ხომალდმა InSight-მა მარსზე პირველი სელფი გადაიღო
ხომალდმა InSight-მა მარსზე პირველი სელფი გადაიღო

NASA-ს ხომალდ InSight-ის კამერა სულაც არ აღმოჩნდა მორცხვი. რობოტულ მკლავზე დამონტაჟებული კამერით ხომალდმა პირველი სელფი გადაიღო — 11 ფოტოსგან შემდგარი მოზაიკა. ვიზუალიზაციის პროცესი იგივეა, რასაც NASA-ს მავალ Curiosity-ს მისია იყენებს — იღებს მრავალ ფოტოს, რომლებისგანაც შემდეგ ერთ სურათს აკეთებენ. InSight-ის სელფიში ჩანს ხომალდის მზის პანელები და კორპუსი, მათ შორის სამეცნიერო ინსტრუმენტებიც.


გარდა ამისა, მისიის ხელმძღვანელებმა პირველად იხილეს InSight-ის დაჯდომის ადგილის სრული ხედი, სადაც მან სამეცნიერო სამუშაოები უნდა შეასრულოს.

უახლოეს კვირებში მეცნიერებსა და ინჟინრებს წინ ელით საკმაოდ რთული პროცესი, რადგან უნდა შეარჩიონ ადგილი ხომალდის მიმდებარედ, სადაც InSight-ი თავის სამეცნიერო ინსტრუმენტებს მოათავსებს.

ამის შემდეგ ისინი ხომალდის რობოტულ მკლავს უბრძანებენ, შერჩეულ ადგილებზე ფრთხილად დადოს სეისმომეტრი და სითბოს ნაკადების მზომავი ზონდი. ორივე მათგანი მიწაზე უნდა განთავსდეს. მეცნიერთა მთავარი მიზანი იქნება, რომ ამ ინსტრუმენტების ქვეშ 1,3 სანტიმეტრზე დიდი ქვა არ აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელსაწყოები მონაცემებს სათანადოდ ვერ შეაგროვებენ.

NASA-მ InSight-ი შეგნებულად დასვა მარსის რეგიონ ელიზიუმ-პლანიტიაში, სადაც ქვები შედარებით ნაკლებადაა. დაჯდომის ადგილი ამ მხრივ იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მისიის ხელმძღვანელობა ვარაუდობდა. როგორც ჩანს, ეს არის ქვებისგან თითქმის სრულიად თავისუფალი ჩაღრმავება, რომელიც ერთ დროს მეტეორის დაცემით წარმოიქმნა, შემდეგ კი ქვიშით ამოივსო. ეს კი ხომალდის ინსტრუმენტებს მუშაობას საკმაოდ გაუადვილებს. სითბოს მზომავმა ზონდმა მარსის ქანები 5 მეტრის სიღრმეზე უნდა გაბურღოს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.