ურანზე რენტგენული გამოსხივება დააფიქსირეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
ურანზე რენტგენული გამოსხივება დააფიქსირეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

მზის სისტემის ყოველ პლანეტას საკუთარი სახასიათო თვისებები აქვს, მაგრამ ურანი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია.

იმდენად არის გვერდზე დახრილი, რომ მისი ბრუნვის ღერძის პრაქტიკულად ორბიტული სიბრტყის პარალელურია, აქვს საშინელი სუნი, მისი ატმოსფერო ყოველი მხრიდან ჟონავს, მის მაგნიტურ ველში სრული ქაოსია და მისი რგოლები მზის სისტემის სხვა არც ერთი სხეულისას არ ჰგავს.

თუმცა, მოიცადეთ, არის კიდევ რაღაცები. დაახლოებით 20 წლის წინ, ასტრონომებმა საკუთარი ინსტრუმენტებით სატურნის, ურანისა და ნეპტუნისგან მომდინარე რენტგენული გამოსხივების დაჭერა სცადეს. ყველა სხვა პლანეტისგან განსხვავებით, ურანს ასეთი რადიაცია არ დაუფიქსირდა.

ამჯერად, პირველად ისტორიაში, მზის სისტემის ამ ყველაზე უცნაურ პლანეტაზე რენტგენული გამოსხივება დააფიქსირეს; ჯერჯერობით უცნობია, საიდან მოდის ეს რადიაცია ან რას უნდა ნიშნავდეს.

მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, ურანსა და ნეპტუნზე დაკვირვებები და შესაბამისად, აღმოჩენებიც, საკმაოდ რთულია. ეს ორი პლანეტა ჩვენგან საკმაოდ შორის არის და მათ სამეზობლოში ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე ხომალდმა გაიარა.

ზოგადად, მათზე დაკვირვებისთვის ჩვენს სიახლოვეს მყოფ ტელესკოპებს ვიყენებთ, რომლებიც ურანსა და ნეპტუნზე შორს მდებარე ობიექტებზე დაკვირვებებისთვის არის შექმნილი და შესაბამისად, დეტალები ხშირად ბუნდოვანია.

ახალი აღმოჩენა ეფუძნება ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მიერ ჩატარებულ დაკვირვებებს; ეს კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს. დაკვირვებათა პირველი ნაწილი 2002 წელს ჩატარდა, შემდეგი ორი კი 2017 წელს. როდესაც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ჯგუფმა ბოლოსდაბოლოს ჩაატარა 2002 წლის მონაცემების ანალიზი, ურანიდან მომდინარე რენტგენული სხივების აშკარა მტკიცებულება იპოვეს.

ის, რომ ურანი რენტგენულ სხივებს უნდა გამოყოფდეს, სულაც არ არის გასაკვირი; რენტგენული გამოსხივება მზის სისტემის მრავალ სხეულზეა დაფიქსირებული, მათ შორის კომეტებზე, ვენერაზე, დედამიწაზე, მარსზე, სატურნზე, პლუტონზე, იუპიტერსა და მის ზოგიერთ მთვარეზეც კი. არც ის იქნებოდა გასაკვირი, რომ ის აქამდე არ გვქონდეს დაფიქსირებული, რადგან შორეული პლანეტების კვლევა საკმაოდ რთულია.

უცნაური ის არის, რომ არ გვაქვს სრული სურათი იმის შესახებ, როგორ ასხივებს ურანი რენტგენში.

არსებობს რამდენიმე ვარიანტი. მზის სისტემაში რენტგენული გამოსხივების უმეტესობა მზისგან მოდის, რომელიც იუპიტერისა და სატურნის ღრუბლებზე დაცემისას იფანტება. სავარაუდოდ, ასე ხდება ურანის შემთხვევაშიც, მაგრამ როგორც ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოთვლები მიუთითებს, იქ იმაზე მეტი რენტგენული სხივების ფოტონია, ვიდრე ამ პროცესის შედეგად უნდა იყოს.

მზის სისტემის სხვა ობიექტებზე დაყრდნობით, არსებობს გარკვეული მოსაზრება, რა შეიძლება იყოს ამ ჭარბი რადიაციის პოტენციური წყარო. ამის ერთი მაგალითია სატურნის რგოლები, რომლებიც რენტგენში ფლუორესცენციურად ანათებს, რასაც რგოლებში არსებულ ჟანგბადის ატომებთან ენერგეტიკული ნაწილაკების ურთიერთქმედება წარმოქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ურანის რგოლები სატურნისაზე ნაკლებად წარმოსადეგია, რადიაციული სარტყლის კვლევებით ვიცით, რომ ურანის გარშემო არის ენერგეტიკულ ელექტრონთა ძლიერი ინტენსივობა. რგოლების ატომებთან ურთიერთქმედების შემთხვევაში, მათაც შეიძლება წარმოქმნან ასეთივე რენტგენული ფლუოროსცენცია.

კიდევ ერთი პროცესი, რომელიც მზის სისტემაში რენტგენულ სხივებს წარმოქმნის, არის ციალი. ის ჩნდება მაშინ, როდესაც ენერგეტიკული ნაწილაკები პლანეტის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს. დედამიწაზე ამ დროს ცაში ჩნდება შთამბეჭდავი მწვანე ნათება, მაგრამ ვიცით, რომ ასეთი რამ სხვა პლანეტებზეც ხდება: იუპიტერზე, მარსზე, სატურნსა და კომეტებზეც კი.

უმეტეს შემთხვევაში, ციალის წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს მაგნიტური ველი; ნაწილაკები მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ ჩქარდებიან და შემდეგ ატმოსფეროში ილექებიან.

არ არის გამორიცხული, ასეთივე პროცესი ურანზეც ხდებოდეს, ანუ ატმოსფეროს ზედა ნაწილში ციალი წარმოიქმნებოდეს. თუ ასეა, იმის გამო, რომ ურანის ასეთი დახრილობის გამო მისი მაგნიტური ველიც საკმაოდ ქაოსურია, ასეთი ციალები შეიძლება იმაზე გაცილებით კომპლექსური იყოს, ვიდრე მზის სისტემის სხვა ნებისმიერ სხეულზე.

ურანიდან რენტგენული გამოსხივების გამოყოფის ზუსტ ადგილებს ჩანდრას მიერ მომავალში უფრო ხანგრძლივად ჩატარებული დაკვირვებები დაადგენს, რაც თავის მხრივ, ალბათ მის გამომწვევ მიზეზსაც გვეტყვის. თუმცა, ამჟამინდელი ინსტრუმენტებით შეუძლებელია უფრო დეტალური დაკვირვებების ჩატარება, რომელთა საფუძველზეც, გამოსხივების რხევების დახასიათებას შევძლებდით.

ამაში კი შეიძლება სამომავლო ობსერვატორიები დაგვეხმაროს, მაგალითად, ევროპის კოსმოსური სააგენტოს Athena და NASA-ს Lynx-ი. ამ ინსტრუმენტთა წყალობით, უკეთესად შევისწავლით არა მხოლოდ ურანის ატმოსფეროსა და მაგნიტურ ველს, არამედ რენტგენული გამოსხივების წყაროებს მთელი სამყაროს მასშტაბით.

კვლევა JGR Space Physics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.