დედამიწაზე აღმოაჩინეს ადგილი, სადაც სიცოცხლის განვითარება შეუძლებელია
დედამიწაზე აღმოაჩინეს ადგილი, სადაც სიცოცხლის განვითარება შეუძლებელია

მოსაზრება, რომ სადაც წყალია, იქ სიცოცხლეც არის, ნელ-ნელა ქრება. ახალი კვლევა ამ მოსაზრების სრულიად საწინააღმდეგოს მეტყველებს ან როგორც მინიმუმ, გვაწვდის გარკვეულ ცნობებს, სად შეუძლიათ წყალსა და სიცოცხლეს თანაარსებობა.

ამ საზღვრების საპოვნელად, მეცნიერები დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ და არასტუმართმოყვარე გარემოს ესტუმრნენ — დალოლის გეოთერმულ წყაროებს ეთიოპიის გეოლოგიურ დეპრესიაში.

ეს ჯოჯოხეთური, მლაშე წყლიანი გარემო პლანეტის ყველაზე ცხელ დაუსახლებელ ადგილად მიიჩნევა, მაგრამ მისი უნიკალურობა გაცილებით შორს მიდის, შემხუთველი სიცხის მიღმა არსებულ გარკვეულ მიზეზთა გამო.

დალოლის ლანდშაფტი ხასიათდება ჰიპერმჟავა, ჰიპერმლაშე დანაწევრებული ტბებით, რომლებიც შეფერილია კაშკაშა მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ და ყავისფერ ფერთა პალიტრაში.

შორიდან ის სხვა პლანეტას მოგაგონებთ, მაგრამ მიახლოებას ნამდვილად არ გირჩევთ. ცხელი ტბორები სავსეა ტოქსიკური, გაზოვანი სითხით, რომელიც ეგზოტკური ზედაპირის ქვეშ დამალული ვულკანებიდან ამოდის.

ექსტრემალური გარემოს გამო, დალოლის ზონა დიდხანს აჯადოებდა მეცნიერებს. 2016 წელს მოეწყო პირველი კვლევითი ექსპედიცია, რომლის მიზანიც იყო გაერკვიათ, ცოცხლობს თუ არა რაიმე ამ არამიწიერის მსგავს გარემოში.

„გასაოცარი, მაგრამ სასტიკი გარემოა. სასუნთქ გზებს ქლორის ორთქლი გვწვავდა. Აქ ბინადარი ნებისმიერი მიკროორგანიზმი იქნება ექსტრემოფილი მიკრობი, რომელიც ასტრობიოლოგთა დიდი ინტერესის საგანი გახდება“, — აღნიშნავდა მაშინ ექსპედიციის ხელმძღვანელი, ესპანეთის ასტრობიოლოგიის ცენტრის მკვლევარი ფელიპე გომესი.

ამ ექსპედიციის შედეგები მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. ჯგუფის ცნობით, ცხელ, მჟავა წყაროებში მათ სიცოცხლის არსებობის ნიშნები იპოვეს; საქმე ეხებოდა ნანომეტრის სიგრძის უკიდურესად პატარა მიკროორგანიზმებს.

თუმცა ამჯერად, მეცნიერთა სხვა ჯგუფმა ამ არქეების სავარაუდო აღმოჩენა ეჭვქვეშ დააყენა.

„უარვყოფთ, რომ თითქოს, დალოლის ჰიდროთერმულ ტბორებში სიცოცხლე არსებობს. მოლეკულური და მიკროსკოპული ტექნოლოგიების კომბინირებით, დალოლის ტბორებში მხოლოდ ჰაერის მიერ მიტანილი, ადამიანისეული დამაბინძურებლები აღმოვაჩინეთ“, — დაწერა სამხრეთ პარიზის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა ჟოდი ბელილიამ ივნისში, როცა მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის კონტრარგუმენტებით სავსე, რეცენზირებამდელი შედეგები გამოქვეყნდა.

ჯგუფის უკვე რეზენცირებული კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა ანალიტიკურ მეთოდთა ფართო დიაპაზონით შეისწავლა 2016-2018 წლებში ჩატარებული სამი ექსპედიციისას დალოლის გეოთერმული კომპლექსის ოთხი ზონიდან აღებული ნიმუშები.

მართალია, ამ ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა არქეებზე დაფუძნებული სიცოცხლის მტკიცებულება და ბაქტერიული გენების თანმიმდევრობის მსგავსი სიგნალები, მაგრამ მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ნიშნების უმეტესობა არასწორია.

როგორც ისინი კვლევაში წერენ, მათი უმეტესობა წარმოადგენდა მოლეკულური ბიოლოგიის ხელსაწყოებისა და ლაბორატორიის დამაბინძურებლებს, დანარჩენი კი იყო ადამიანთან დაკავშირებული ბაქტერიები, რომლებიც იქ შორიდან მოხვდა ჰაერით ან ყოველდღიური ტურისტული ვიზიტებისას.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, შედეგები მტკიცედ მიუთითებს, რომ დალოლის ტბორებისა და ტბების სისტემაში ბუნებრივად განვითარებული მიკრობული სიცოცხლე არ აღმოჩნდა.

მეცნიერთა განმარტებით, მათ აღმოაჩინეს ორი უმთავრესი ფიზიკოქიმიური ბარიერი, რომელიც თხევად წყალში სიცოცხლის აღორძინებას ხელს უშლის დედამიწაზე და ალბათ ყველგან მთელ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა სიცოცხლისუნარიანობის ფართოდ მიღებული კრიტერიუმია.

ერთ-ერთი ეს ბარიერია ჭარბი მაგნიუმის მარილწყალი, რაც ქაოსური პროცესების შედეგად იწვევს უჯრედის დაშლას; მეორეა ძლიერი ჰიპერმჟავა-ჰიპერმლაშე კომბინაციის გარკვეული ტოქსიკური დონე, რაც იმაზ მიუთითებს, რომ ერთდროულად ძალიან დაბალი pH და მაღალი მარილიანობა მოლეკულურ ადაპტაციასთან შეთავსებადი არ არის.

რა თქმა უნდა, მტკიცებულებათა არარსებობა სულაც არ ნიშნავს არარსებობას. ის, რომ დალოლის წყლებიდან აღებულ ნიმუშებში მიკრონამარხებზე კომპლექსური სიცოცხლე არ აღმოჩნდა, არ ამტკიცებს, რომ იქ ის საერთოდ არ არსებობს.

თუმცა, იქამდე, ვიდრე უფრო ძლიერი ანალიზები საწინააღმდეგოს დაამტკიცებს, ბელილია და მისი კოლეგები დარწმუნებული არიან, რომ დალოლის სასტიკი გარემო სიცოცხლისათვის შეუთავსებელია.

კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი