ევროპის კლიმატური მონიტორინგის სამსახურის ცნობით, გასული თვე ყველზე მსოფლიოში ცხელი ოქტომბერი იყო აღრიცხულთა შორის; განსაკუთრებით ცხელი თვეების გამო, 2023 წელი ისტორიაში სავარაუდოდ ყველაზე ცხელ წლად შევა.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, წინა წლებთან შედარებით, მოიმატა საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელმა. მეცნიერთა განცხადებით, პლანეტის გამათბობელი სათბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად, უნდა მოიმატოს წნეხმა მსოფლიო ლიდერებზე, ვიდრე ისინი ნოემბერში, დუბაიში შეხვდებიან ერთმანეთს გაერო-ს კლიმატურ კონფერენცია COP28-ზე.
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სერვისის, „კოპერნიკის“ (C3S) განცხადების მიხედვით, ოქტომბერში გვალვები იყო მექსიკისა და აშშ-ის ნაწილში, პლანეტის ზოგიერთ რეგიონში კი ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოვიდა, რასაც ხშირად თან ახლდა შტორმები და ციკლონები.
ოქტომბერში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა აღრიცხულთა შორის ყველაზე მაღალი იყო; მეცნიერთა განცხადებით, ამის მიზეზი გლობალური დათბობაა, რაც მთავარ როლს ასრულებს იმაში, რომ შტორმები უფრო მძლავრი და გამანადგურებელი გახდა.
„ოქტომბერში განსაკუთრებული ტემპერატურული ანომალიები დაფიქსირდა; გლობალური ტემპერატურის რეკორდები წინა ოთხ თვეშიც მოიხსნა. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წელი აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი იქნება და ამჟამად, მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა უკვე 1,43 გრადუსით არის მომატებული ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით“, — ამბობს C3S-ის დირექტორის მოადგილე სამანტა ბურჯესი.
2015 წელს, პარიზის ხელშეკრულებით, მსოფლიოს ორასამდე ქვეყანა შეთანხმდა, რომ გლობალური დათბობა ისე შეიზღუდოს, რათა გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდიუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით 1,5 °C-ზე მეტად არ მოიმატოს.
აღსანიშნავია, რომ წელს დაიწყო ფენომენი ელ-ნინიოც, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის წყალს ათბობს და თბილი წყალი სხვა რეგიონებშიც გადააქვს.
მეცნიერები უარეს ეფექტებს 2023 წლის ბოლოს და მომავალ წელს ელოდებიან.
პროგრამა „კოპერნიკის“ მონაცემებით, ოქტომბერი 1,7 გრადუსით თბილი იყო ვიდრე ამ თვის საშუალო მაჩვენებელი ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდში. ამავე მონაცემებით, გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,43 °C-ით არის მომატებული 1850-1900-იან წლებთან შედარებით.
მეცნიერთა განცხადებით, ოფიციალური ჩანაწერების გარდა, კლიმატის შესახებ გვაქვს უფრო ძველი, სხვა არაპირდაპირი მონაცემები, მაგალითად, ხის რგოლები და ყინულები. როგორც ისინი მიუთითებს, ეს წელიწადი შეიძლება უპრეცედენტო იყო მთლიანად კაცობრიობის ისტორიაში, პოტენციურად ყველაზე თბილი ბოლო 100 000 წლის განმავლობაში.
ოქტომბერში, ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ პოლარული რეგიონების გამოკლებით, 20,79 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
მეცნიერთა განცხადებით, ინდუსტრიული პერიოდის დადგომის შემდეგ, კაცობრიობის მიერ გამოყოფილი ჭარბი სითბოს 90 პროცენტს ოკეანეები შთანთქავს.
ოკეანეების გათბობა იწვევს შტორმების სიძლიერის ზრდას და უმნიშვნელოვანესი შელფური მყინვარების დნობას, რომლებიც ერთგვარი ბუფერების როლს ასრულებენ გრენლანდიისა და ანტარქტიდის ვრცელი ყინულოვანი საფარისთვის. შედეგად, მაღლა იწევს ზღვის დონე.
თბილი ატმოსფერო მეტ ტენს ინარჩუნებს, რაც უფრო მეტ ნალექს იწვევს.
30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე, მსოფლიო ლიდერები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კონფერენცია COP28-ზე შეხვდებიან, რომელზეც განიხილავენ პროგრესს პარიზის შეთანხმებასთან მიმართებაში. როგორც დიდი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, მსოფლიო ამ შეთანხმების მიზანს უკვე ასცდა.
ნახშირბადის გამოფრქვევა, რაც ძირითადად წიაღისეული საწვავის წვაზე მოდის, ზრდას აგრძელებს, მაშინ, როცა ამ ათწლეულში უნდა განახევრებულიყო.
ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით გლობალური საშუალო ტემპერატურის სულ რაღაც 1,2 გრადუსით მომატებამ უკვე გამოიწვია ამინდის მრავალი სასტიკი უკიდურესობა და დიდი ზარალი.
„კიდევ ერთი თვე კიდევ ერთი უპრეცედენტო რეკორდით. შედეგები ზედმეტად მკაფიოა. უკვე მრავალი გამოსავალი გვაქვს ამ სასიკვდილო დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვანაირი არჩევანი გაკეთდება ახლა, თუკი ამას სამომავლოდ არ გადავდებთ, რითაც მსოფლიოს კიდევ უფრო უარეს შედეგებამდე მივიყვანთ“, — ამბობს რიდინგის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი, პროფესორი ედ ჰოვკინსი.
წელს ხალხმა მთელი პლანეტის მასშტაბით გამოცადა სითბური ტალღები და გვალვები, წყალდიდობები.
კანადაში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტყის ხანძრების შედეგად იმაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოიყო, ვიდრე ქვეყნის მიერ 2021 წელს ჯამში გამოყოფილი სათბურის აირები იყო.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.