მეცნიერებმა გრიპისა და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ჰიბრიდული ვირუსი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა გრიპისა და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ჰიბრიდული ვირუსი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მკვლევრები დააკვირდნენ, როგორ შეერწყა ერთმანეთს ორი ვირუსი — გრიპის A ტიპი და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსი და წარმოქმნეს ერთი, ჰიბრიდი ვირუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსებს შორის კონკურენცია აქამდეც დეტალურად იყო აღწერილი, ახალი აღმოჩენა მეცნიერებს იმის უჩვეულო მაგალითს სთავაზობს, როგორ თანამშრომლობს ერთი ვირუსი მეორესთან სარგებლის მიღების მიზნით.

„ამ სახის ჰიბრიდული ვირუსი აქამდე აღწერილი არ ყოფილა. საუბარია ორი სრულიად სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენელი ვირუსის გენომებისა და ორივე მათგანის გარე ცილების გაერთიანებაზე. ეს გახლავთ ახალი ტიპის ვირუსული პათოგენი“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვირუსოლოგი პაბლო მურსია.

ჰიბრიდული ვირუსი მიკროსკოპში გეკოს ფეხს წააგავს — რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსი (RSV) ფეხებს წარმოქმნის, გრიპის A ტიპის ვირუსი კი მის თითებს.

აღმოაჩინეს ლაბორატორიული ექსპერიმენტის დროს, რომლის მიზანიც ინფექციის დროს ვირუსებს შორის ურთიერთქმედებათა ანალიზი იყო, რათა უკეთესად შეესწავლათ კლინიკური შედეგები, პათოგენის ქცევა და გადადება.

ორივე ვირუსი ადამიანის ფილტვის უჯრედებზე მოათავსეს; ასევე, საკონტროლო ჯგუფის სახით, ასეთივე უჯრედებზე მოათავსეს თითოეული ეს ვირუსი ცალ-ცალკე. ამის შემდეგ, მიკროსკოპული მეთოდებით გამოავლინეს ფილამენტური სტრუქტურები, რომლებიც შეესაბამებოდა ორივე ვირუსის ნაწილაკების ჰიბრიდს.

როდესაც ეს ორი ვირუსი ძალებს აერთიანებს, გრიპის A ტიპის ვირუსი ადამიანის უჯრედების უფრო დიდ რაოდენობას და ფართო სპექტრს აინფიცირებს. აღმოჩნდა, რომ გრიპის A ტიპის ვირუსული ნაწილაკებმა იმუნურ სისტემას თავი აარიდა, რადგან გამოაჩინა RSV ვირუსის ზედაპირის ცილები, რამაც ვირუსს გადარჩენის უპირატესობა მისცა.

ვირუსი ასევე გავრცელდა უჯრედებში, რომლებსაც არ ჰქონდა გრიპის რეცეპტორები, რამაც გრიპის A ტიპს სასუნთქ გზაში უფრო ღრმად, ფილტვებში ჩასვლის საშუალება მისცა და შესაბამისად, გამოიწვია უფრო მწვავე ინფექცია.

რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსისთვის (RSV) სამწუხაროდ, მათი ეს შერწყმა დიდად სასარგებლო არ აღმოჩნდა, რადგან გრიპის A ტიპის არსებობამ მნიშვნელოვნად შეამცირა მისი გამრავლების უნარი.

ექსპერიმენტი მხოლოდ ლაბორატორიული დანადგარებით შემოიფარგლებოდა, რაც მკვლევართა განცხადებით, სრულად ვერ აჩვენებს მთლიანი სასუნთქი გზის სივრცულ და ფიზიოლოგიურ კომპლექსურობას.

თუმცა, ჰიბრიდ ვირუსად შერწყმის შემდეგ გრიპის გამძლეობის გაუმჯობესება მიუთითებს, რომ სხვა ვირუსის ნაკრების ასეთმა უხეშმა ქურდობამ შეიძლება გარკვეული როლი შეასრულოს ვირუსულ პნევმონიაში.

„RSV ვირუსი ფილტვებში უფრო ღრმად ჩადის, ვიდრე სეზონური გრიპის ვირუსი და უფრო მეტია ალბათობა, რომ ინფექციის ღრმად ჩასვლასთან ერთად, უფრო მწვავე დაავადებაც განგივითარდეთ. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა აარიდოთ თავი რამდენიმე ვირუსით ინფიცირებას, რადგან ეს ჰიბრიდიზაცია სავარაუდოდ უფრო მეტად მოხდება, თუ ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის ზომებს არ მივიღებთ“, — ამბობს ლიდსის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი, დოქტორი სტივენ გრიფინი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

მხოლოდ გრიპის A ტიპის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად საავადმყოფოში ხუთი მილიონი ადამიანი ხვდება, RSV ვირუსი კი ჩვილ ბავშვებში ქვედა სასუნთქი გზის მწვავე ინფექციათა ყველაზე ხშირი მიზეზია; მოგვიანებით ხშირია ხელახლა ინფიცირების შემთხვევებიც.

„კვლევა აჩენს კითხვებს იმ ფუნდამენტური წესების შესახებ, რომლებიც ვირუსთა აწყობაზე ბატონობს. შეიძლება არსებობდეს სხვა ვირუსული ჰიბრიდებიც, რომლებიც ჯერ არ აღმოგვიჩენია“, — წერენ მკვლევრები.

კვლევის მთავარი ავტორის, ვირუსოლოგ ჯოან ჰანის განცხადებით, რესპირატორული ვირუსები მრავალი ვირუსისგან შემდგარი საზოგადოების სახით არსებობს, რომელთაგან ყველა მიზანში იღებს სხეულის ერთსა და იმავე ნაწილს, როგორც ეკოლოგიურ ნიშას.

მისივე თქმით, საჭიროა გავიგოთ, როგორ ხდება ეს ინფექციები ერთმანეთთან კონტექსტში, რათა უფრო სრულყოფილი სურათი მივიღოთ თითოეული ვირუსის ბიოლოგიის შესახებ.

კვლევა Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია theguardian.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.