კლონირებული მაკაკა ორი წლის შემდეგაც ცოცხალია — #1tvმეცნიერება
კლონირებული მაკაკა ორი წლის შემდეგაც ცოცხალია — #1tvმეცნიერება

ჩინელი მეცნიერები მაიმუნების კლონირებას აგრძელებენ და ამასობაში, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ მიერ კლონირებული ერთ-ერთი მაკაკა უკვე ორი წელია, ცოცხალია.

შედეგად, ის ყველაზე დღეგრძელია სხვა კლონირებულ რეზუს მაკაკებს (Macaca mulatta) შორის.

საშვილოსნოში გადანერგილი კლონირებული მაკაკების ემბრიონების ნახევარი მაკეობის დაახლოებით მე-60 დღისთვის დაიღუპა. ზოგიერთმა კლონმა კვირების და თვეების განმავლობაში იცოცხლა, ზოგმაც მხოლოდ რამდენიმე საათს ან დღეს, თუკი საერთოდ ცოცხლები დაიბადებოდნენ. ამის მიზეზი დიდწილად არის განვითარების დროს გენების ექსპრესიის პრობლემა.

ორი წლის რეზუსი მაკაკა იმედისმომცემი გამონაკლისია. ის ჩინეთში, ახალი მეთოდით გამოიყვანეს, რომელიც კლონირებული ემბრიონის განვითარებადი პლაცენტის გასაუმჯობესებლად შეიმუშავეს.

ნაყოფის ზრდა-განვითარებასთან ერთად იცვლება მისი პლაცენტის გენეტიკური ექსპრესიის პროფილიც. თუმცა, კლონირებულ ნაყოფებში პლაცენტა ყოველთვის შესაბამის დროს არ გამოხატავს (ექსპრესია) შესაბამის გენეტიკურ პროფილებს.

მკვლევართა ჯგუფმა მათი მოდელი ცხოველების გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესების გზას მიაგნო.

როგორც ჩანს, პრობლემა მომდინარეობს კლონირებული ემბრიონის სომატური უჯრედებიდან. უფრო კონკრეტულად კი, ემბრიონის გარე შრეში არსებული ტროფობლასტური უჯრედებისგან, რომლებიც განვითარებად ემბრიონს საკვები ნივთიერებებით ამარაგებენ და მოგვიანებით, ემბრიონების გადანერგვის შემდეგ, წარმოქმნის პლაცენტის დიდ ნაწილს; ეს ყველაფერი მოგვიანებით განაპირობებს დისფუნქციურ ან დეფექტიან პლაცენტას.

ამ ხარვეზების გამოსასწორებლად, გადანერგვამდე, კლონირებული ემბრიონების შიდა ფენები მკვლევრებმა სათუთად ჩაამაგრეს არაკლონირებულ ტროფობლასტებში, რითაც მისი განვითარება გადაარჩინეს.

ტროფობლასტებით ჩანაცვლების მეთოდის პრინციპი ასეთია — კლონირებული ემბრიონის შიდა უჯრედული მასა მეორე, არაკლონირებულ, ინ-ვიტრო პროცესის შედეგად შექმნილ ემბრიონში შეჰყავთ. შედეგად მიიღება ტროფობლასტების „ჰიბრიდი“ ემბრიონი, რომელიც კლონირებული არ არის.

თავდაპირველი ემბრიონი შექმნეს პროცესით, რომელსაც სომატური უჯრედების ბირთვების ტრანსფერს (SCNT) უწოდებენ; ის კვერცხუჯრედის ბირთვს სომატური უჯრედითა და სხვა ინდივიდის დნმ-ით ანაცვლებს.

SCNT იგივე მოწინავე მეთოდია, რომლითაც 1996 წელს ისტორიაში პირველი კლონირებული ცხოველი, ცხვარი დოლი შექმნეს და წარმატებით გამოიყენეს ღორებში, ძაღლებში, თაგვებში, მსხვილფეხა რქოსან საქონელსა და კურდღლებში, მაგრამ გაცილებით რთულია ასეთივე წარმატების მიღწევა პრიმატებში. ამ მეთოდით მაკაკების კლონირება ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა მხოლოდ 2018 წელს შეძლეს — როდესაც ორი კიბორჩხალაჭამია მაკაკა, (Macaca fascicularis) ჟონგ-ჟონგი და ჰუა-ჰუა დაიბადა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში კლონირებული მაკაკების წარმატების მაჩვენებელი და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუმჯობესდა, ასეთი მაკაკები იშვიათად ცოცხლობენ დიდხანს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამან გარკვეული ეთიკური უთანხმოება წარმოშვა კვლევების ამ დარგში.

პრიმატების კლონირების მომხრეები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ამ უახლოეს ნათესავებში ასეთი კვლევების შესაძლებლობა ძლიერ ღირებულია დაავადებათა მოდელირებისთვის. სკეპტიკოსთა მტკიცებით კი, ასეთი შედეგები გარანტირებული არ არის და ცხოველთა კეთილდღეობის საფრთხეები ძლიერ მაღალია.

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი საერთაშორისო ეთიკურ სახელმძღვანელოს მიჰყვებიან და მათი კვლევა, რომელიც სრულიად ლეგალურია ჩინეთში, 2018 წლიდან დღემდე შეუჩერებლად გრძელდება.

კლონირებული მაიმუნი

მიუხედავად იმისა, რომ ტროფობლასტებით ჩანაცვლების მეთოდმა ცოცხალი, ჯანმრთელი, ორი წლის მაიმუნი მოგვცა, აქამდე მისვლას ბევრი ცდა და შეცდომა დასჭირდა.

სომატური უჯრედების ბირთვების ტრანსფერს (SCNT) ყოველ 113 გააქტიურებულ ემბრიონზე მეცნიერებმა მხოლოდ ერთი ცოცხალი ნაყოფი მიიღეს. საშვილოსნოში გადანერგილი ყოველი 11 ემბრიონიდან მხოლოდ ერთმა წარმოქმნა ცოცხალი ნაყოფი.

ზოგს შეიძლება ცოტა მოეჩვენოს, მაგრამ ჩინელ მკვლევართა ჯგუფი საკუთარი შედეგებით ძლიერ კმაყოფილია.

„ეს სტრატეგია დიდად იმედისმომცემია წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, რადგან ჭრის კონკრეტულად ტროფოქტოდერმთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ადრეულ ემბრიონულ განვითარებასა და იმპლანტაციაში“, — წერენ მკვლევრები.

კლონირების კვლევების გარდა, ჯგუფის მიერ შექმნილი ტროფობლასტების ჩანაცვლების მეთოდს გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივ ინ-ვიტრო განაყოფიერებაზეც.

თუკი ტროფობლასტების უჯრედებში პათოლოგიების ან დეფექტების მქონე ადამიანის ემბრიონებს ამ მეთოდით გადავარჩენთ, შეიძლება გაიზარდოს ორსულობის წარმატების მაჩვენებლები.

თუმცა, ასეთი მომავალი შესაძლებლობები ჯერ ბევრ კვლევას მოითხოვს, რაც გარდაუვლად საჭიროებს უფრო მეტი ცხოველის სიკვდილს.

ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ამ სახის კვლევებს მსოფლიო მოლიპულ ფერდობზე მიჰყავს, სადაც ყველაზე ჭკვიანი ცხოველებიც კი ადამიანებისთვის მხოლოდ საგნები გახდებიან და მეტი არაფერი.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფი ამ მიმართულებით კვლევებს მაინც განაგრძობს, მოსწონს თუ არა ეს დანარჩენ სამეცნიერო საზოგადოებას.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.