ველური ბუნების ექსპლუატაცია ადამიანებში სულ უფრო მეტი ვირუსის გავრცელებას იწვევს — ახალი კვლევა
ველური ბუნების ექსპლუატაცია ადამიანებში სულ უფრო მეტი ვირუსის გავრცელებას იწვევს — ახალი კვლევა

გლობალური პანდემია კარგი დროა იმის გასაანალიზებლად, სად ვუშვებთ შეცდომებს ადამიანები. ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს გავლენას ცხოველებზე, პირდაპირი წვლილი შეაქვს ზოონოზური დაავადებების გავრცელებაში.

კვლევამ დაადგინა, რომ ჩვენი მხრიდან ბუნების სამყაროს გამუდმებული ექსპლუატაცია, იქნება ეს ნადირობა, ვაჭრობა, ჰაბიტატის გაუარესება თუ ურბანიზაცია, ცხოველების პოპულაციებს ცვლის და გზას უხსნის იმ ცხოველურ დაავადებებს, რომლებსაც ადამიანებზე გადმოსვლა შეუძლიათ.

ყველაფერი დამოკიდებულია სიახლოვეზე და რაც უფრო განაგრძობს ადამიანთა საზოგადოება ბუნების სამყაროში შეჭრას, ველურ ბუნებასთან გაზრდილი კონტაქტი გარდაუვლად ზრდის ვირუსების ჩვენში გადმოსვლის რისკს.

„ბუნებრივი ჰაბიტატის შემცირებასთან ერთად, ველური ბუნების წარმომადგენლები ხალხთან ახლო კონტაქტში შედიან. გარდა ამისა, ველური ბუნება იცვლის საკუთარ გადანაწილებას, რათა ადგილი დაუთმოს ანთროპოგენულ აქტივობებს და ბუნებრივი ლანდშაფტის მოდიფიკაციებს. ამ ყველაფერმა დააჩქარა ველური ბუნებიდან დაავადებების გამოჩენა და დაგვაყენა პანდემიების რისკის წინაშე“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი კრისტინ ჯონსონი.

ეს გახლავთ რეალობა, რომელსაც კაცობრიობა ახლა კარგად იაზრებს. გასულ საუკუნეში, ველური ბუნებიდან გადმოსულმა ინფექციურმა დაავადებებმა პიკს მიაღწია; როგორც ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, ძუძუმწოვრების უდიდესი ნაწილი ამ მხრივ დიდწილად პრობლემურია.

2013 წელს გამოქვეყნდა მონაცემები ველური და მოშინაურებული ცხოველების იმ ვირუსების შესახებ, რომლებსაც ადამიანებზე გადასვლა შეუძლია, ანუ, წარმოადგენს ზოონოზურ ვირუსებს. ამ მონაცემებში, კვლევის ავტორებმა შეისწავლეს, როგორი ურთიერთქმედებებია ყველაზე სარისკო.

ნანადირევი ღამურებით ვაჭრობა ინდონეზიის ერთ-ერთ ბაზრობაზე

მონაცემებში მოცემულია ჩვენში გადმოსვლადი ვირუსების მატარებელი ცხოველების სამი ჯგუფი. ირკვევა, რომ მოშინაურებული ცხოველები, მაგალითად, მსხვილფეხა საქონელი, ყველაზე მეტად გადასცემს პატრონს ვირუსებს, ველურ ცხოველებზე რვაჯერ მეტ ვირუსს.

რაც შეეხება ველურ ცხოველებს, ირკვევა, რომ ადამიანებს ყველაზე მეტ ვირუსს გადასცემენ ის ქმნილებები, რომელთა რაოდენობაც გაიზარდა და რომლებიც კარგად მოერგნენ ადამიანის მიერ ათვისებულ გარემოს, მაგალითად, ღამურები, მღრღნელები და პრიმატები.

გარდა ამისა, ავტორები მიუთითებენ, რომ ის სახეობები, რომლებიც ძლიერ დაზიანდნენ ჰაბიტატის დაკარგვის ან ჭარბად გამოყენების გამო, ორჯერ მეტ ზოონოზურ ვირუსებს მასპინძლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც სხვა მიზეზთა გამო შემცირდნენ. მოკლედ რომ ითქვას, როდესაც გარშემო სულ ადამიანები არიან, ვირუსების გადმოცემის რისკიც იზრდება. რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ამ საფრთხეს ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებდით.

„მიუხედავად იმისა, რომ მწვანე შუქს ვუნთებთ ზოონოზური ვირუსების გადმოსვლას, რაც კვლევის დროსაც რამდენჯერმე დადასტურდა, ვფიქრობთ, რომ პათოგენების გადმოსვლა ხშირად შეუმჩნეველი რჩება და მხოლოდ მათი რაღაც ნაწილი ვრცელდება ხალხში ვრცლად, რასაც შემდეგ ვამჩნევთ კიდეც“, — წერენ ავტორები.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხის 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ველურ ძუძუმწოვართა სახეობების მეოთხედი საფრთხის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ ურბანიზაციამ და ადამიანთა საქმიანობამ დედამიწის ცხოველთა მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შეამცირა, ზოგიერთი სახეობა წარმოუდგენლად მრავალრიცხოვანი გახდა; როგორც წესი, ეს სწორედ ის სახეობებია, რომლებიც კარგად ერგებიან ადამიანთა ქცევას, მაგალითად, თაგვები.

„ნამდვილად დიდი ყურადღება გვმართებს ველურ ბუნებასთან ურთიერთქმედებისას და იმ საქმიანობებისას, რომლებიც ადამიანებსა და ველურ ბუნებას ერთად უყრის თავს. ეჭვგარეშეა, ნამდვილად არავის სურს ამ მასშტაბის პანდემიები. საჭიროა ვიპოვოთ გზები, რომლებითაც ველურ ბუნებასთან უსაფრთხოდ ვიქნებით თანაარსებობაში, რადგან მათ ნამდვილად არ აკლიათ ჩვენთვის გადმოსაცემი ვირუსები“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი კრისტინ ჯონსონი.

კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.