დედამიწაზე არსებობს მარსის მსგავსი ადგილი, სადაც მეცნიერებმა სიცოცხლე აღმოაჩინეს
დედამიწაზე არსებობს მარსის მსგავსი ადგილი, სადაც მეცნიერებმა სიცოცხლე აღმოაჩინეს

სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, გაწოლილია წარმოუდგენლად მშრალი, ვრცელი უდაბნო, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ჯოჯოხეთი დედამიწაზე. თუმცა, ეს უდაბნო ასევე ძალიან ჰგავს ჩვენს ერთ-ერთ წითელ სამიზნეს…

ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია. იგი იმდენად უნაყოფო და გვალვიანია, რომ წვიმა შეიძლება ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაშიც კი არ მოვიდეს. ამ არასტუმართმოყვარე ლანდშაფტით დედამიწა და მარსი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ერთი დიდი აღმოჩენა გააკეთეს.

პირველად ისტორიაში, ატაკამის წარმოუდგენლად მშრალ შუაგულში, მკვლევრები მიკრობული სიცოცხლის აღორძინებას დააკვირდნენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს მტვრიანი, პაპანაქება გარემო, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, სინამდვილეში ეკოსისტემაა.

მარსზე სიცოცხლის პოვნის თვალსაზრისით, ეს მოულოდნელი აღმოჩენა შესაძლოა, ყველაფერს ნიშნავდეს.


„ყოველთვის მხიბლავდა ისეთი ადგილების მონახულება, სადაც ვერავინ იფიქრებდა რაიმე ცოცხალის არსებობას. საინტერესოა იმის გარკვევა, რომ ასეთ ადგილებშიც კი, სიცოცხლე მაინც პოულობს თავის გზას“, — ამბობს ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი დირკ შულც-მაკუჩი.

მისი თქმით, თუკი სიცოცხლეს გადარჩენა შეუძლია დედამიწის ყველაზე მშრალ ადგილებში, არაა გამორიცხული, ის მარსზეც ახერხებდეს გადარჩენას.

ატაკამის უდაბნოში მიკრობები პირველად არ აღმოუჩენიათ, მაგრამ წინა კვლევამ დატოვა შესაძლებლობა, რომ ქვიშიან ნიადაგში აღმოჩენილი ნებისმიერი სიცოცხლე „ატმოსფერული პროცესების შედეგად მაინც დაიღუპებოდა“.

ამჯერად მეცნიერებმა იპოვეს ლოკალიზებული, მეტაბოლურად აქტიური მიკრობული საზოგადოება, რომელიც ნიადაგში ყვავის ან უბრალოდ, იქ მოხვდა და გადარჩა.

დირკ შულც-მაკუჩი და მისი კოლეგები ატაკამაში 2015 წელს ჩავიდნენ. სწორედ იმ პერიოდში მოხდა უიშვიათესი მოვლენა — უდაბნოში თავსხმა წვიმა მოვიდა. ამ რეგიონში ნალექი ბოლო 40 წლის განმავლობაში არ მოსულა.

ამ მოულოდნელი ნალექის შემდეგ, უდაბნოს მასშტაბით შვიდი სხვადასხვა ადგილიდან აღებული ნიადაგის ნიმუშებში მკვლევრებმა ბიოლოგიურ აქტივობათა აფეთქება დააფიქსირეს.


2016-1017 წლებში მეცნიერები კვლევისთვის ატაკამაში კვლავ დაბრუნდნენ. თუმცა, წვიმა აღარ მოსულა და სიცოცხლის ნიშნები ნიადაგში გაუჩინარებას იწყებდა.

მიუხედავად ამისა, გენომურმა ტესტებმა და ქიმიურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ სპეციფიკურ ნიადაგებში მიკრობები მაინც ვითარდებოდა.

ეს მტკიცე ბაქტერიული საზოგადოება უდაბნოს ზედაპირიდან რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმეში ყვაოდა, რამაც მკვლევრებს აფიქრებინა, რომ მიკრობები შეიძლება ძალიან დიდხანს ძლებდნენ წვიმიდან წვიმამდე. შუალედებში კი შედიან გარკვეული სახის მეტაბოლურ სტადიაში, რათა გაუძლონ სიმშრალის წარმოუდგენლად დიდ პერიოდებს, სანამ სინესტე კვლავ დაბრუნდება.

„ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა ვინმემ ატაკამის უდაბნოს ნიადაგში სიცოცხლის შეუპოვარი ფორმები იპოვა. გვჯერა, რომ ამ მიკრობულ საზოგადოებებს შეუძლია მიიძინოს ასობით და იქნებ ათასობით წელიც და წვიმის მოსვლისთანავე გამოიღვიძონ იმ გარემოში, როგორსაც ალბათ მარსზე თუ ნახავთ“, — ამბობს დირკ შულც-მაკუჩი.

მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ რამდენადაც სასტიკი და მკაცრი არ უნდა იყოს ატაკამა, ის მაინც არაა მარსი, რომელიც წარმოუდგენლად მშრალი და ცივია.

თუკი მეცნიერები მარსზე სიცოცხლის პოვნის ახალ იმედს ეძებდნენ, შესაძლოა ახლოს იყვნენ, რადგან წყალს მონატრებული ეს ჩილელი მიკრობები ალბათ ჯერჯერობით ერთადერთია, რომლებიც ბიოლოგიური აქტივობით ყველაზე მეტად უნდა ჰგავდნენ წითელი პლანეტის თანამოძმეებს, თუკი ისინი საერთოდ არსებობენ.

„ვიცით, რომ მარსის ნიადაგში არსებობს გაყინული წყალი; ბოლო კვლევები მიუთითებს ღამის თოვასა და ზედაპირზე მიმდინარე სხვა დამატენიანებელ პროცესებზეც. თუკი წარსულში მარსზე სიცოცხლე ოდესმე აღმოცენდა, ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ის დღევანდელი სუპერმშრალი ზედაპირის ქვეშ უნდა ვეძებოთ“, — აღნიშნავს ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი დირკ შულც-მაკუჩი.

კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

 


მომზადებულია news.wsu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი