ნამდვილი მარსული ქანის ნიმუშებში მეცნიერებმა მიკრობები გაზარდეს — #1tvმეცნიერება
ნამდვილი მარსული ქანის ნიმუშებში მეცნიერებმა მიკრობები გაზარდეს — #1tvმეცნიერება

მარსის ქანები დედამიწაზე უიშვიათესი და უძვირფასესი რესურსია. სხვათა შორის, ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი ასეთი ნიმუშები მეტეორიტების ნამსხვრევებია, რომლებიც შორეულ წარსულში წითელი პლანეტიდან ამოიტყორცნენ, შემდეგ მზის სისტემის მასშტაბით მოუხდათ მოგზაურობა, საბოლოოდ კი დედამიწას დაეცნენ.

ამ ფასდაუდებელი მატერიის პატარა ნაწილი ცოტა ხნის წინ საოცარი მიზნისთვის გამოიყენეს — მარსული წარმოშობის მეტეორიტის, სახელად მარსული შავი მშვენების პატარა ნაწილში მეცნიერებმა ექსტრემოფილი მიკრობები გაზარდეს.

ეს კი არა მხოლოდ იმას წარმოაჩენს, რომ სიცოცხლე მართლაც შეიძლება არსებობდეს რეალურ მარსულ გარემოში, არამედ ასტრობიოლოგებს უზრუნველყოფს ახალი ბიოხელწერებითაც, რომელთა გამოყენებაც მათ მარსის ქერქში უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების საძებნელად შეეძლებათ.

„შავი მშვენება დედამიწაზე უიშვიათეს ნივთიერებათა შორის არის; წარმოადგენს უნიკალურ მარსულ ქვას, რომელიც წითელი პლანეტის ქერქის სხვადასხვანაირი ნაწილებისაგან არის წარმოქმნილი (ზოგიერთი მათგანი 4,42 ± 0,07 მილიარდი წლის წინანდელია) და მარსის ზედაპირს ის მილიონობით წლის წინ მოსწყდა“, — ამბობს ვენის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი ტეტიანა მილოევიჩი.

მისივე თქმით, მათ საკმაოდ თამამი მიდგომა აირჩიეს, როდესაც უძვირფასესი მარსული ქანების რამდენიმე გრამი წითელი პლანეტის უძველესი და უმარტივესი სიცოცხლის ფორმების შესაძლო იერსახის შესაქმნელად გამოიყენეს.

თუ შორეულ წარსულში მარსზე სიცოცხლე მართლაც არსებობდა, დიდი ალბათობით, დედამიწის იმდროინდელი სიცოცხლის ყველა ფორმის მსგავსად, ისინიც ექსტრემოფილების მსგავსი უნდა ყოფილიყო. ეს გახლავთ ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ზედმეტად მკაცრ გარემოში, ისეთში, რომელიც ერთ დროს სიცოცხლის მხარდაჭერისთვის ზედმეტად მკაცრი გვეგონა — მაგალითად, ანტარქტიდის ნულს ქვემო, სუპერმლაშე ტბები, ვულკანური გეოთერმული წყაროები, დედამიწის ქვედა ქერქი, ზღვის ფსკერის კარგად ქვემოთ.

დარწმუნებით ვიცით, რომ უძველეს მარსზე, მილიარდობით წლის წინ, ატმოსფერო საკმაოდ სქელი და ნახშირორჟანგით მდიდარი იყო. გვაქვს ისეთი ქანების ნიმუშებიც, რომლებიც სულ ახლად დაბადებული მარსის ქერქის ქანებისგან შედგება.

აქ, დედამიწაზე, ორგანიზმებს, რომლებსაც ნახშირორჟანგის დაჭერა და არაორგანული ნაერთების (მაგალითად, მინერალების) ენერგიად გარდაქმნა შეუძლიათ, ქემოლითოტროფებს უწოდებენ; შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა ივარაუდა, რომ მარსზე შეიძლება სწორედ ასეთი ორგანიზმები ყოფილიყო გავრცელებული.

„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წითელი პლანეტის ადრეულ წლებში იქ შეიძლება ბინადრობდნენ ქემოლითოტროფების მსგავსი ორგანიზმები“, — ამბობს მიოევიჩი.

მათ შეარჩიეს მიკრობი, სახელად Metallosphaera sedula — თერმოაციდოფილური არქეა, რომელიც ცხელ, ვულკანურ მჟავა წყაროებში გვხვდება. ეს მიკრობები მათ მარსულ მინერალში მოათავსეს, შემდეგ კი ბიორეაქტორში ჩადეს, რომელიც ფრთხილად გაათბეს და ნახშირორჟანგით ამოავსეს.უჯრედების ზრდას ჯგუფი მიკროსკოპით დააკვირდა.

მათ მართლაც დაიწყეს ზრდა; ამასობაში მეცნიერები დააკვირდნენ, როგორ იყენებდნენ მიკრობები შავი მშვენების ქანის მატერიას უჯრედების მშენებლობაში, ამ პროცესში კი ნარჩენის სახით ბიომინერალურ დეპოზიტებს ტოვებდნენ. ამის შემდეგ, ეს დეპოზიტები მათ ატომურ დონეზე შეისწავლეს სკანირების გადამცემი ელექტრონული მიკროსკოპით (STEM).

„მარსის ქერქის მასალაში ზრდისას, მიკრობებმა წარმოქმნეს მტკიცე მინერალური კაფუსულა, რომელიც შედგება კომპლექსირებული რკინის, მანგანუმისა და ალუმინის ფოსფატებისგან“, — ამბობს მილოევიჩი.

მისივე თქმით, გარდა უჯრედის ზედაპირზე ასეთი მასიური ჩაჭდევებისა, ისინი ასევე დააკვირდნენ უჯრედს შიგნით ძალიან კომპლექსური ბუნების კრისტალური დეპოზტიების წარმოქმნას (რკინისა და მანგანუმის ოქსიდები, მანგანუმის სილიკატები). მილოევიჩი იქვე აღნიშნავს, რომ ეს გახლავთ მარსის ე. წ. ნოეს პერიოდის ქანებში მიკრობთა გაზრდისას დაფიქსირებული გამორჩეულად უნიკალური მახასიათებლები, რაც არ დაფიქსირებულა აქამდე, როდესაც მიკრობების კულტივირება მათ დედამიწისეულ მინერალებსა და კლდოვან ქონდრიტ მეტეორიტებში მოახდინეს.

ამან შეიძლება მარსზე უძველესი სიცოცხლის ძებნისთვის ფასდაუდებელი მონაცემები მოგვცეს. მავალი „პერსევერანსი“, რომელიც მარსზე წინა კვირაში დაჯდა, კონკრეტულად ასეთ ბიონიშნებს მოძებნის. ახლა მეცნიერებმა უკვე იციან, როგორ გამოიყურება მიკრობ M. sedula-ს კრისტალური დეპოზიტები და შესაძლოა, პოტენციურად მსგავსი ნიშნები „პერსევერანსის“ მიერ აღებულ ნიმუშებში უფრო ადვილად გამოავლინონ.

კვლევა ასევე წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ კვლევებში ნამდვილი მარსული ნიმუშების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მარსის რეგოლითი მრავალჯერ არის სიმულირებული, მაგრამ მარსული მეტეორიტები იშვიათია, მაინც შეგვიძლია, რომ რეალური საგნებით მივიღოთ ფასდაუდებელი ცნობები.

„პერსევერანსის“ მისიის ნაწილია მარსის ქანების ნიმუშების შეგროვება, რომლებსაც შემდეგი მისიები შემდეგ წლებში დედამიწაზე ჩამოიტანს.

„შავი მშვენებისა და სამყაროს სხვა ასეთი მარგალიტების ასტრობიოლოგიური კვლევით შეგვიძლია მივიღოთ შეუფასებელი ცნობები იმ ანალიზებისთვის, რომლებსაც მარსიდან ჩამოტანილ ნიმუშებს ჩავუტარებთ მათი ბიოლოგიური პოტენციალის შეფასებისათვის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვენის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი ტეტიანა მილოევიჩი.

კვლევა ჟურნალ Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია univie.ac.at-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.