ჩხაიძე - კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა, ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა იგულისხმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულებაში.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში და ქვეყნებს შეუძლიათ, მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა. ეს ფორმულირება არ არის იდენტური პანდემიის დასრულებისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში. ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, ისევე როგორც იმართება გრიპი, ადენოვირუსი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა, მაგრამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება იმავე დონეზეა, როგორზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ მომდევნო პერიოდში ახალი მუტაციის რისკი არ არსებობს. თითქმის ორი წელია, ახალი მუტაცია არ გამოჩენილა, რაც იმას ნიშნავს რომ ეს რისკიც მინიმალურია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი განცხადებაა და, გარკვეულწილად, უკვე განსაზღვრავს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც. 2021 წლის იანვარში, როდესაც მსოფლიოში ერთ კვირაში ასი ათასი ადამიანი დაიღუპა, ეს მაჩვენებელი აპრილში ერთ კვირაში სამი ათასი იყო. შესაბამისად, ციფრებიც ნათლად მეტყველებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.