ჩინეთმა მთვარეზე დასვა ხომალდი, რომელიც ქანების ნიმუშებს შეაგროვებს და დედამიწაზე ჩამოიტანს — #1tvმეცნიერება
ჩინეთმა მთვარეზე დასვა ხომალდი, რომელიც ქანების ნიმუშებს შეაგროვებს და დედამიწაზე ჩამოიტანს — #1tvმეცნიერება

ჩინეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, რობოტული კოსმოსური ხომალდი Chang’e-5 მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაჯდა. ზონდი ორი დღის განმავლობაში შეაგროვებს მთვარის ქანების ნიმუშებს, რომლებსაც შემდეგ დედამიწაზე ჩამოიტანს. მთვარის ნიმუშები ჩვენს პლანეტაზე 1976 წლის შემდეგ აღარავის ჩამოუტანია.

ხომალდი Chang’e-5 ჩინეთის მესამე წარმატებული უპილოტო დაშვებაა მთვარეზე 2013 წლის შემდეგ, როდესაც ჩინეთმა, პირველად თავის ისტორიაში, იქ ხომალდი Chang’e-3 და მავალი Yutu დასვა. 2019 წელს, პირველად მსოფლიოს ისტორიაში, მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს დაჯდა ჩინეთის ხომალდი Chang’e-4. უახლოეს ათწლეულში აზიური სახელმწიფო Chang’e-ს პროგრამის ფარგლებში მთვარეზე სულ მცირე კიდევ სამი ხომალდის დასმას გეგმავს, 2030-იან წლებში კი კი ბაზის მშენებლობას აპირებს.

Chang’e-5 ჩინეთმა 26 ნოემბერს, კუნძულ ჰაინანიდან გაუშვა. როგორც წესი, მისი კოსმოსური პროგრამა დიდწილად გასაიდუმლოებულია. გაშვებისა და ორბიტაზე გასვლის მომენტებს სახელმწიფო მაუწყებლები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

მთვარეზე ოპერაციისა და დედამიწაზე დაბრუნების წარმატების შემთხვევაში, ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდება, რომელმაც დედამიწაზე მთვარის ქანების ნიმუშები ჩამოიტანა. პირველად ეს NASA-ს ასტრონავტებმა შეძლებს „აპოლოს“ მისიების ფარგლებში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის „ლუნას“ პროგრამის ფარგლებში გაშვებულმა ხომალდებმა; მათ შორის ბოლო გახლდათ „ლუნა 24“ 1976 წელს. ამ ნიმუშებმა უდიდესი წვლილი შეიტანა მზის სისტემის ევოლუციის შესწავლაში და პლანეტური მეცნიერები ახალ ნიმუშებს დღემდე მოულოდნელად ელოდებიან.

მას შემდეგ, რაც Chang’e-5 მთვარის ორბიტაზე გავიდა, ორად გაიყო: სტატიკურ ხომალდად, რომელიც ახლა ზედაპირზე დაჯდა და ორბიტაზე დარჩენილ ხომალდად, რომელიც ახლა მის დაბრუნებას ელოდება. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, 28 ნოემბერს ხომალდი მთვარის ელიფსურ ორბიტაზე გავიდა, 29 ნოემბერს კი თითქმის წრიულ ორბიტაზე. 30 ნოემბერს შესრულებულმა დამატებითმა მანევრებმა ხომალდი ზედაპირზე ჩაშვებისთვის მოამზადა.

ხომალდი რიუმკერის პიკზე დაეშვა, მთვარის ჩვენკენ მოქცეული მხარის ვულკანურ ვაკეზე, რომლის ასაკიც დაახლოებით 1,2 მილიარდი წელია. შესაბამისად, ის გაცილებით ახალია, ვიდრე „აპოლოსა“ და „ლუნას“ მისიების მიერ შესწავლილი ადგილები, რომლებიც სამი მილიარდი წლისაა.

მთვარის ერთი დღის განმავლობაში, რაც დედამიწის 14 დღეს უდრის, ხომალდი ქანებს გაბურღავს და ნიმუშებს აიღებს. ის ისეა შექმნილი, რომ მთვარის ღამეს ვერ გადაურჩება.

სტატიკური ხომალდი Chang’e-5 ასევე შეიცავს პატარა რაკეტას, რომელიც მზის ჩასვლამდე აფრინდება და თან წაიღებს მთვარის ქანების ნიმუშებს. ამის შემდეგ, ის ორბიტაზე დარჩენილ ხომალდს (ორბიტერს) შეხვდება, მიუერთდება და დედამიწისკენ გამოემართებიან. გზაში ის ნიმიშებს ორბიტერს გადასცემს.

კაფსულა, რომელშიც ნიმუშები იქნება მოთავსებული, დეკემბერის შუა რიცხვებში ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში პარაშუტით დაეშვება.

მთვარის ქანების საფუძველზე მეცნიერები შეძლებენ უკეთ შეაფასონ მზის სისტემის პლანეტების, მთვარეებისა და ასტეროიდების ზედაპირის გეოლოგიურ წარმონაქმნთა ასაკი.

ამ ნიმუშებით მეცნიერებმა ასევე შეიძლება შეამოწმონ ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია წარსულში ვულკანიზმი, რომელიც იმ რეგიონში შეიმჩნევა, სადაც Chang’e-5 დაჯდა.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.