ვრცელი მდინარეების კვალი, რომლებიც შორეულ წარსულში მარსზე მიედინებოდა - ახალი ფოტოები
ვრცელი მდინარეების კვალი, რომლებიც შორეულ წარსულში მარსზე მიედინებოდა - ახალი ფოტოები

მილიარდობით წლის წინ, მარსი გაცილებით თბილი და ტენიანი ადგილი იყო, ვიდრე დღესაა. იყო თუ არა იქ სიცოცხლე, ეს ჯერ არავინ იცის.

თუმცა, სულ უფრო იზრდება იმის მტკიცებულებათა ოდენობა, რომ მარსს შესაძლოა, წარსულში სიცოცხლისათვის საჭირო ყველა პირობა ჰქონდა, მათ შორის, მდინარის ხეობის სულ მცირე ერთი სისტემა.

წლებია, მარსის ორბიტაზე მოძრაობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი „მარს ექსპრეს ორბიტერი“. მის მირ გადაღებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს მდინარის ხეობათა სისტემა. ეს რეგიონი მდებარეობს მარსის სამხრეთ მაღალმთიანეთში. მისგან აღმოსავლეთით არის ფართო, კარგად ცნობილი მარსული კრატერი ჰიუგენსი, ჩრდილოეთით კი ელადის მინდორი. ელადა უდიდესი დარტყმითი აუზია წითელ პლანეტაზე.

კრატერებით გამორჩეული ეს რეგიონი ერთ-ერთი უძველესია მარსის ზედაპირზე. მისი ასაკი 3,5-4 მილიარდ წელს შორის მერყეობს.

მდინარის ხეობის ამ სახის მორფოლოგიას „დენდრიტულს“ უწოდებენ, ანუ ის ხესავით დატოტვილია.

ფოტოებზე საკმაოდ კარგად ჩანს, როგორ იტოტება ხეობა პატარ-პატარა შენაკადებად, რომლებიც შემდეგ კიდევ იტოტება.

სურათების ტოპოგრაფიიდან ჩანს, რომ წყალი მარჯვენა მაღლობიდან მარცხენა დაბლობისკენ მიედინებოდა. მდინარე სავარაუდოდ მილიარდობით წლის წინ ჩქეფდა და დღეს შემორჩენილია მხოლოდ მისი ეროდირებული ნაშთები. ხეობის გლუვი და ფრაგმენტირებული რკალები ეროზიის საუკეთესო მტკიცებულებაა.

მარსის მდინარის ხეობის სისტემა საოცრად ჰგავს დედამიწის მდინარეთა სისტემებს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მდინარე იარლუნგ-ცანგპო ტიბეტში, რომელიც ზუსტად მარსის ხეობების მსგავსად არის დატოტილი.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს პრეს-რელიზის მიხედვით, მარსის არხები დიდი ალბათობით წარმოქმნილია მდინარეთა ძლიერი ნაკადების მიერ. მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეეტანა ძლიერ ატმოსფერულ ნალექებსაც. დინებებს უნდა ამოეჭრა მარსის რელიეფი და შეექმნა სრულიად ახალი ლანდშაფტი.

მიუხედავად იმისა, როგორ მოხვდა წყალი იქ, აშკარაა, რომ ზედაპირზე წყლის ნაკადები მიედინებოდა. ამჟამინდელი მისიები აქტიურად სწავლობენ მარსსა და მის წყლიან წარსულს. მარსის წყალი ცენტრალური საკითხია ამ პლანეტის კვლევაში.

მომავალ წელს, მარსზე გაემგზავრება ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია „ეგზომარსი“, რომლის ფარგლებშიც, მავალი წითელი პლანეტის ზედაპირს გაბურღავს და სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.