ხომალდმა „ინსაითმა“ მარსზე მიწისძვრა დააფიქსირა
ხომალდმა „ინსაითმა“ მარსზე მიწისძვრა დააფიქსირა

ნასას ხომალდმა „ინსაითმა“, რომელიც გასული წლის ბოლოს მარსზე დაჯდა, წითელ პლანეტაზე სეისმური ბიძგები დააფიქსირა.

პირველადი ანალიზების თანახმად, ბიძგები პლანეტის წიაღიდან მოდიოდა და მათზე გავლენა არ ჰქონია ატმოსფერულ მოვლენებს, მაგალითად ქარს. სეისმოლოგები ახლა ბიძგების გამომწვევ მიზეზთა გარკვევას ცდილობენ.

ისევე როგორც დედამიწაზე, ბიძგებს მარსზეც შეუძლია გამოამჟღავნოს დეტალები პლანეტის წიაღის შესახებ. მისია „ინსაითი“ მარსზე გასული წლის ნოემბერში დაჯდა და მისი მიზანი სწორედ მარსის წიაღის შესწავლაა. აღჭურვილია მრავალი ინსტრუმენტით, რომლებმაც უნდა გაზომონ პლანეტის ტემპერატურა, ბრუნვა ღერძის გარშემო და სეისმური აქტივობა.

„ინსაითის“ სეისმური ინსტრუმენტის მიერ შეგროვებული მონაცემები ძირითადად ფონურ ხმაურს მოიცავდა, მაგრამ 6 აპრილს, ხომალდმა ბოლოსდაბოლოს დააფიქსირა ის, რასაც ეძებდა.

ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ფილიპ ლონონეს განცხადებით, ამ სიგნალს ისინი თვეების განმავლობაში ელოდნენ და ძალზე ამაღელვებელია იმის გარკვევა, რომ მარსი სეისმურად კვლავ აქტიურია.

პლანეტის სიღრმიდან წამოსულ სეისმურ ბიძგებს უამრავი ინფორმაცია მოაქვს პლანეტის წიაღის შესახებ, მათ შორის, სეისმოლოგებს შეუძლიათ განსაზღვრონ მისი შემადგენლობაც. თუმცა, 6 აპრილის ბიძგები იმდენად სუსტი იყო, რომ მეცნიერებს არაფერს ეუბნება მარსის წიაღის სტრუქტურის შესახებ, დედამიწაზე კი ეს ბიძგები საერთოდაც დაიკარგებოდა მუდმივ ტექტონიკურ აქტივობებს შორის.

როგორც ეს აღმოჩენა მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსი ტექტონიკურად აქტიურ არ არის, იქ მაინც შეიმჩნევა სეისმური აქტივობა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დააფიქსირებენ უფრო ძლიერ ბიძგებსაც.

6 აპრილის ბიძგები საინტერესოა კიდევ ერთი მიზეზის გამო — ძალიან ჰგავს მთვარეზე დაფიქსირებულ ბიძგებს, რომლებიც იქ 1969-1977 წლებში აპოლოს მისიების მიერ ჩატანილმა სეისმომეტრებმა ჩაიწერეს.

მარსის მსგავსად, ტექტონიკურად აქტიური არც მთვარეა. მისი სეისმური აქტივობის მიზეზია ნელი, ოდნავი შეკუმშვა, რაც წიაღის გაციებით არის გამოწვეული. ეს პროცესი 4,5 მილიარდი წლის წინ, მთვარის გაჩენის დროს დაიწყო. წიაღის შეკუმშვა წარმოქმნის გარე ქერქის დაძაბულობას, რის გამოც ის იბზარება და წარმოქმნის ბიძგებს.

პლანეტურ მეცნიერთა აზრით, იგივე ტიპის პროცესები დგას მარსის ბიძგების უკანაც.

დანარჩენ დეტალებს სხვა ბიძგების დაფიქსირება და მათი ანალიზი გამოავლენს. ამ ეტაპზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „ინსაითის“ სეისმური ინსტრუმენტი მუშაობს და აფიქსირებს უმცირეს ბიძგებსაც კი.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.