მარსის უძველესი, გამქრალი ოკეანეები შეიძლება პლანეტის წიაღში შთაინთქა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მარსის უძველესი, გამქრალი ოკეანეები შეიძლება პლანეტის წიაღში შთაინთქა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მილიარდობით წლის წინ, მარსზე ტბები და ოკეანეები იყო, მაგრამ ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, სად გაქრა პლანეტის მთელი წყალი, რის გამოც, მარსი უკაცრიელ, ქვიან უდაბნოდ გადაიქცა.

მიჩნეულია, რომ წყლის უმეტესი ნაწილი კოსმოსში გაიფანტა, მაგრამ NASA-ს მიერ დაფინანსებული ახალი კვლევის მიხედვით, წყალი არსადაც არ წასულა და პლანეტის ქერქში არსებულ მინერალებში ჩაიჭედა.

„ჩვენი აზრით, ქერქი ჰიდრატირებული მინერალებისგან წარმოიქმნა, ანუ მინერალებისგან, რომლებსაც თავიანთ კრისტალურ სტრუქტურაში წყალი აქვთ“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი ევა შელერი.

უფრო მეტიც, შელერის მოდელის მიხედვით, თავდაპირველი წყლის 30-99 პროცენტი ამ მინერალებში ჩაჭედილი რჩება.

მიჩნეულია, რომ ადრეულ მარსზე არსებული წყალი საკმარისი იყო, რათა მთლიანი პლანეტა დაახლოებით 100-1500 მეტრის სიღრმის ოკეანით ყოფილიყო დაფარული.

ვინაიდან პლანეტამ მაგნიტური ველი საკუთარი ისტორიის ადრეულ ეტაპზე დაკარგა, თანდათანობით შემოეცალა ატმოსფეროც და მეცნიერთა აზრით, სწორედ ეს გახდა წყლის დაკარგვის მიზეზიც.

თუმცა, ახალი კვლევის ავტორთა აზრით, მართალია გარკვეული რაოდენობის წყალი შეიძლება ასეთი გზით გაქრა, მაგრამ უმეტესობა მაინც პლანეტაზე უნდა დარჩენილიყო.

მარსმავლების მიერ შეგროვებული მონაცემებისა და მარსული წარმოშობის მეტეორიტების გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფი ფოკუსირდა წყლის მთავარ კომპონენტზე — წყალბადზე.

არსებობს წყალბადის სხვადასხვა სახის ატომები. უმეტეს მათგანს ბირთვში მხოლოდ ერთი ატომი აქვს, მაგრამ ციცქნა მონაკვეთს, დაახლოებით 0,02 პროცენტს, პროტონიც აქვს და ნეიტრონიც, რის გამოც ისინი უფრო მძიმეა. მათ დეიტერიუმს, ანი „მძიმე წყალბადს“ უწოდებენ.

იმის გამო, რომ მსუბუქი სახეობა პლანეტის ატმოსფეროდა უფრო სწრაფი მაჩვენებლით გარბის, წყლის დანაკარგების უმეტესი ნაწილი დეიტერიუმზე არ უნდა მოდიოდეს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ წყლის იმ რაოდენობას, რაც ერთ დროს პლანეტას უნდა ჰქონოდა და მარსის ორბიტერის მიერ დაფიქსირებულ წყალბადის გაქცევის ამჟამინდელ მაჩვენებელს, დეიტერიუმი-წყალბადის ამჟამინდელი პროპორცია მხოლოდ ატმოსფერული დანაკარგით ვერ აიხსნება.

კვლევის ავტორები გვთავაზობენ, რომ სინამდვილეში ადგილი უნდა ჰქონოდა ორი მექანიზმის კომბინაციას: წყლის ჩაჭედვას პლანეტის ქერქის მინერალებში და ატმოსფეროდან დაკარგვას.

„ყოველთვის, როცა არის ქანი, რომელიც წყალთან ურთიერთქმედებს, თან ახლავს ძალიან კომპლექსურ რეაქციათა სერიაც, რომლებიც ჰიდრატირებულ მინერალებს წარმოქმნიან“, — ამბობს შელერი.

ამ პროცესს „ქიმიურ გამოფიტვას“ უწოდებენ და დედამიწაზეც ხდება, მაგალითად, თიხაში, რომელიც მარსზეც არის.

თუმცა, ჩვენს პლანეტაზე ვულკანები ატმოსფეროში წყლის რეცირკულირებას ახდენენ. მარსს ტექტონიკური ფილები არ აქვს და შესაბამისად, ცვლილებები იქ სამუდამოა.

ჯგუფის მიერ ჩატარებული სიმულაციების მიხედვით, წყლის უმეტესი ნაწილი პლანეტამ 4 – 3,7 მილიარდი წლის წინ დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარსი თითქმის ისეთივე იყო გასული სამი მილიარდი წლის განმავლობაში, როგორიც დღესაა.

შელერის განცხადებით, ის ფრიად მოხიბლულია ახალი მავალით, „პერსევერანსით“ და იმედი აქვს, რომ ეს მისია ამ მიმართულებით კვლევებში რაიმე წვლილს შეიტანს.

„მავალი „პერსევერანსი“ სწორედ იმ პროცესებისა და რეაქციების შესწავლას გეგმავს, რომლებმაც წყლის ქერქში შთანთქმა გამოიწვია“, — ამბობს შელერი.

ჯგუფის მიერ შექმნილი მოდელი მრავალ სცენარს შეიცავს, რომლებსაც ისინი მარსმავლის მიერ გამოგზავნილ ახალ მონაცემებს შეადარებენ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.