SARS-ი — როგორ გაქრა 2002 წელს ჩინეთიდან გავრცელებული კიდევ ერთი კორონავირუსი
SARS-ი — როგორ გაქრა 2002 წელს ჩინეთიდან გავრცელებული კიდევ ერთი კორონავირუსი

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19 გლობალურ პანდემიად იქცა, ბევრს გაახსენდა კიდევ ერთი კორონავირუსული დაავადება SARS-ი (მწვავე რესპირატორული სინდრომი), რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში ასევე ჩინეთიდან გავრცელდა, თუმცა მალევე გაქრა. რა მოხდა მაშინ? როგორ გავრცელდა SARS-ი და სად გაუჩინარდა? შეიძლება თუ არა, რომ რაიმე გვასწავლოს დღეს, ახალი კორონავირუსული დაავადების შემთხვევაში?

2002 წლის ნოემბერში, სამხრეთ ჩინეთში უჩვეულო პნევმონიის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცნაური დაავადება მსოფლიო2 24 ქვეყანაში გავრცელდა. სულ დაინფიცირდა 8098 ადამიანი, 774 კი გარდაიცვალა.

დაახლოებით ათი წლის შემდეგ, SARS-ის მსგავსი დაავადება ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდა (MERS), რომლის შეჩერებაც სულ მალე მოხერხდა.

SARS-ის შესახებ

მწვავე რესპირატორული სინდრომი, იგივე SARS-ი, გამოწვეულია ვირუსების ტიპით, რომლებსაც კორონავირუსებს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსებით ადამიანთა უმეტესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ინფიცირდება, სწორედ ამ ვირუსთა ერთ-ერთი ტიპი იწვევს ჩვეულებრივ გაციებასაც. კორონავირუსებით ინფიცირდებიან ცხოველებიც. მართალია, უმეტესი მათგანი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ახლოს დაკავშირებულ სახეობას აინფიცირებს ერთდროულად, მაგრამ SARS-მა დააინფიცირა როგორც ადამიანები, ისე ცხოველები, მათ შორის მაიმუნები, კატები, ძაღლები და მღრღნელები.

2013 წელს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე სანდო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ SARS-ი ჩინური ცხვირნალისებრი ღამურებისგან გავრცელდა. მეცნიერთა აზრით, დიდი ალბათობით, ვირუსი ადამიანებს პირდაპირ ღამურებიდან გადაედო.

ამის შემდეგ, SARS-ი სწრაფად გავრცელდა ადამიანებს შორის, ერთმანეთთან ახლო კონტაქტის შედეგად, ძირითადად რესპირატორული წვეთებით, რომლებიც წარმოიქმნება ლაპარაკის, ხველებისა და ცემინების დროს.

SARS-ის სიმპტომები ადამიანებში თავს იჩენდა ორგანიზმში შესვლიდან 2-7 დღეში და ხასიათდებოდა მაღალი სიცხით და გრიპის მსგავსი სიმპტომებით, მათ შორის თავის ტკივილით, ფაღარათით და ზოგადი ტკივილის შეგრძნებით. ყველაზე უარეს შემთხვევებში, ვირუსი იწვევდა პნევმონიას და სხვა სერიოზულ რესპირატორულ დაავადებებს.

2003 წლის ივლისის ბოლოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-ის ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა. მას შემდეგ, დაფიქსირდა SARS-ის ინფექციის მხოლოდ ცხრა შემთხვევა. 2013 წელს, Journal of Infectious Diseases-მა დაასკვნა, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, SARS- სრულიად გაქრა.

ჩნდება კითხვა — სად წავიდა SARS-ია? მოკლე პასუხი ის არის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ მიღებული ზომები ეფექტიანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის ნოემბრიდან 2003 წლის ივლისამდე დაავადებამ 774 ადამიანი იმსხვერპლა, შემთხვევათა დაფიქსირებამ, იზოლაციამ, კარანტინმა თუ კონტაქტების მოძიებამ, გადადების ჯაჭვი გაწყვიტა.

შეიძლება ითქვას, რომ SARS-ისგან ძალიან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ დღეს, როდესაც მსოფლიოში კიდევ ერთი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის პანდემიაა. ასეც ხდება. დაავადების გამოჩენიდან 20 თვის თავზე, მეცნიერებს მზად ჰქონდათ მისი საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის გამოყენებაც საჭირო აღარ გახდა, რადგან ინფექცია უკვე გამქრალი იყო. ამ ვაქცინაზე გაწეული მუშაობა მეცნიერებს დღეს წარმოუდგენლად ეხმარება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეკორდული სისწრაფით მუშაობაში.

რა იწვევს ვირუსის გავრცელებას

ადამიანებში ახალი ვირუსების გამოჩენა ძირითადად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის არის ადამიანთა ქცევა, გარემოს ცვლილება, ისევე როგორც ვირუსების უცაბედი ცვლილებები, ანუ მუტაციები.

გადარჩენისა და გამრავლებისთვის ვირუსს მასპინძელი ორგანიზმი სჭირდება. მას შემდეგ, რაც მასპინძელში შედის, ვირუსი უჯრედებში უშვებს თავის გენეტიკურ მასალას. ეს გენეტიკური მასალა ძირითადად ჩაწერილია დნმ-სა და რნმ-ში და შეიცავს ინსტრუქციებს, თუ როგორ წარმოიქმნას უფრო მეტი ვირუსი, რომელიც შემდეგ მასპინძლის ორგანიზმში ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ანტისხეულები, რომლებიც ინფექციას ებრძვიან და ხელახლა ინფიცირებისგან გვიცავენ, ვირუსებს აქვთ ცვლილებისა და განვითარების უნარი, რისი წყალობითაც გადარჩენას ახერხებენ.

ვირუსები, რომლებიც საკუთარი თავის რეპროდუქციისთვის დნმ-ს იყენებენ, მუტაციას უფრო ნელა განიცდიან, რადგან ეს პროცესი მოითხოვს კოპირებული გენეტიკური მასალის კორექტირებას. შესაბამისად, დნმ ვირუსები ძალიან არ იცვლება. თუმცა, მათგან განსხვავებით, რნმ ვირუსები კორექტირების პროცესს ახტებიან და შედეგად, გენეტიკური ინფორმაციის კოპირების დროს დაშვებული შეცდომები, ანუ მუტაციები, უფრო ხშირად ხდება. SARS-ი რნმ ვირუსების მაგალითი იყო, ასეთია ახალი კორონავირუსიც.

ცხოველების ვირუსებს შეუძლიათ მუტაცია და ადამიანების დაინფიცირება. Მიჩნეულია, რომ გარდა SARS-ისა და COVID-19-ისა, ერთ დროს მხოლოდ ცხოველებში არსებული ვირუსებით არის გამოწვეული სხვა რამდენიმე პანდემიაც, მათ შორის აივ/შიდსი და ფრინველის გრიპი.

MERS-ი

MERS-ი 2012 წლის სექტემბერში საუდის არაბეთში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ისიც კორონავირუსით იყო გამოწვეული, მათთვის დამახასიათებელ ზოგად სიმპტომებთან (სიცხე, ხველება) ერთად, MERS-ი ასევე იწვევდა თირკმლების უკმარისობას. Განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობდა სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

2015 წლამდე MERS-ი 21 ქვეყანაშ გავრცელდა, 2017 წლის მონაცემებით კი ფიქსირდებოდა ინფიცირების 2000 შემთხვევა და დაახლოებით 600 გარდაცვალების ფაქტი. დაავადების სიკვდილიანობის მაჩენებელი საკმაოდ მაღალია, 30 პროცენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, MERS-CoV ვირუსსმა ეპიდემია მომავალშიც შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ შეტანილი აქვს გადაუდებელი კვლევების სიაში.

მომზადებულია everydayhealth.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი