მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პრიმატოლოგი ჯეინ გუდოლო 91 წლის ასაკში ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. სიცოცხლის 91 წლის განმავლობაში, მან ერთ საოცარ რამეს მიაღწია — ფუნდამენტურად შეცვალა მსოფლიოს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი. გუდოლი ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა, სადაც ის საუბრების ტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
26 წლის ასაკში, გუდოლი ჩრდილოეთ ტანზანიაში, გომბეს ნაკადულის ეროვნულ პარკში დააკვირდა, როგორ იყენებდა შიმპანზე (Pan troglodytes) ჩალის ღეროს ბორცვიდან ტერმიტების ამოსაყვანად.
როცა ამის შესახებ თავის უფროსს, პალეოანთროპოლოგ ლუის ლიკის უთხრა, მან უპასუხა: „ახლა ჩვენ ხელახლა უნდა განვსაზღვროთ ან „ინსტრუმენტი“, ან „ადამიანი“, ან შიმპანზეები მივიღოთ ადამიანებად“.

ცხოველების მიერ იარაღების გამოყენების კვლევები, შიმპანზეს მიერ ჩალის ღეროს გამოყენებიდან სულ მალე მივიდა წარმოუდგენლად ფუნქციურ ობიექტებამდე, რომლებსაც იყენებენ მაიმუნები, ყვავები, დელფინები, ორკები, კუზიანი ვეშაპები და ფუტკრები და სხვა მწერებიც კი.
ხელსაწყოს გამოყენება უკვე აღარ მიიჩნევა ადამიანობის განმსაზღვრელ თვისებად. არც კულტურულ ტრანსმისიად.
ათწლეულების განმავლობაში, აფრიკის სხვადასხვა ტყეში მუშაობისას, გუდოლმა და სხვა პრიმატოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალი სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენება შიმპანზეთა პოპულაციებში, ჯგუფიდან ჯგუფამდე და რეგიონიდან რეგიონში განსხვავებული ტრადიციებით.
გომბეს ეროვნული პარკის შიმპანზეებში გუდოლმა შენიშნა, რომ ტერმიტებზე ნადირობისთვის ისინი იყენებდნენ ჯოხებს, ჩხირებს, ღეროებსა და წვრილ ტოტებს, ასევე ფოთლებს „ხელსახოცებად“ და „დასალევ ხელსაწყოებს“.

თუმცა, მეცნიერები გაბონში დააკვირდნენ, რომ შიმპანზეები ჯოხებს არა ტერმიტების ამოსაყვანად, არამედ თაფლის ამოსაღებად იყენებდნენ; 1980-იან წლებში გვინეაში ნახეს, როგორ იყენებდნენ შიმპანზეები ქვის ჩაქუჩებსა და გრდემლებს თხილეულის დასამტვრევად.
ათწლეულების მანძილზე, გუდოლი და სხვა პრიმატოლოგები ძლიერ ეჭვობდნენ, რომ ზრდასრული შიმპანზეები ახალგაზრდა თაობას ასწავლიდნენ, როგორ გამოეყენებინათ ჯოხები და ქვები ისე, რომ ეხ საუკეთესოდ შეესაბამებოდეს მათ საცხოვრებელ გარემოს; თუმცა, ამის მყარ მტკიცებულებებს მხოლოდ 2016 წელს მიაგნეს.
სწორედ ამ წელს, კონგოს რესპუბლიკაში მომუშავე მკვლევრები ისტორიაში პირველად დააკვირდნენ და გადაიღეს კიდეც, როგორ ასწავლიდნენ შიმპანზეები თავიანთ პატარებს საკვების მოპოვებაში ხელსაწყოების გამოყენებას.
ამ კონკრეტულმა აღმოჩენამ გააერთიანა გუდოლის ორი უდიდესი წვლილი ამ სფეროში: ხელსაწყოების გამოყენება და ძლიერი კავშირი დედასა და შვილს შორის.
ასეთი აღმოჩენები მიუთითებს პრიმატებში სწავლებისა და სწავლის ღრმა ევოლუციურ ფესვებზე — ასევე იმაზე, რომ თაობათშორისი კულტურული გადაცემა სულაც არაა უნიკალური ადამიანებისთვის.

შესაბამისად, თუკი იარაღების გამოყენება და კულტურა არ განასხვავებს ადამიანებს სხვა ცხოველებისგან, მაშ რა განასხვავებს? გუდოლის აღმოჩენის შემდეგ, ბევრმა მეცნიერმა ჩვენი სახეობის განმსაზღვრელ მახასიათებლად ენა ჩათვალა.
თუმცა, შიმპანზეები ამ გადმოსახედიდანაც კი აგრძელებენ ჩვენს გაოცებას. ამ პრიმატებს მდიდარი ვოკალური კომუნიკაციის სისტემა აქვთ; მათი ყივილი, ღრენა, ღრუტუნი, ტუჩების ქნევა და ფიზიკური ჟესტები უცნაურ მსგავსებას ავლენს ჩვენს ენებთან. ასევე შეუძლიათ ისწავლონ ადამიანთა ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა, რაც მიუთითებს, რომ მათ აქვთ მეტყველების ძირითადი ნეირონული საფუძვლები.
გვინეა-ბისაუს ბუნების ნაკრძალებში, შიმპანზეები ხეებს დასარტყამი ინსტრუმენტების მსგავსად იყენებენ — ხეებს ქვებს ესვრიან რიტმული დარტყმების წარმოსაქმნელად. შესაძლოა, ეს იყოს გრძელ მანძილზე კომუნიკაციის გზა იარაღების მეშვეობით.

შარშან გარდაცვლილი პრიმატოლოგი ფრანს დე ვაალი არც კი ფიქრობდა, რომ მორალი ადამიანებს შიმპანზეებისგან განასხვავებს. დე ვაალი ცნობილია ტყვეობაში მყოფი შიმპანზეების მსოფლიოში უდიდესი კოლონიის შესწავლით. 2000-იანი წლების დასაწყისში, მან აღმოაჩინა, რომ ეს ცხოველები ავლენენ მოტყუებისა და კონფლიქტების მოგვარების ნიშნებს; საკამათოა, მაგრამ როგორც ის ირწმუნებოდა, პრიმატები ავლენენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ემპათია და „მორალური ქცევა“.
2019 წელს, გაბონის ტყეებში პრიმატების შესწავლისას, მეცნიერებმა შენიშნეს ქცევა, რომელიც მხარს უჭერს ვაალის იდეებს. მდედრმა შიმპანზემ, სახელად სუზიმ, პაწაწინა მწერი პირით გასრისა და თავის ხვად შვილს ფეხზე არსებულ ჭრილობაზე დაადო. ამის შემდეგ, ეს ქცევა მეცნიერებმა შიმპანზეების საზოგადოებაში კიდევ ბევრჯერ შენიშნეს.
ისტორიულ დოკუმენტებში ჩახედვის შემდეგ, მეცნიერებმა მიაგნეს მრავალ შემთხვევას, როცა შიმპანზეები საკუთარი და სხვების ჭრილობებზე ზრუნავენ — ამისათვის იყენებენ მწერებს, ფოთლებს ან სხვა დაღეჭილ მასალებს.

„ჩვენი კვლევები ხელს უწყობს ადამიანის მედიცინისა და ჯანდაცვის სისტემების ევოლუციური ფესვების შესწავლას“, — ამბობდა წლის დასაწყისში ოქსფორდის უნივერსიტეტის პრიმატოლოგი ელოდი ფრეიმანი.
2012 წელს მიცემულ ინტერვიუში, დე ვაალი აღნიშნავდა:
„წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზი ადამიანებსა და მაიმუნებს შორის სულ უფრო ბუნდოვანი გახდა და ეს ძირითადად მოხდა ჯეინ გუდოლის შრომის შედეგად, რომელმაც მაიმუნებში ისეთი შესაძლებლობები გამოავლინა, რაზეც ეჭვიც კი არ გვქონდა“.
ჯეინ გუდოლმა მეცნიერთა მრავალი თაობა აღზარდა. ავტორია ათეულობით წიგნისა და იყო ორმოცზე მეტი ფილმის სუბიექტი. გომბეს ეროვნულ პარკში მისი კვლევითი პროექტი დღემდე გრძელდება.
1960-იან წლებში, როცა გუდოლმა მუშაობა დაიწყო, მეცნიერები კვლევის სუბიექტ ცხოველებს შორიდან, დისტანციურად სწავლობდნენ. თუმცა, გუდოლმა თავისი არატრადიციული მიდგომით მეცნიერებაში ახალი პერსპექტივა შემოიტანა.

ის თავის კვლევის სუბიექტთა ცხოვრების ნაწილი გახდა, შიმპანზეებს რიცხვებს კი არ ანიჭებდა, სახელებს არქმევდა, რისთვისაც ხშირად აკრიტიკებდნენ კიდეც.
მისი გზა მეცნიერებაში უნიკალური იყო. გუდოლის მოგზაურობა აღმოჩენების სამყაროში დაიწყო ცხოველებით გატაცებით, ბავშვობის ოცნების ახდენით, როცა აფრიკა პირველად მოინახულა.
23 წლის ასაკში, მიმტანად მუშაობით უკვე საკმარისი ფული ჰქონდა დაგროვებული, რომ კენიაში, მეგობრის ოჯახს სწვეოდა. იქ ის პალეონტოლოგ ლუის ლიკს დაუკავშირდა, რომელმაც ის მდივნად აიყვანა. ლიკიმ მალევე შენიშნა მისი სამეცნიერო პოტენციალი და სთხოვა, მონაწილეობა მიეღო მის კვლევაში, რომელიც ტანზანიაში, გომბეს ეროვნულ პარკში უნდა ჩატარებულიყო შიმპანზეების ქცევების შესახებ.

ვინაიდან თავიდან სამეცნიერო გამოცდილება არ ჰქონდა, გუდოლი კვლევაში საკუთარ ინსტინქტებს იყენებდა, შიმპანზეებთან დამეგობრდა, რათა მათ საკმარისად ახლოს მიახლოების საშუალება მიეცათ ახლოდან დაკვირვებისთვის. სწორედ ასე აღმოაჩინა, რომ შიმპანზეები ადამიანთა მსგავსად იყენებენ და ამზადებენ ხელსაწყოებს.
როგორც გუდოლი იხსენებს National Geographic-ის მიერ 2017 წელს მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ჯეინი“, იქამდე წამყვანი სამეცნიერო ხედვა იყო ის, რომ მხოლოდ ადამიანებს ჰქონდათ გონება და რაციონალური აზროვნების უნარი. თითქმის მკრეხელური იყო ის აზრი, რომ სხვა ცხოველებსაც შეეძლოთ ადამიანის მსგავსი რაიმე სახის ინტელექტის ფლობა.

„საბედნიეროდ, უნივერსიტეტი არ მქონდა დამთავრებული და ასეთი რამეები არ ვიცოდი“, — იხსენებდა ჯეინი.
თავის სამეცნიერო სუბიექტებთან არატრადიციული მეთოდების გამოყენებითა და მათი პერსონალური თვისებების მთელი მსოფლიოსთვის გაცნობით, ჯეინმა საზოგადოების გული დაიპყრო და ხელი შეუწყო მეცნიერებაში მრავალფეროვნების ღირებულებათა დემონსტრირებას.
საზოგადო მოღვაწის სტატუსი გუდოლმა შიმპანზეების დაცვის შეუპოვარი ბრძოლისთვის გამოიყენა და 1977 წელს დააფუძნა გუდოლის ინსტიტუტი. 1986 წლიდან სიკვდილის დღემდე, ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და მომავალ თაობებს აგულიანებდა, რომ გამხდარიყვნენ ჩვენი ცოცხალი პლანეტის უკეთესი მცველები. ასევე იყო მგზნებარე ფილანთროპი.
თავისი პროგრამით „ფესვები და ყლორტები“ გუდოლმა შთააგონა და იმედი მისცა ახალგაზრდა თაობებს, რომლებსაც მომავლის შიში ჰქონდათ. მტკიცედ უჭერდა მხარს ახალგაზრდების მიერ წამოწყებულ გარემოსდაცვით მოძრაობებს.

როგორც მიზანდასახულმა ახალგაზრდა მკვლევარმა, გუდოლმა მსოფლიოს აჩვენა, რომ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ემოციას, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას — თვისებებს, რომლებიც დღესაც აუცილებელია გარემოსდაცვითი მეცნიერებების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და მათზე გავლენის დასამყარებლად.
მისმა შრომამ არა მხოლოდ საკუთარი კვლევის სფეროში მოახდინა რევოლუცია, არამედ თავად მეცნიერების უფრო ფართო სამყაროზეც. მისი ღვაწლი მსოფლიოში სამარადისოდ დარჩება. ცხოველთა ინტელექტის კვლევა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ჯეინ გუდოლამდე იყო.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.