კაპუცინი მაიმუნები შესაძლოა, საკუთარ „ქვის ხანაში“ იმყოფებიან - ახალი კვლევა
კაპუცინი მაიმუნები შესაძლოა, საკუთარ „ქვის ხანაში“ იმყოფებიან - ახალი კვლევა

ბრაზილიაში, სერა-და-კაპივარის ეროვნული პარკის მიყრუებული ხეობების ბინადარი კაპუცინი მაიმუნები აკაჟუს კაკლებს ხის ფესვებზე ან ქვებზე დებენ და კვარცის ქვებით ტეხენ. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ისინი ამ ხელსაწყოებს სულ მცირე 3000 წელია რაც იყენებენ.

გარდა ამისა, უკვე 4000 წელია ქვის ასეთ ხელსაწყოებს იყენებენ კოტ-დ’ივუარში გავრცელებული შიმპანზეებიც; შესაბამისად, ეს აღმოჩენა სულაც არ არის ყველაზე ძველი მტკიცებულება, რომელიც ადამიანების გარდა სხვა არსებების მიერ ხელსაწყოების გამოყენებაზე მიუთითებს. თუმცა, კაპუცინი მაიმუნების (Sapajus libidinosus) შემთხვევაში მაინც არსებობს ერთი განსაკუთრებული გარემოება.

დაახლოებით 450 თაობის განმავლობაში, ამ ზონის ბინადარმა მაიმუნებმა დროთა განმავლობაში თავიანთ იარაღები გარდაქმნეს. ახალი არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს კაპუცინების სხვადასხვა ზომის 122 ქვის იარაღი; თითოეული მათგანი სხვადასხვა სიმყარის საკვების დანაწევრებისთვის არის განკუთვნილი.

ავტორთა განცხადებით, მართლაც საინტერესოა არქეოლოგიური გათხრების წარმოება პრიმატების იარაღების საპოვნელად, რაც მეტყველებს, რომ ადამიანები სულაც არ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც დეტალური არქეოლოგიური ჩანაწერები გააჩნია.

აღნიშნულ ძეგლზე აღმოჩენილი უძველესი ქვები, რომლებსაც მაიმუნები სხვადასხვა საკვების დასამტვრევად იყენებდნენ, შედარებით პატარა და მსუბუქია, თანაც, ძლიერ არის დაზიანებული და ზედაპირზე არ აღენიშნება აკაჟუს კაკლების კვალი. მკვლევართა აზრით, მაიმუნები მათ სხვა, უფრო პატარა საკვების მოსაპოვებლად იყენებდნენ.

დაახლოებით 300 წლის წინ კი, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა. ამ მომენტიდან, ქვები, რომლებსაც მაიმუნები სამტვრევად იყენებდნენ, გაცილებით დიდია, ვიდრე ამჟამად გამოყენებული. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მაიმუნები ჯერ კიდევ არ მიირთმევდნენ აკაჟუს კაკლებს.

მკვლევართა აზრით, ამ დიდ ქვებს კაპუცინები უფრო მყარი საკვების გასახსნელად იყენებდნენ.

დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ამ ზონის ბინადარმა კაპუცინებმა ქვების გამოყენება აკაჟუს კაკლის ნაჭუჭის დასამტვრევადაც დაიწყეს.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ძნელია იმის გარკვევა „ქვის ხანის“ იარაღების ეს ისტორია ამჟამად ბინადარ პოპულაციას ეკუთვნის თუ სხვადასხვა დროის სხვადასხვა პოპულაციებს.

ასევე უცნობია ამ ცვლილებათა გამომწვევი მიზეზიც. შესაძლოა, რომ ამ რეგიონში აკაჟუს კაკალი ერთ დროს ნაკლებად იყო გავრცელებული; არ არის გამორიცხული ისიც, რომ ძველი ქვებით კაკლების დამტვრევა თანდათან შეუძლებელი ხდებოდა.

მიღებული შედეგებიდან დასკვნების გამოტანა ძნელია, რადგან მაიმუნები რთულად ცვლიდნენ იარაღების ტექნიკას, იცვლებოდა მხოლოდ ქვის ზომა. დამატებითი კონტექსტების გარეშე, ავტორები უბრალოდ ასკვნიან, რომ მიუხედავად ქვის მარტივი იარაღების გამოყენების სულ მცირე 3000 წლიანი ტრადიციისა, ამ ტექნოლოგიას ისინი სულ სხვადასხვა მიზნებისთვის მიმართავდნენ.

კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი