მეზობლებთან ურთიერთობისთვის, მაიმუნებს „აქცენტის“ შეცვლა შეუძლიათ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მეზობლებთან ურთიერთობისთვის, მაიმუნებს „აქცენტის“ შეცვლა შეუძლიათ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, მაიმუნებს ახალი „აქცენტის“ დაყენება შეუძლიათ, რათა საკუთარ მეზობლებთან უფრო მეგობრულები გამოჩნდნენ.

კვლევის ფარგლებში, ბრაზილიის ამაზონის აუზში გავრცელებული ორი სახეობის მაიმუნები შეისწავლეს: მელოტი ჭრელი ტამარინი და მისი მონათესავე, წითელხელება ტამარინი.

ორივე ამ სახეობის მაიმუნმა დაბადებიდან იცის გარკვეული შეძახილები. მათ შორის არის გაფრთხილებები მტაცებლის საფრთხის შესახებ და შეწყვილების შეძახილები.

ამ სახეობების შეძახილები ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება, დაახლოებით ბრიტანული და ამერიკული ინგლისურის აქცენტის მსგავსად.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც ეს მაიმუნები საერთო გარემოში ცხოვრობენ, წითელხელება ტამარინი, რომელიც უფრო დიდი ვოკალური მოქნილობით გამოირჩევა, შეძახილის სიხშირეს და ხანგრძლივობას იცვლის, რათა ჭრელი ტამარინებისას მიამსგავსოს, ანუ მათი „აქცენტი“ მიიღოს.

კვლევის ავტორის, ევოლუციური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორის, ჯეიკობ დანის განცხადებით, სავარაუდოა, რომ ასეთი ქმედება ამ სახეობებს ერთ გარემოში ცხოვრებისას ერთმანეთის გაგებასა და ტერიტორიული დავების დარეგულირებაში ეხმარება.

უცნობია, იცვლიან თუ არა ისინი აქცენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ასევე გაურკვეველია ისიც, არის თუ არა ეს მახასიათებელი მემკვიდრეობითი.

დანის განცხადებით, ადამიანი ერთადერთი პრიმატია, რომელსაც ახალი ხმების ათვისება შეუძლია, რის გამოც ჩვენ მრავალი სხვადასხვა ენის სწავლა შეგვიძლია.

ვინაიდან სხვა პრიმატებმა შეძახილები დაბადებიდან იციან, ამ აღმოჩენამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს, როგორ ვითარდება ბიოლოგიურ დონეზე ენები დროთა განმავლობაში, ასევე გავიგოთ ისიც, რა ენობრივი შესაძლებლობები ჰქონდათ ჩვენს საერთო წინაპრებს.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მაიმუნებს სხვა კოლონიების რეგიონული „აქცენტების“ ათვისებაც შეუძლიათ.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაადგინეს, რომ მაიმუნის ერთ სახეობას მეორის „აქცენტის“ სრულად აღება შეუძლია.

მაიმუნები ერთადერთი ცხოველები არ არიან, რომლებსაც „აქცენტები“ აქვთ. როგორც წინა კვლევები მიუთითებს, გარემოსთან მორგებისთვის აქცენტის შეცვლა შეუძლიათ ვეშაპებს, ღამურებს, ფრინველებს და თხებსაც კი.

კვლევა ჟურნალ Behavioral Ecology and Sociobiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი