გაყინული ნიადაგების დნობა ათავისუფლებს უძველეს ვირუსებსა და ნახშირბადს — მეცნიერები გვაფრთხილებენ
გაყინული ნიადაგების დნობა ათავისუფლებს უძველეს ვირუსებსა და ნახშირბადს — მეცნიერები გვაფრთხილებენ

არქტიკის მრავალწლოვანი მზრალობის, ანუ გაყინული ნიადაგის დნობა ნამდვილი საათის მექანიზმიანი ბომბია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობასა და გარემოს, ამავე დროს, სარისკოა გლობალური დათბობის აჩქარების მხრივაც. რუსეთში აცხადებენ, რომ სწორედ ეს გახდა ცოტა ხნის წინ არქტიკის მდინარეში 21 000 ტონა დიზელის საწვავის ჩაღვრის მიზეზიც.

რა არის მრავალწლოვანი მზრალობა?

მრავალწლოვანი მზრალობა, ანუ გაყინული ნიადაგი ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გვხვდება, სადაც ის ყინულისგან თავისუფალი ხმელეთის დაახლოებით მეოთხედს მოიცავს და როგორც წესი, ათასობით წლის წინ არის გაყინული.

მოიცავს ფართო სარტყელს არქტიკულ წრესა და ტაიგას შორის, ივრცობა ალასკაზე, კანადასა და რუსეთში.

გაყინული ნიადაგის სიღრმე რამდენიმე მეტრიდან ასეულობით მეტრამდე მერყეობს. მასში ჩაჭედილია დაახლოებით 1,7 ტრილიონი ტონა ნახშირბადი, ძირითადად გაყინული ორგანული მასალების სახით, რომლებიც გახრწნილი მცენარეულობისა და დიდი ხნის წინ მკვდარ ცხოველთა ნარჩენებია; დროთა განმავლობაში ისინი დანალექებში ჩაიმარხნენ და ყინულით დაიფარნენ.

მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგები დედამიწის ატმოსფეროზე დაახლოებით ორჯერ მეტ ნახშირბადს შეიცავს, ძირითადად მეთანისა და CO2-ის სახით.

გლობალური დათბობის დაჩქარება

როდესაც მრავალწლოვანი მზრალობა ლხვება, მისი შემადგენლები თბება და იშლება, რის გამოც მასში არსებული ნახშირბადი ნახშირორჟანგისა (CO2) და მეთანის სახით გამოიყოფა; ამ აირებს კი სათბურის გათბობის ეფექტი აქვთ პლანეტაზე.

შესაბამისად, სათბურის აირების გამოყოფა დედამიწის გათბობას კიდევ უფრო აჩქარებს.

გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის 2019 წლის სექტემბრის მოხსენების მიხედვით, ნახშირბადის გამონაბოლქვის ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, 2100 წლისთვის მრავალწლოვანი მზრალობა შეიძლება, მთლიანად გადნეს, რასაც მოჰყვება სათბურის აირების ნამდვილი ბომბი.

გაყინული ვირუსები?

მრავალწლოვანი მზრალობის გალხობა ასევე საფრთხის შემცველია იმ მხრივაც, რომ ამ დროს თავისუფლდება ყინულში ჩაჭედილი, დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები.

ზოგიერთი ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა.

2016 წელს, ციმბირის უკიდურეს ჩრდილოეთში ჯილეხით (ციმბირის წყლული) ერთი ბავშვი დაიღუპა. მეცნიერთა განცხადებით, მისი გამომწვევი ბაქტერია წამოსული იყო 70 წლის წინ დახოცილი ირმებიდან, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ყინულებში იყვნენ ჩამარხული.

ყინულიდან გამოთავისუფლებული ჯილეხის ბაქტერია როგორც ჩანს, საძოვრად გასულ ნახირს გადაედო.

მეცნიერები ასევე შიშობენ, რომ გლობალური დათბობის შედეგად შეიძლება გამოთავისუფლდეს გაყინულ ნიადაგში ჩამარხული სხვა მიძინებული პათოგენებიც, მაგალითად, ყვავილი ძველი სამარხებიდან.

2014 წელს, მეცნიერებმა გააცოცხლეს გიგანტური, მაგრამ უსაფრთხო ვირუსი Pithovirus sibericum-ი, რომელიც ციმბირის გაყინულ ნიადაგებში 30 000 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ჩაჭედილი.

მრავალწლოვანი მზრალობის დნობა შეიძლება სასარგებლო იყოს ნავთობისა და სხვა მოპოვებითი მრწეველობებისთვის, რადგან ადვილად მისწვდებიან მანამდე ძნელად მოსაპოვებელ არქიტუკლ მარაგებს. თუმცა, ამ წიაღისეულის მოპოვებისას საჭიროა ნიადაგის ყველაზე ღრმა, მესამე ფენამდე ჩასვლა და მეცნიერები შიშობენ, რომ შეიძლება გაიღვიძოს ძველმა ვირუსებმა.

მრავალწლოვანი მზრალობის დნობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ინფრასტრუქტურისთვისაც, წარმოქმნის მეწყერების საშიშროებას, აზიანებს შენობებს, გზებსა და ნავთობსადენებს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი