ციმბირის გაყინულ ნიადაგში ამჟამად გადაშენებული, 30 000 წლის წინანდელი მღვიმის დათვი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ციმბირის გაყინულ ნიადაგში ამჟამად გადაშენებული, 30 000 წლის წინანდელი მღვიმის დათვი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

არქტიკული წრის მაღლა მდებარეობს ახალი ციმბირის კუნძულების ჯგუფი, სადაც სპილოს ძვლით მოვაჭრეები და მეცნიერები ყინვაში მამაცურად ეძებენ ამჟამად დნობად, გაყინულ ნიადაგებში შენახულ გადაშენებულ ცხოველებს.

ახლახან, ამ კუნძულების სამხრეთ ჯგუფზე, ლიახოვსკის კუნძულებზე, მათ უპრეცედენტო რამეს მიაგნეს — ბრწყინვალედ შემონახულ ზრდასრულ მღვიმის დათვს, რომლის ცხვირი, კბილები და შინაგანი ორგანოები ჯერ ისევ ხელუხლებელია.

მეცნიერთა აზრით, ეს მღვიმის დათვი 22 000 – 39 500 წლის წინ მოკვდა. მისი სახეობა, Ursus spelaeus-ი უკანასკნელი გამყინვარების ხანაში ბინადრობდა, 15 000 წლის წინ კი გადაშენდა.

ნეშტი პირველად ჩრდილოეთის ირმების მწყემსებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც ამის შესახებ იაკუტსკის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევრებს აცნობეს.

„ეს გახლავთ ამ სახის პირველი და ერთადერთი აღმოჩენა — მთლიანი დათვის გვამი რბილი ქსოვილებით“, — ამბობს უნივერსიტეტის მკვლევარი ლენა გრიგორიევა.

ამ დრომდე მეცნიერებს აღმოჩენილი ჰქონდათ მხოლოდ მღვიმის დათვის ჩონჩხები, მთლიანად ხელუხლებელი ეგზზემპლარი კი არასოდეს ენახათ.

მღვიმის დათვები მაშინ ბინადრობდნენ, როცა ევროპისა და აზიის უმეტესი ნაწილი მყინვარებით იყო დაფარული. ლანდშაფტს მამონტებთან, ხმალკბილა კატებთან და მიწის გიგანტურ ზარმაცებთან იყოფდნენ.

ეს ქმნილებები უზარმაზარი იყვნენ — მამრები ერთ ტონამდე იწონიდნენ, ანუ თანამედროვე უდიდეს დათვებზე დაახლოებით 230 კგ-ით მეტს.

გრეგიროევასა და მისი კოლეგების განცხადებით, აღმოჩენილი დათვის ასაკი ამ ეტაპზე მხოლოდ სავარაუდოა, იქამდე, ვიდრე ზუსტ ასაკს ნახშირბადული დათარიღება დაადგენს. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ნეშტის დეტალურ კვლევებსა და გენეტიკურ ანალიზებსაც ჩაატარებენ.

ცოტა ხნის წინ , რუსეთში, იაკუტიაში აღმოაჩინეს მღვიმის დათვის ბელის ნეშტიც. მეცნიერები ამ ორი ცხოველის დნმ-ის შედარებას გეგმავენ.

პლანეტის გათბობასთან ერთად, დნობას იწყებს ციმბირის მრავალწლოვანი მზრალობა, ანუ ნიადაგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. დნობასთან ერთად კი, გამოჩენას იწყებს ათობით ათასი წლის განმავლობაში მასში ჩაყინული, გამყინვარების ხანის ცხოველთა ნეშტები.

ლიახოვსკის კუნძულებზე, სადაც დათვის გვამი აღმოაჩინეს, ნაპოვნია ბოლო გამყინვარების ხანის ბეწვიანი მამონტის ნაშთებიც.

შარშან, იაკუტიის ერთ-ერთი მდინარის პირას მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი მგლის თავი, რომელიც მთლიანად ბეწვით არის დაფარული, აქვს კბილები, თავის ტვინი და სახის ქსოვილები.

იაკუტიის გაყინულ ნიადაგებში აღმოჩენილ სხვა არსებათა ნეშტებს შორის არის გადაშენებული მღვიმის ლომის ორი ბოკვერი და 42 000 წლის წინანდელი კვიცი, 18 000 წლის წინანდელი ლეკვი.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, ალბათ კიდევ მეტ ასეთ აღმოჩენას უნდა ველოდოთ.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.