2023 წელი იმაზე ცხელი იყო, ვიდრე მეცნიერები პროგნოზირებდნენ — #1tvმეცნიერება
შარშან დედამიწა იმაზე 0,2 °C-ით მეტად გათბა, ვიდრე ამას კლიმატური მოდელები პროგნოზირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული ეს რიცხვი შეიძლება სულაც არ ჩანდეს დიდი, როდესაც მას მთელი პლანეტის მასშტაბის საზომად განიხილავ, ნიშნავს მოულოდნელ, ძლიერ სიცხეს ძალიან ბევრ ადგილას.
„შემაშფოთებელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ 2023 წელზე მეტად, კლიმატურ მეცნიერთა პროგნოზირების უნარები სხვა არცერთ წელიწადს არ გაუთელავს ფეხქვეშ. 2023 წლის ტემპერატურულმა ანომალიამ გამოავლინა უპრეცედენტო ნაპრალი ჩვენს ცოდნაში, ალბათ პირველად 40 წლის შემდეგ, როდესაც თანამგზავრული მონაცემებით შესაძლებელი გახდა დედამიწის სისტემების მოდელირება“, — ამბობს NASA-ს კლიმატოლოგი გავინ შმიდტი.
შმიდტი ამბობს, რომ თუ ეს ამოუხსნელი ანომალია აგვისტომდე არ დამთავრდა, ელ-ნინიოს წინა რყევებთან ერთად, ჩვენ უკვე სრულიად შეუსწავლელ ტერიტორიაზე გადავინაცვლებთ.
იმ ჭარბი სიცხის ასახსნელად, რაც ელ-ნინიოსა და ჭარბი ნახშირორჟანგის გამო უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი, რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორის არის 2020 წლის შემდეგ ზედაპირის გამაციებელი აეროზოლების ტრანსპორტირების რეგულაციების ცვლილება; სიცხის დამჭერი წყლის ორთქლის რაოდენობის ზრდა 2022 წელს ტონგაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ; და მზის აქტივობის ამჟამინდელი ციკლის პიკი, რა დროსაც, ჩვენკენ შეიძლება მეტი სიცხე წამოსულიყო.
თუმცა, ამ ყველაფრის კომბინირებაც კი სრულად ვერ ხსნის აღრიცხულ ჭარბ სითბოს.
შემაშფოთებელი ის არის, რომ დედამიწის კლიმატის სისტემის შესახებ რაღაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ ვიცით, რომელიც უნდა ხსნიდეს დათბობის მაჩვენებლის აჩქარებას; ეს შეიძლება იყოს თუნდაც კლიმატზე კაცობრიობის ზემოქმედების დაწყების თარიღის არასწორი კალიბრაცია.
ტემპერატურის ნაადრევად მომატებით აიხსნება ექსტრემალური კლიმატური შედეგები, მათ შორის წყალდიდობები, ხანძრები, შტორმები.
„ეს იმაზე მიუთითებს, რომ გამთბარი პლანეტა უკვე ფუნდამენტურად ცვლის კლიმატის სისტემების მოქმედებას, იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე მეცნიერები პროგნოზირებდნენ“, — განმარტავს შმიდტი.
თუმცა, შმიტდი ამბობს იმასაც, რომ ტემპერატურის უცაბედი მატება შეიძლება მოკლევადიანი ანომალია იყოს.
„არსებობს კლიმატის მოკლევადიანი ცვალებადობის გრძელვადიან ცვლილებებთან შერწყმის რისკი“, — ამბობს დედამიწის კლიმატის მეცნიერი ზეკე ჰაუსფაზერი.
ის ასევე შენიშნავს იმასაც, რომ არსებობს გარკვეული ადრეული ნიშნები იმისა, რომ ეს შეიძლება დროებით ანომალიაზე მეტი იყოს, მათ შორის ოკეანის გათბობის აჩქარება და დედამიწის ენერგიის დისბალანსის თანამგზავრული გაზომვები.
ამას გარდა, არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ კლიმატის ინდიკატორების მკვეთრი გზა კურსს იცვლის. ბოლო ათი თვე ზედიზედ მოიხსნა ყველაზე ცხელი თვის რეკორდი.
მაშინ, როცა მკვლევრები რიცხვებს იკვლევენ და კამათობენ, ჩვენ ყოველდღიურად ვართ მომსწრე ამ ჭარბი სითბოს რეალური შედეგებისა.
ავსტრალიაში, მარჯნის რიფების მსოფლიოს უდიდესი სისტემის, დიდი ბარიერული რიფის სამი-მეოთხედი ამჟამად გათეთრებულია და უკიდურესი საფრთხის ქვეშაა. კლიმატის ცვლილების გამო, ცხოველები მასობრივად იხოცებიან, მილიონობით ადამიანს შიმშილობა ემუქრება, სია გრძელია…
და ეს მხოლოდ დასაწყისია. ზოგიერთ ადგილს სიცხე უკვე სხვებზე მეტად აწუხებს.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის მოდელირებაში არსებულ გაურკვევლობათა აღმოფხვრა მნიშვნელოვანია, უფრო დიდი პრიორიტეტია პროგრესი გლობალური დათბობის მთავარი მიზეზის — მნიშვნელოვანი სათბურის აირების გამოყოფის შეწყვეტაში.
მომზადებულია nature.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.