ჰაბლმა ურანისა და ნეპტუნის უცნაური ღრუბლები და მძვინვარე ქარიშხლები გადაიღო
ჰაბლმა ურანისა და ნეპტუნის უცნაური ღრუბლები და მძვინვარე ქარიშხლები გადაიღო

თუ თქვენი მხარის ამინდი არ მოგწონთ, იქნებ ურანისა და ნეპტუნის ამინდი მოგწონებოდათ? ცოტა ხნის წინ, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ამ ორი პლანეტის ამჟამინდელი გარემოს შესახებ ცნობები განაახლა.

მზის სისტემის ამ ორ გარე პლანეტას ტელესკოპი გამუდმებით აკვირდება, რათა შეამოწმოს, რა ხდება მათ ატმოსფეროში. გასული წლის შემოდგომაზე, ჰაბლმა ორივე მათგანის თავზე არსებულ ღრუბლებს მომაჯადოებელი ფოტოები გადაუღო.

ურანზე ამჟამად შუა ზაფხულია, რაც კარგად ჩანს გიგანტურ, თეთრ ღრუბლებში, რომლებიც პლანეტის ამჟამად მზისკენ მიმართულ ჩრდილოეთ პოლუსს ფარავენ.

როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ამ შორეულ, გიგანტურ პლანეტაზე ზაფხული 21 წელიწადს გრძელდება. სეზონის პროგრესთან ერთად, მასიური ღრუბლები კიდევ უფრო იზრდება. დიდ პოლარულ ქუდს თან ახლავს მეთანის ყინულის პატარა, კაშკაშა ღრუბელი.

რაც შეეხება ნეპტუნს, იქ სეზონები 41 წელიწადს გრძელდება. პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ამჟამად ზამთარია. პლანეტის ამ ნაწილში ახლა მასიური ბნელი შტორმი მძვინვარებს, რომელიც დაახლოებით 11 000 კილომეტრზეა გადაჭიმული.

მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, რა წარმოქმნის ნეპტუნის ბნელ ქარიშხალს, თუმცა შტორმი ბოლო ათი წლის განმავლობაში ორჯერ გაჩნდა და ორი წლის შემდეგ კვლავ გაქრა. მკვლევართა აზრით, ქარიშხალი პლანეტის ატმოსფეროს ქვედა ნაწილიდან ზედასკენ მიემართება და ღრმა ფენების ნივთიერებები ატმოსფეროს ზედა ფენებში ააქვს.

ნეპტუნის ამჟამინდელი ბნელი შტორმის სიახლოვეს, ჰაბლმა კიდევ ერთი ატმოსფერული მახასიათებელი შენიშნა — თეთრად ელვარე „კომპანიონი ღრუბლები“, რომლებიც მეცნიერებმა ბნელ შტორმთა სიახლოვეს წარსულშიც შეამჩნიეს. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ეს კაშკაშა ღრუბლები სავსეა მეთანის ყინულით, რომელიც სწრაფად აიტყორცნება მაღლა და მაშინვე იყინება.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.